სოციალური ინოვაციების იდეები, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა – კონკურსისთვის აპლიკაციების მიღება გრძელდება

რეკლამა

ანიდაბანი“ ასე ჰქვია მობილურ აპლიკაციას, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის შესწავლაში დაეხმარება. აპლიკაციის შექმნის იდეის ავტორი გვანცა სიხარულიძეა. „ანიდაბანი“ შარშან სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

„განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდებს შორის ყოველთვის მაინტერესებდა და ბევრი პროექტიც მაქვს განხორციელებული სტუდენტებსა და მოსწავლეებს შორის ფინანსური წიგნიერებისა და სამეწარმეო განათლების გავრცელების მიმართულებით“, – ამბობს გვანცა სიხარულიძე და გვიყვება, რომ ფინანსებისა და აუდიტის სფეროში 10-წლიანი გამოცდილება აქვს, 2020 წლიდან სწავლობს გერმანიაში ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიყვება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის ბარიერის დაძლევა სტუდენტისთვის, რაც გახდა კიდეც მისთვის აპლიკაციის შექმნის იდეის მოტივი.

ამბობს, რომ, როცა გერმანიაში ჩავიდა გერმანული ენის არცოდნის გამო მრავალი დაბრკოლებისა და სირთულის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა გადალახვაც იოლი არ იყო:

„გერმანია დიდ ფინანსურ რესურსს დებს, რომ საერთაშორისო სტუდენტებმა ენის ბარიერის დაძლევა და ინტეგრაცია დროის უმოკლეს მონაკვეთში შევძლოთ. როცა გავაცნობიერე, რამდენ დაბრკოლებასთან შეჭიდება უწევთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, გადავწყვიტე, კონკურსზე წარსადგენად მათ საჭიროებაზე მორგებული ქართული ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის შექმნის იდეა ამერჩია.“

გვანცა ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორზე – ენის ბარიერზე და როგორც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ წინა ათწლეულში სახელმწიფოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებში ქართული ენის შესწავლის სურვილი გააძლიერა, მათთვის ენის ბარიერი კვლავ მთავარ წინაღობად რჩება ინტეგრაციის გზაზე.

„ყოველწლიურად 4000-მდე ეთნიკურად არაქართველი ახალგაზრდა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, თუმცა უნივერსიტეტს მხოლოდ 15% ამთავრებს. ეთნიკურად არაქართველი სტუდენტები მთავარ წინააღმდეგობად სასწავლო რესურსის სიმწირეს ასახელებენ. ისინი მხოლოდ ქართული ენის შემსწავლელი ერთი წიგნით სწავლობენ და დამხმარე ინტერნეტრესურსების ნაკლებობის შევსებას ისურვებდნენ. შესაბამისად, ჩემს მოტივს ამ პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზა – ქართული ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის „ანიდაბანის“ შექმნა წარმოადგენდა.“

როგორ მუშაობს აპლიკაცია?

როგორც გვანცა გვიყვება, აპლიკაციის კონტენტზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, თეა თალაკვაძე და ივლიტა ლობჟანიძე მუშაობენ.  მათ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობისა და ახალგაზრდებისთვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

აპლიკაცია „ანიდაბანი“ მორგებული იქნება საქართველოს ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალაქეების საჭიროებებზე. კერძოდ, ენის სწავლებისთვის საჭირო თეორიული ნაწილი მშობლიურ ენაზე მიეწოდებათ. „ანიდაბანი“ აღჭურვილი იქნება ენის ცოდნის ოთხივე უნარის – კითხვითი, სმენითი, წერითი, მეტყველების – განვითარებისთვის საჭირო სავარჯიშოებით. კონტენტი მორგებული იქნება ყოველდღიურ მეტყველებაში გამოყენებული სიტყვების, სიტუაციებისთვის საჭირო სიტყვათა მარაგის სწავლებაზე. აპლიკაციით მოცული იქნება ენის ცოდნის ყველა დონე A1-დან C1-ის ჩათვლით.

„დღესდღეობით მთელ მსოფლიოში მობილური აპლიკაციები ენის შესწავლის ერთ-ერთ გავრცელებულ და მოსახერხებელ საშუალებას წარმოადგენს. აპლიკაცია „ანიდაბანის“ ეთნიკურ უმცირესობებზე მორგებული კონტენტი, თეორიული ბაზისის მშობლიურ ენაზე მიწოდება და მრავალფეროვანი სავარჯიშოები ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესწავლას სასიამოვნოს გახდის და შედარებით გააადვილებს.

ამ სოციალური ინიციატივის გრძელვადიან შედეგად ეთნიკური უმცირესობების მიერ ქართული ენის ცოდნის გაზრდილი დონე, შესაბამისად მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის თვითიზოლაციის, დანარჩენი საქართველოსგან გაუცხოების დაძლევა და ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ყოფაში ჩართვა მესახება“, – ამბობს გვანცა.

ამჟამად აპლიკაცია „ანიდაბანი“ დეველოპმენტის ეტაპზეა და 2021 წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი Apple Store-სა და Play Store-ზე. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მომდევნო წლიდან შეძლებენ, ქართული ენის ცოდნა სწორედ აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით გაიღრმაონ.

რა მიზანი აქვს სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსს

სოციალური ინოვაციების იდეების კონკურსი წარმოადგენს სოციალური ინოვაციების პლატფორმის ერთ-ერთი კომპონენტს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამეწარმეო იდეების წახალისებასა და განვითარებას, საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ.

კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და საკონკურსო იდეების წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით. თავის მხრივ, აღნიშნული იდეები უნდა უკავშირდებოდეს სოციალურ საკითხებს, იყოს მდგრადი და გავლენის მქონე პრობლემების გადაჭრაზე. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: განათლება; სიღარიბის დაძლევა; ადგილობრივი თემის გაძლიერება; გარემოს დაცვა.

კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის, ვისაც აქვს სურვილი, იმუშაოს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და აქვს იდეები  ცვლილებებისთვის.

შარშან სოციალური ინოვაციების კონკურსში გამოვლინდა 5 გამარჯვებული იდეა, რომელთა ავტორებმაც იდეის რეალიზებისთვის 30 000 ლარი მიიღეს.

სოციალური ინოვაციების პლატფორმა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ინიციატივაა, რომელსაც მხარს უჭერს ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასია.

უფრო დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ, შესაძლებელია გაეცნოთ ბმულზე.