განათლების სამინისტროს მესვეურები პანდემიის დროს განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის გაწეული ძალისხმევის შეფასებისას ყოველთვის გამოყოფენ პროექტ „ტელესკოლას“.
თავის ყველა გამოსვლაში მინისტრი ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს პროექტი შეუცვლელია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინტერნეტსა და ონლაინსწავლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის მომზადებულ მიმართვაშიც მინისტრმა გაიმეორა, რომ „ტელესკოლა“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბურჯი, რომლის საშუალებითაც მაქსიმალურად შეინარჩუნეს სწავლაზე ხელმისაწვდომობა და მეტიც – აღნიშნული პროექტით განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა.
როგორი პროდუქტია „ტელესკოლა“ და რამდენად შესაძლებელია ის აგვარებდეს განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას მათთვის, ვისაც პანდემიის დროს არ ჰქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი. ამ საკითხების გარშემო „პუბლიკა“ განათლების მკვლევარს, სიმონ ჯანაშიას, რევაზ აფხაზავას და მასწავლებელს, გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა.
ჩვენს რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ პროდუქტი, რომელსაც ეს პროექტი ქმნის, რიგ შემთხვევებში გამოირჩევა ხარისხით და დამხმარე მასალაა სწავლების პროცესში პედაგოგებისთვის, თუმცა იმ მოსაზრებას, რომ პროექტით პანდემიის დროს განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა, სკეპტიკურად აფასებენ.
„ტელესკოლა“ არის დამხმარე რესურსი და ის ვერაფრით ჩაანაცვლებს გაკვეთილებს. როგორც დამხმარე რესურსი კარგია, მაგრამ სახელმწიფო როგორც კი იწყებს საუბარს, რომ ეს არის სწავლის ალტერნატივა, არასერიოზულად ჟღერს და აზიანებს თავად „ტელესკოლის“ პროექტსაც. რადგან ტელესკოლას თუ შევაფასებთ როგორც სწავლის ალტერნატივას და არა როგორც დამხმარე რესურსს, მაშინ ის ბევრ პირობას ვერ დააკმაყოფილებს. მაგალითად, მოსწავლეთა კუკავშირს, შეფასებას და ა.შ.“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.
რა არის „ტელესკოლა“ და რა ვიცით პროექტის შესახებ?
„ტელესკოლა“ პირველ არხთან ერთად ხორციელდება. საეთერო ბადე – გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ყველა ტელეგაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. პროექტს 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები დაემატა.
განათლების სამინისტრომ 2020 წლის ივლისში პარლამენტს 2020 წლის ბოლომდე პროექტ „ტელესკოლის“ გაგრძელებისთვის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი მოსთხოვა.
უწყების ცნობით, „ტელესკოლისთვის“ 30 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით 404.2 ათასი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი პერიოდისთვის კი, განათლების სამინისტროს განმარტებით, 2020 წლის ბოლომდე 800 ათას ლარია საჭირო.
შეფასებები
განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ „ტელესკოლის“ შეფასება მრავალი კუთხით შეიძლება: მაგალითად, რამდენად პასუხობს ის იმ მიზნებს, რომლებისთვისაც შეიქმნა; რამდენად შედეგიანია ის; რა ხარისხის პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და სხვ.
„იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ონლაინ დისტანციურ სწავლებაში ჩაერთონ, შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსგავსი პროდუქტი. მეორე მხრივ, მხოლოდ მეტი შესაძლებლობის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ შესაძლებლობას აქტიურად გამოიყენებენ. „ტელესკოლის“, ისევე როგორც სწავლის სხვა საშუალებების გამოსაყენებლად მოსწავლეებს სჭირდებათ წახალისების მექანიზმები. „ტელესკოლა“ არის რესურსი, ისევე როგორც სახელმძღვანელო, რომელსაც მოსწავლე ნაკლები ალბათობით გამოიყენებს და თუ მაინც გამოიყენებს, ეს იქნება მოსწავლე, რომელსაც სხვა არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საგანმანათლებლო სისტემისგან. ამიტომაც მგონია, რომ „ტელესკოლის“ წარმატება შეიძლება სათუო იყოს იმ პირობებში, როდესაც სკოლების ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს არ აქვთ მკაფიო მითითება, როგორ გამოიყენონ ეს რესურსი მათი მოსწავლეების საგანმანათლებლო წინსვლისთვის“, – ამბობს სიმონ ჯანაშია და დასძენს, რომ პროექტის ხარჯთეფექტიანობის შეფასებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გვეცოდინება, რამდენი დაიხარჯა ამ პროექტზე, რამდენი ბენეფიციარისთვის შეიქმნა ის და რამდენი მომხმარებელი ჰყავს სინამდვილეში.
მისივე თქმით, „ტელესკოლა“, როგორც მასწავლებლების ნაწილი ამბობს, სასარგებლო დამატებითი რესურსია დისტანციური ელექტრონული სწავლებისას. მასწავლებლები მოსწავლეებს ავალებენ გადაცემების ნახვას ან დისტანციური გაკვეთილებისას აჩვენებენ მათ ნაწყვეტებს, რაც სიმონ ჯანაშიას აზრით, შეიძლება სასარგებლო იყოს გარკვეული იდეების ვიზუალიზებისთვის, ინფორმაციის მულტიმედიური სახით გავრცელებისთვის, და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ხელს უწყობდეს მოსწავლეების ჩართულობას.
რაც შეეხება „ტელესკოლის“ გადაცემების ხარისხს, მისი თქმით, ხარისხი სხვადასხვა პარამეტრით შეიძლება შეფასდეს – ვიზუალური მხარე, შინაარსი, პედაგოგიური მიდგომები და სხვ.
„პედაგოგიური მიდგომის თვალსაზრისით, „ტელესკოლა“, თუ მას მოსწავლის განათლების ერთადერთ გზად განვიხილავთ, სწავლების ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტურ მიდგომას გულისხმობს: ის ლექციური ტიპისაა და არაინტერაქტიულია. ამგვარი ფორმატები არ არის საუკეთესო გზა მოსწავლეების მოტივირებისთვის ან მათი ცოდნის კონსტრუირებისთვის. მგონია, რომ ამ პროექტში ჩართული ადამიანები უზარმაზარ ძალისმევას ხარჯავენ, ენთუზიაზმითა და მაღალი საგნობრივი ცოდნით გამოირჩევიან. ამის მიუხედავად, „ტელესკოლის“ გადაცემებში ჩანს მრავალი შეცდომა, რასაც მასწავლებლები ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისასაც უშვებენ. მაგალითად, ზოგიერთ გადაცემაში ვხედავთ, რომ მასწავლებლები ასაკისთვის შეუსაბამო ტერმინებს იყენებენ ან ასაკისთვის შეუფერებელი მოცულობის ინფორმაციის გადმოცემას ცდილობენ. მეც, როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ხშირად ვერ ვაცნობიერებდი, რომ მოსწავლეებს შეიძლება, ჩემი აზრით, უმარტივესი კონცეფციები არ ესმოდათ. ამიტომაც, სანამ, მაგალითად, ავუხსნით, რა არის არქეოლოგიური კულტურა, უნდა დავეხმაროთ კულტურის არსის გააზრებაში; სანამ ისეთ ტერმინებს ვასწავლით, როგორიც არის გარემოსთან შეგუება, თავად შეგუება რა არის – ეს უნდა ავუხსნათ. მასწავლებლების ნაწილი ტელესკოლის გადაცემებში ცდილობს, რომ გაჰყვეს სასკოლო სახელმძღვანელოს, რაც ხშირად წაახალისებს კიდეც მოკლე გადაცემაში ზედმეტად დიდი მოცულობის ინფორმაციის ჩატევის სურვილს.“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
„ტელესკოლის“ შესახებ მოსაზრება გაგვიზიარა მასწავლებლის ეროვნული პრიზის მფლობელმა, გიორგი ჭაუჭიძემაც. ის მონაწილეობდა „ტელესკოლის“ გაკვეთილების სცენარების შექმნაში. ამიტომ ამბობს, რომ მისი მოსაზრებები შესაძლოა ტენდენციური იყოს.
მისი თქმით, მას არ უნახავს რაიმე კვლევა, რომელიც „ტელესკოლის“ გაკვეთილების გამოყენების ინტენსიობაზე მოგვცემდა ინფორმაციას, თუმცა ცალკეული შემთხვევები – როგორ აზიარებდნენ მშობლები თავიანთი შვილების პოზიტიურ შთაბეჭდილებებს ცალკეული ტელემასწავლებლების გაკვეთილების შესახებ, უნახავს.
„პირადად მე სასარგებლოდ ვიყენებდი „ტელესკოლის“ პროდუქციას. კერძოდ, ეს იყო ქართული ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის საყვარელი პერსონაჟების ბროზოლისა და ბაჭუთიკის მონაწილეობით. ვუგზავნიდი ხოლმე მოსწავლეებს ელექტრონულად. ისინი მასზე დაფუძნებით კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
შეკითხვაზე – აგვარებს თუ არა ეს პროექტი პანდემიის პირობებში განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას მათთვის, ვისაც არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი? – გვპასუხობს, რომ:
„როდესაც გვეუბნებიან, რომ „ტელესკოლაში“ გარკვეული თანხა დაიხარჯა და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, ჩვენ არ შეგვიძლია ამის გადამოწმება. კაცმა არ იცის, იქნებოდა თუ არა უფრო „ეფექტოვანი“ (ანუ ეფექტურიც და ეფექტიანიც) ამ თანხით სოციალურად დაუცველი მოტივირებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპები რომ გვეყიდა? ან ბიბისის სასწავლო ფილმები გვეთარგმნა? ან საგანმანათლებლო თოქშოუები დაგვეფინანსებინა? ან გამომცემლობებისგან სახელმძღვანელოების პედეეფვერსიები შეგვეძინა და გაგვევრცელებინა (ზოგიერთი გამომცემლობა, მადლობა მათ, ამას ისედაც აკეთებს.)? არ ვიცი, ვერ გეტყვით. და ვეჭვობ, ვინმემ დამარწმუნოს ამაში“, – ამბობს გიორგი ჭაუჭიძე.
„ტელესკოლის“ სასარგებლო მხარეებზე საუბრისას ამბობს, რომ მთელმა საქართველომ განათლების სისტემაში საუკეთესო პროფესიონალები გაიცნო, ასევე შეიქმნა გარკვეული ბანკი, რომლის გამოყენებაც სათანადო ორგანიზების შემთხვევაში მომავალშიც სასარგებლო და მარტივი იქნება. მისივე თქმით, „ტელესკოლამ“ ხელი შეუწყო და მომავალშიც შეუწყობს საგნობრივი (აკადემიური და შინაარსობრივი) დისკუსიების წარმართვას, რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს.
სამინისტროს პოზიცია – რა გააკეთა მან განათლების ხელმისწავდომობისთვის
განათლების სამინისტროდან გამოვითხოვეთ შემდეგი ინფორმაცია: პანდემიის პერიოდში [ონლაინსწავლებზე გადასვლის შემდეგ] საქართველოს მასშტაბით რამდენ მოსწავლეს არ ჰქონდა კომპიუტერი და ინტერნეტი. რაოდენობასთან ერთად უწყებას ვთხოვდით, მოეწოდებინათ ინფორმაცია მის გეოგრაფიულ განაწილებაზე. ასევე ვითხოვეთ, მოეწოდებინა ჩვენთვის ინფორმაცია, რა გააკეთეს ასეთი მოსწავლეების კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველსაყოფად.
სამინისტროდან პასუხი იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებსაც კომპიუტერი და ინტერნეტი არ ჰქონდა, არ მიგვიღია.
უწყებიდან მიღებულ წერილში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია დისტანციური სწავლებისთვის გამოყენებული მეთოდებისა და ღონისძიებების შესახებ.
„როგორც მოგეხსენებათ, დისტანციური სწავლების კიდევ ერთი წარმატებული პროექტია „ტელესკოლა“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პირველი არხთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება შეკითხვას – მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის თაობაზე – გამოგზავნილ პასუხში ერთადერთი მაგალითია მოყვანილი.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთისა და სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლების მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ სასკოლო პროცესისთვის ადაპტირებული სპეციალური მოდელის 137 ერთეული „ჰუავეის” პლანშეტი, რომლებიც კომპანია „გლობალ სელმა“ სამინისტროს მემორანდუმის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცა“.
სავარაუდოდ, რამდენი მოსწავლე დარჩა ონლაინსწავლების მიღმა
ინფორმაცია რამდენ მოსწავლეს არ ჰქონდა ინტერნეტი და კომპიუტერი ონლაინსწავლებისთვის – სამინისტროდან ვერ მივიღეთ, თუმცა გვაქვს ინფორმაცია იმ ბავშვების რაოდენობაზე, რომლებსაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკით, Microsoft-ის პროდუქტებით არ უსარგებლიათ. სტატისტიკური მონაცემი „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან“ „პუბლიკამ“ ივნისში გამოითხოვა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკით, დისტანციური სწავლებისას Microsoft-ის პროდუქტებით დაახლოებით 126 522 მოსწავლესა და 4 404 პედაგოგს არ უსარგებლია. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით მოსწავლეების რაოდენობა საჯარო სკოლებში შეადგენს 528 486-ს, ხოლო მასწავლებლების რაოდენობა – 52 060-ს. სერვისებით (Microsoft 365 (Office 365), Teams, OneDrive-ისა და ელ. ფოსტა) ჯამში 15 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით 47 656-მა მასწავლებელმა და 401 964-მა მოსწავლემ ისარგებლა.