დაახლოებით 126 500 მოსწავლეს დისტანციური სწავლებისას Microsoft-ის პროდუქტებით არ უსარგებლია – emis

სალომე გორგოძე

დისტანციური სწავლებისას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკით, Microsoft-ის პროდუქტებით დაახლოებით 126 522 მოსწავლესა და 4 404 პედაგოგს არ უსარგებლია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასული სასწავლო სემესტრი სკოლებში დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. დისტანციური სწავლება საქართველოს სკოლებში ხორციელდება Microsoft-ის პროდუქტის Teams-ის მეშვეობით.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით მოსწავლეების რაოდენობა საჯარო სკოლებში შეადგენს 528 486-ს, ხოლო მასწავლებლების რაოდენობა – 52 060-ს. სერვისებით (Microsoft 365 (Office 365), Teams, OneDrive-ისა და ელ. ფოსტა) ჯამში 15 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით ისარგებლა 47 656-მა მასწავლებელმა და 401 964-მა მოსწავლემ. 

ცენტრის მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, Teams-ის ჯამური აქტიური მოსწავლეების რაოდენობა, აპრილის მდგომარეობით, შეადგენს 459 295-ს, მაისის მდგომარეობით – 517 042-ს. ხოლო ჯამური აქტიური მასწავლებლების რაოდენობა აპრილის მდგომარეობით შეადგენს  40 017-ს, მაისის მდგომარეობით – 47 043-ს. თუმცა, ცენტრში განმარტევენ, რომ, შესაძლოა ონლაინ სწავლებისთვის გამოიყენებოდეს სხვა პროდუქტებიც.

როგორც ცენტრში განმარტავენ, პლატფორმაზე აბსოლუტურად ყველა მოსწავლე და მასწავლებელია რეგისტრირებული, „აქტიურ მომხმარებლად“ კი მიჩნეულია მასწავლებელი ან მოსწავლე, რომელიც კონკრეტულ დღეს სისტემაში შევიდა და შესაბამისი პროდუქტით (Teams ან სხვა) ისარგებლა, ერთხელ მაინც.

გთავაზობთ ცენტრის მიერ მოწოდებულ Microsoft 365 (Office 365), Teams, OneDrive-ისა და ელ. ფოსტის გამოყენების ყოველდღიურ სტატისტიკას. მასში მოცემულია მასწავლებლებისა და მოსწავლეების საერთო რაოდენობა, რომლებიც 15 მარტიდან 15 ივნისის ჩათვლით, სარგებლობდნენ აღნიშნული სერვისებით (მონაცემები დათვლილია 5-დღიანი შუალედით).