სმა იზოლაციაში

მალხაზ ხარბედია

დადგა დრო, როცა „სხვა“ ადგილი, „სხვა“ სივრცე აღარ არსებობს. ვეღარსად გაიქცევი, გაქცევაზე ნატვრაც კი სასაცილოდ ჟღერს. დრო, როცა ტელეარხებმა მარსის კოლონიზაციის შესახებ დოკუმენტურ ფილმებს მოუხშირეს. როცა მსოფლიო ატლასი (Google Maps და ა.შ.) პირველად გადაფურცლე ბერ-მონაზვნური გულგრილობით. როცა აცნობიერებ სახლში ყოფნის სიმყუდროვესაც და რაც მთავარია, რისკს. გაგიჟების რისკს. სიმყუდროვე დაყუდებიდან მოდის, ალბათ, სულხან საბასთან – „მოცალედ ყოფნა“. რა თქმა უნდა, ძლიერი რელიგიური დატვირთვაც აქვს ამ ცნებას, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ, მაინც მოცალეობაა, გაშეშება, აზრით, ფიქრით რაღაცაზე მიშტერება. არა უსაქმურობა, არამედ მარტოობის განცხრომა.

ახლა ბევრი ცდილობს, ეს განცხრომა შეირგოს. ცდილობენ, შიში სიამოვნებად აქციონ, ჩაბნელებულ ფიქრებს კი მსუბუქი ან ძლიერი თრობით ანათებენ. მერე რა, რომ ალკოჰოლი დეპრესანტია.

ზემოთ ხსენებული რისკების შესანელებლად ბევრმა ღვინოს/სასმელს მიაკითხა. კლასიკური მოცალეობა ისედაც ღვინიანი და ზარხოშიანი იყო საქართველოში და ახლა მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო ამ „ეროვნულ“ საქმეში. ისეთებმაც დაიწყეს სმა, ვისაც ათასში ერთხელ ახსენდებოდა ალკოჰოლის არსებობა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ უკვე მარტოს გიწევს სმა. წარმოიდგინეთ განდეგილი, რომელიც სულ წრუპავს. არადა ღვინო და სასმელი ჩვენთან ხომ ხალხმრავლობასთან, სუფრასთან, მრავალხმიანობასთანაა დაკავშირებული. ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება, სიყვარულის ახსნები, სიმღერა, ხმაური. აქ კი რა ხდება? გეგონება, საკუთარ თავს ეთამაშები ჭადრაკს, ოღონდ, ფიგურების ნაცვლად ღვინის ჭიქები ან პატარა ბოთლაკებია ჩამწკრივებული, როგორც გრემ გრინის რომანში, „ჩვენი კაცი ჰავანაში“.

ამ ქვეყანაში ხომ ერთად სმა გვიყვარს. თითქმის ყოველთვის ვუჭახუნებთ ჭიქებს, ეს კი სიმბოლურად ნიშნავს, რომ ერთი ჭიქიდან მეორე ჭიქაში უნდა გადაიქცეს ღვინო, ურთიერთზიარება მოხდეს. დამტკიცდეს, რომ არ ვთაკილობთ ერთმანეთს. ვსვამთ განსხვავებულებს, ყველანი ერთი სასმისიდან, ხანდახან წყვილი სასმისითაც. ორ გუნდად ვიყოფით. ვსვამთ ვახტანგურებს, შემდეგ ვკოცნით ერთმანეთს. ზოგადად, სიმთვრალეში ბევრს ვიკოცნებით. ახლა კი იძულებულნი ვართ, მარტო ვსვათ, კოცნების გარეშე.

ღვინის სამკურნალო თვისებების შესახებ კარგად მოგვეხსენება. ჩვენს ქვეყანაში, ასევე, სხვა ღვინის ქვეყნებში დაბადებული ადამიანების წინაპრები ხშირად, თურმე, საერთოდ არ სვამდნენ სუფთა წყალს, მხოლოდ ღვინონარევს. სხვა რამეებსაც ურევდნენ, მაგრამ ღვინო ყველაზე ადვილი გზა იყო. ბევრისთვის ეს სამკურნალო თვისებები მითია, ბევრისთვის კვლევისა და ექსპერიმენტების საგანი, სხვები თავს იტყუებენ, თუმცა მძიმე პერიოდში, როგორც ვხედავთ, ხალხმა სასმელისკენ გაიხედა. აქ სმა და ლოთობა ყოველთვის იყო, თუმცა ახლა აშკარად გამოჩნდა მასშტაბი, რადგან ისეთმა ფხიზელმა თვალებმა გაიხედეს თრობისკენ, რომ გამოცდილმა მსმელებმა თითებიც კი გაატკაცუნეს სიამოვნებისგან. არსებობდა ასეთი ქალაქური ტერმინი – „უშიარი“, ფხიზელი, ღვინოგამოლეული. გრიშაშვილთან შეგხვდებათ. ბოლო 1 თვის განმავლობაში ასეთი „უშიარი“ ხალხი სანთლით საძებარი გახდა.

დავუბრუნდეთ მარტო, იზოლაციაში სმას. გნებავთ, კარანტინის ლოთობები დაარქვით. ამის ნამდვილი დიდოსტატები არსებობდნენ და არსებობენ საქართველოში, მიუხედავად ჩვენი კულტურული ტიპისა და ხალხმრავალ ნადიმებთან დაკავშირებული უზარმაზარი მემკვიდრეობისა. კი, ისინი ხშირად თანამებრძოლსაც ეძებენ, მაგრამ მარტოც შეუძლიათ, სვან. სრულიად მარტო. ყველამ თქვენ თვითონ გაიხსენეთ მეგობრები, ახლობლები, ვინც ასე, მარტო ეპარება და ეპარებოდა სასმელს. მე, რა თქმა უნდა, არავის დავასახელებ, არ დავარღვევ მათ მარტოობას, იზოლაციას. ბევრი აღარცაა ამ ქვეყანაზე.   როცა მარტო მსმელებს ვამბობ, პირველ რიგში რამდენიმე მწერალი, მხატვარი, ფილოსოფოსი, მუსიკოსი მახსენდება. თქვენც გაგახსენდებათ, ალბათ. მახსენდება ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, სიტუაციონისტის, გი დებორის სიტყვები: „გაცილებით ნაკლები დავწერე, ვიდრე მწერალთა უმრავლესობამ, მაგრამ გაცილებით მეტი მაქვს დალეული, ვიდრე ლოთების უმრავლესობას“. ასეთი მაგალითი ბევრი ვიცით ლიტერატურის ისტორიიდან, მაგრამ კენტად მსმელებიდან, ჩაღრმავების გარეშე, უცებ, სულ რამდენიმე მახსენდება. პირველ რიგში ჯოისი, შემდეგ ბეკეტი და ოდენი. ამერიკელების ძირითად ჯგუფზე არ გადავალ. იქ ნამდვილი მორევი დაგვხვდება, სადაც ედგარ პო, უილიამ ფოლკნერი და სხვები მარჯვედ უსვამენ ნიჩბებს ალკოჰოლის ოკეანეში.

სემუელ ბეკეტი წმინდა ლოთი არ იყო, როგორც იოზეფ როტის იმ მოთხრობაშია, მაგრამ მარტო სმაში მაგარი გამოდგა. ყველაზე ხშირად ვისკის სვამდა, ასევე ჯინს და ლუდს. ახალგაზრდობაში გემოვნებით დიკენსის გმირივით იყო, თუმცა საფრანგეთმა ღვინოებსაც მიაჩვია. რამდენიმე დასახელების ღვინო გამორჩეულად უყვარდა. სულ წრუპავდა, განსაკუთრებით დაძაბულ პერიოდებში. ბეკეტი კი სულ დაძაბული და აშლილი, აფორიაქებული იყო. ბოლოს, მოხუცი ბეკეტის დღე ასე ჩამოყალიბდა – ლუდი სამხარზე, ერთი ან ორი სირჩა ვისკი შუადღეს ან სადილამდე, სადილზე თეთრი ბოჟოლე. უისტან ჰიუ ოდენივით დაუღალავი მსმელი არ ყოფილა, მაგრამ სმა უყვარდა. სტუმრებს ყოველთვის ჩამოჰქონდათ მისთვის ირლანდიური ვისკები და იმდენი დაუგროვდა, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო, რამდენიც არ უნდა ეფორიაქა, ვერასდროს დაცლიდა.

ახლა ოდენი ვნახოთ. ისიც მარტოობაში სმის ოსტატი იყო. როგორც წესი, დილაობით მუშაობდა, დღის მეორე ნახევარში კი მაგრად სვამდა, პირველ რიგში ჯინის და ვერმუტის კოქტეილს ურტყამდა. ძალიან მათრობელა რამეა, გამისინჯავს. მერე წითელ ღვინოს აყოლებდა. გადადიოდა მარტინიზე, დაძინებამდეც ჩაარტყამდა ცოტას და ერთ ჭიქა არაყს თავთან იდგამდა, თურმე, ყოველი შემთხვევისთვის. ერთმა ავტორმა მისი სხვანაირი განრიგიც აღწერა, თუმცა აქ უკვე სტრავინსკი ჰყავდა ოდენს სტუმრად – ვახშმამდე ლუდი მისცა, ვახშმისას ერთი ბოთლი შამპანური გამოცალა, შემდეგ კი ხერესის ბოთლს წააძრო თავი.

სხვათა შორის, როცა მარტოხელა ლოთ მწერლებზე ვლაპარაკობთ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც ჩანს, ეს მარტოობა არაერთხელ დაირღვა, რადგანაც ასე დეტალურად ვიცით მათი ამბები. სხვისი იზოლაციის დამრღვევს რა დალევს!

ალფრედ ჟარიც მაგრად სვამდა. ერთ-ერთ მოგონებაშია: „ჟარის დღე 2 ლიტრი თეთრი ღვინით იწყებოდა. შემდეგ, დაახლოებით დილის 10 საათსა და შუადღეს შორის, მცირე შესვენებებით, სვამდა სამ ჭიქა აბსენტს. სადილზე თევზს ან ხორცს თეთრ ან წითელ ღვინოს აყოლებდა. დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯან ყავას სვამდა კონიაკთან ან ლიქიორებთან ერთად, რომელთა სახელები მე არ მახსოვს, ვახშამზე კი, აურაცხელი აპერიტივის შემდეგ, შეეძლო, კიდევ 2 ბოთლი ღვინო დაელია, მნიშვნელობა არ ჰქონდა, კარგი თუ ცუდი. ამის მიუხედავად, ძალიან მთვრალი მე ის არასდროს მინახავს, ერთი შემთხვევის გარდა. მაშინ მას თავისივე რევოლვერი დავუმიზნე და იგი მომენტალურად გამოფხიზლდა”. აქ აბსენტი ახსენა მთხრობელმა. ჟარი აბსენტომანი იყო. ხოდა, ამ სასმელით დავამთავრებ იზოლაციაში სმის თემას. მით უმეტეს, რომ აბსენტს საფრანგეთის ცხელ კოლონიებში ხშირად სამკურნალო ფუნქციები ეკისრებოდა სხვადასხვა ვირუსის წინააღმდეგ.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ საფრანგეთიდან ქართულ მოდერნისტულ კულტურაშიც შემოაღწია აბსენტმა. პაოლო იაშვილს აქვს ერთი ლექსი, ვერლენზეა და აბსენტი აქაც მარტო, კენტად, „იზოლაციაში“ სმას უკავშირდება.

„და როცა დარჩა უნუგეშო, ცოდვილი, კენტი,

ხარობდა მხოლოდ ცაზე ობლად დარჩენილ ღრუბლით,

ეხარბებოდა სიმთვრალეში მხოლოდ აბსენტი

და სიფხიზლეში იტანჯოდა მახინჯი შუბლით.“

შეიძლება ითქვას, რომ აბსენტი (ანუ აბზინდა) ციდან ჩამოვარდა, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი კორონა ვირუსი დაგვატყდა თავს. იოანეს გამოცხადებაში, აბზინდა ვარსკვლავია, რომელიც ზეცას მოსწყდება და დედამიწის წყლებს გაამწარებს (თავად აბსენტიც ხომ მწარეა?!): „და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა. და სახელი ვარსკულავისა მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთა აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს“.

აბზინდა ნახსენებია ძველ აღთქმაშიც, თუმცა ყველაზე მეტი ინტერპრეტატორი მაინც აპოკალიფსისის ზემოთ დამოწმებულ ორ მუხლს ჰყავდა. ბევრმა იგი ჰუნებისა და ატილას თავდასხმის წინასწარმეტყველებად მიიჩნია, სხვებმა მწარე ვარსკვლავში პირველი მწვალებელი არიოზი იგულისხმა. იყვნენ ისეთებიც, ვინც იმპერატორ კონსტანტინეს, პელაგიუსსა და ორიგენესაც კი ხედავდა „აფსინთის“ მიღმა. ყველაზე საინტერესოა ვერსია, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიას უკავშირდება (1986). საქმე ისაა, რომ რუსულად და უკრაინულად, აბზინდა чернобыльник ყოფილა და „ეგზეგეტიკოსებმა“ ვერ გაუძლეს ცდუნებას და თანამედროვეობის ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა განჭვრიტეს იოანეს სიტყვებში. არსებობს სხვა ფსევდოსამეცნიერო ახსნებიც, თუმცა აპოკალიფსისის ამ სიტყვების განმარტებას დოსტოევსკის „იდიოტის“ ერთი პერსონაჟის, ლებედევის სიტყვებით დავამთავრებ, ვინაც მიიჩნევდა, რომ „„Звезда Полынь“, в Апокалипсисе, павшая на землю на источники вод, есть, сеть железных дорог, раскинувшаяся по Европе“. აი, სადამდე მოვედით! სადამდე დაეცა ჩვენი პანდემიური ლოგიკა და ჰერმენევტიკა, რომ რკინიგზას ვებღაუჭებით, თითქოს ჩვენი დროის თვითმფრინავებზე იყოს საუბარი, კორონას გავრცელების მთავარ საშუალებაზე. იმ დროში, ალბათ, მატარებლებით გავრცელდებოდა ეს ვირუსი.

ზემოთ გი დებორი, სიტუაციონისტები და ანარქისტები ვახსენე და 50-იანი წლების ერთ ანეკდოტსაც გავიხსენებ. სწორედ ამ წლებში საფრანგეთში დაიწყო მოძრაობა „ერის გაჯანსაღება“, რომელთაც ქუჩაში პლაკატები გამოაკრეს, წარწერით, „ალკოჰოლი ნელ-ნელა კლავს“, რაზეც ოპოზიციური ავანგარდული ჯგუფის წევრებმა მიაწერეს: „ჩვენ კი არსად გვეჩქარება“. არადა ჩვენ გვეჩქარება, გვინდა, რაც შეიძლება მალე გაიაროს ამ პერიოდმა, გამოვეფინოთ მზეზე, შევხვდეთ ერთმანეთს. გვეჩქარება, რადგან სიკვდილის გარდა სხვა რამეებისაც გვეშინია. მწვანე ფერია (აბსენტის მეტსახელია) ხომ სიგიჟესა და ხილვებთანაცაა დაკავშირებული. ისმის კითხვა: ჩვენც ხომ არ გავგიჟდებით?

ამას წინად ვიხუმრე თომას მანის კილოზე: „გავგიჟდეთ, ოღონდ ზომიერად!“. ახლა კი დავაზუსტებ: უზომოდ გაგიჟება მერე უფრო გამოგვადგება.