თხრობა და განკურნება

მალხაზ ხარბედია

ბიბლიაში, იობის წიგნის პირველივე თავში შეხვდებით სიტყვებს: “და განვერი მე მარტოჲ და მოვედ თხრობად შენდა” (1.16.). ეს სიტყვები ფორმულასავით იქცა მომდევნო საუკუნეების ლიტერატურისთვის. “მარტო მე გადავრჩი ამბის მომტანადო” – ამბობს მაცნე. ძველ ლიტერატურებში სხვა მაცნეებიც ლაპარაკობენ ასე. ეს სიტყვები ჰერმან მელვილის “მობი დიკის” მთხრობელმა ეპილოგს წარუმძღვარა. თავისი წიგნის უცნაურ, დაუჯერებელ ფინალს, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა, ის, ვისაც უნდა მოეყოლა ეს ამბავი. ისტორიულად და ფორმალურადაც, ლიტერატურა გადარჩენილების ამბებია, განკურნებულების ისტორია. ანდა ისტორია, რომელიც გადაგვარჩენს და განგვკურნავს.

შემდეგ, ახალ დროებაშიც სულ ვხვდებით ამ მოტივს. თუნდაც ჰამლეტი ავიღოთ, რომელიც სიკვდილის წინ ეუბნება ჰორაციოს: “…ჰორაციო, მკვდარი ვარ უკვე; / შენ კი იცოცხლე, რომ იცოცხლოს ჩემმა ამბავმა; / ყველას უამბე, ვინც მოისმენს. <…> ჰორაციო, რა საზარელ სახელს დავტოვებ, / თუ ამ ამბავს მთხრობელიც კი არ ეყოლება! / თუ ოდესმე გყვარებივარ, / სიკვდილის ტკბილი ნეტარება გადაავადე / და ამ სასტიკ სამყაროში გააგრძელე ტკივილით სუნთქვა, / რომ ჩემზე მოყვე” (ლელა სამნიაშვილის თარგმანი).

ჩვენთვის ცნობილი პირველი ტექსტებიდან მოყოლებული (მაგ. “გილგამეშის ეპოსი”) თხრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თავდაპირველი რიტუალური თუ სამსხვერპლო დანიშნულება მოგვიანებით გართობამ შეცვალა, დროის გაყვანამ, შემეცნებამ, ხანაც მკურნალობამ. რომანი, ზოგადად პროზა, როგორსაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ, საკმაოდ გვიან ჩამოყალიბდა. ანტიკურობაში ერთიანი ტერმინიც კი არ არსებობდა ამ ჟანრის, ამბის გადმოცემის ამ ხერხის აღსანიშნავად. იყო ძალიან ბევრი ცნება, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფონის მქონდე. უცებ ჩამოვთვლი, ცოტა გამიძელით, სულ ორი აბზაცია:

მაგ. ერთ-ერთი ასეთი ცნებაა “სასიყვარულო ამბები, მითები” (μύθων ἐρωτικῶν), რომელსაც აქილევს ტატიუსი იყენებს თავის “ლევკიპე და კლიტოფონში”, ლონგუსი ახსენებს γραφή-ს, ანუ ტექსტს, ნაწერს, ჰელიოდორუსი – σύνταγμα–ს (თხზულება, ინგლისურენოვანი მკვლევარები თარგმნიან, როგორც composition). ხარიტონი – σύγγραμμα (ჩანაწერი, თხზულება). ასევე იყენებდნენ ცნებას διήγησις (თხრობა, ამბავი). ლათინური პროზაული ტექსტებს კი ყველაზე ხშირად მიემართებოდა – fabula და sermo (საუბარი, შინაარსი, თხზულება), narratio, ასევე argumentum, რომელსაც რიტორიკაში ჰქონდა ფესვები გადგმული.

Διήγησις–ს სოფისტები ორატორის მიერ წარმოთქმული სიტყვის იმ ნაწილის განსამარტავად იყენებდნენ, უშუალოდ ძირითადი არგუმენტის შემდეგ რომ მოდიოდა, ხოლო რაც შეეხება ტერმინ narratio-ს, ამ სიტყვის ეტიმოლოგიაში თხრობის შემეცნებითი ფუნქცია პირდაპირ ჩანს. ტერმინი “ნარატივი” ლათინურ სიტყვას, gnarus-ს უკავშირდება, რაც “მცოდნეს” ნიშნავს და ამ სიტყვას, თავის მხრივ, ინდოევროპულ ფუძესთან, gno (ცოდნა)-სთან მივყავართ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იგივე ფუძე დევს სიტყვაში “ანაგნორისისი”, რითაც არისტოტელე “გახსნის”, “აღმოჩენის” მომენტს განსაზღვრავდა თავის “პოეტიკაში”. სიტყვა “ნარაცია” (ზეპირი ან წერილობითი ამბავი, ვინმეს მიერ მოთხრობილი) იმ სიტყვათა ოჯახის წევრია, რომელიც მოიცავს ცნებებს: “კონგიტიურს”, “გნოზისს”, “დიაგნოზს”, “გნომონს”, “ფიზიოგნომიას” (ხასიათის განსაზღვრის ხელოვნება სახის ნაკვთების მიხედვით), “ნორმას”. “ნარაციის ცნებაში ფარულადაა მინიშნებული განსჯისა და ინტერპრეტაციის”, ასევე დროითობის იდეები, წერს ჯონ ჰილის მილერი, ცნობილი ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე. ანუ თხრობისას, ადამიანი არამხოლოდ მოვლენათა თანამიმდევრობას იცავს, არამედ ამ მოვლენათა გააზრებასა და ინტერპრეტირებასაც ახდენს.

ეს განსჯის, შემეცნების, რაღაც საიდუმლოს ამოხსნის უნარი თავიდანვე იყო ჩადებული ლიტერატურაში და ამიტომაა, რომ ძნელი ამოცანის ამოსახსნელად ხშირად ლიტერატურას მივმართავთ. ხანდახან ქვეცნობიერადაც კი მოქმედებს ეს მექანიზმი. კორონა ვირუსიც ხომ საიდუმლოა, რომელსაც ვერაფერი გავუგეთ, ვერაფერი მოვუხერხეთ, და ამ დროს ვიწყებთ თხრობისკენ, ამბებისკენ გადახრას, თხრობას კი სინათლე შემოაქვს ჩვენი რეალობის ქაოსში.

ძალიან უჭირთ ახლა მიმდინარე ამბების მოყოლა, ამღვრეულის დაწდომა. ცხელ გულზე ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ხშირად წარსულის პრეცედენტებს ვკითხულობთ, იმ წიგნებთან მივდივართ, რომლებშიც ყველაზე ამომწურავადაა აღწერილი ეპიდემია თუ სხვა უბედურებები. სოფოკლეს “ტრაქინელი ქალების” პროლოგს გაგახსენებთ, როცა დეიანირა ჰერაკლესა და აქელოოსის შერკინების ამბავს აღწერს. ამ ბრძოლაში დეიანირას ბედი უნდა გადაწყდეს, ჰერაკლემ სატრფო  უნდა გამოსტაცოს მონსტრს. დეიანირა ამ ბრძოლის მოწმეა, მაგრამ ამბობს, რომ ვერ შეძლებდა შეტაკების აღწერას, ამბის მოყოლას, რადგან ძალიან შეშინებული იყო. ამბავი კი მხოლოდ უშიშარმა უნდა მოყვეს, ან იმან, ვისაც უკვე გადაუარა შიშმა. თხრობა ამიტომ კათარსისსაც უახლოვდება, ბაძვით განწმენდას. ნაწარმოები ხომ სრულყოფილებას, საბოლოო ფორმას მაშინ აღწევს, როცა იგი იწმინდება, ლექიდან იხსნება, სრულდება. როცა აღმოვაჩენთ, რომ იქ აღარაფრის მიმატება–მოკლება აღარ შეიძლება. ესაა სწორედ ტექსტი და ლიტერატურა, მთელი თავისი თერაპიული სისავსით. ამის გამო მხატვრულ ნაწარმოებს, რომელიც ცხოვრებას ბაძავს, შეუძლია შემეცნებადი გახადოს სიტუაციები, – ძნელად გასაგები რეალურ ცხოვრებაში. ერთი სიტყვით, განწმენდა კომპოზიციის აგებაშიც მდგომარეობს. ესაა თხზვის უმთავრესი დანიშნულება.

ზემოთ წარსულის პრეცედენტები ვახსენე და ძველ დროში მითის გაგება სწორედ პრეცედენტისა და კონკრეტული ამბის (ანუ იმ მოვლენების, რაც მაგ. ტრაგედიის მსვლელობისას ვითარდება სცენაზე) მიმართებათა წესების ცოდნაზეა დამოკიდებული და დრამაშიც, სცენაზე თუ მის მიღმა მიმდინარე მოვლენები მხოლოდ ქოროს მინიშნებათა წყალობით იღებენ დასრულებულ სახეს. ქოროს პრეცედენტთან მივყავართ და იგი თავისი უცნაური ენით ცდილობს ძველი ამბებით ახსნას ის, რაც ახლა ხდება. მაცნე ცხელ–ცხელ ამბავს ჰყვება ტრაგედიაში, ქორო კი მინიშნებებს აკეთებს ადრე მომხდარზე და ასე განმარტავს აწმყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა საკმარისად შეიძლება ანტიკური ლიტერატურის სხვა ჟანრებიდანაც, ფილოსოფიური დიალოგი იქნება ეს თუ რომანი, სადაც აშკარა ხდება თხრობის, როგორც განმარტების ფუნქცია.

ეს განმარტება დიაგნოზივითაა, რომელსაც განკურნება უნდა მოყვეს, და ამბის, თხრობის, მითის, სიმბოლური ენის ასეთ თერაპიულ მნიშვნელობას უძველესი კულტურებსა და ყველაზე პირველყოფილ საზოგადოებებშიც ვხვდებით. საკმარისია თუნდაც კლოდ ლევი–სტროსის “სტრუქტურული ანთროპოლოგიის” ერთი თავი წავიკითხოთ, “სიმბოლოთა ეფექტურობა”, რათა დავრწმუნდეთ ამაში. გარდა ამისა, თანამედროვე მედიცინა, ფსიქოანალიზიდან დაწყებული – ონკოლოგიით დასრულებული, ფართოდ იყენებს თხრობის თერაპიულ, სამკურნალო მიმართულებას.

ამ თემებზე ბევრს წერენ, მეცნიერებიც და რაც მთავარია, თავად მწერლებიც, ამიტომ, როლან ბარტის, ჟერარ ჟენეტის თუ მრავალი სხვა მკვლევარის ფენოვან ნააზრევში რომ არ შევტოპოთ, მხოლოდ ორ წიგნს გაგახსენებთ, ყველაზე პოპულარულებს და ცნობილებს. უმბერტო ეკოს “ექვსი გასეირნება ლიტერატურულ ტყეებში” და მარიო ვარგას ლიოსას “წერილები ახალგაზრდა რომანისტს”.

ეკოსგან ვიგებთ, რომ ლიტერატურული ნაწარმოების კითხვა თამაშში მონაწილეობაა, თამაშში, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, საგანთა უსასრულო მრავალფეროვნებას, ვარიაციებს, აურება მოვლენას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხდება. “კითხულობდე ლიტერატურულ ნაწარმოებს, ნიშნავს მონაწილეობას იღებდე თამაშში, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიაზროთ მოვლენათა უსასრულო მრავალფეროვნება, რომელიც მოხდა, ხდება ან მოხდება რეალურ სამყაროში. ლიტერატურული ტექსტის კითხვისას, ჩვენ გავურბივართ უხერხულობასა და შიშს, რომელიც მაშინ გვეუფლება ხოლმე, როცა ვცდილობთ რაღაც ჭეშმარიტი ვთქვათ გარესამყაროს შესახებ. სწორედ ამაში მდგომარეობს ლიტერატურის მანუგეშებელი ფუნქცია, სწორედ ამიტომ ყვებიან ადამიანები ისტორიებს და ყვებოდნენ მუდამ, უძველესი დროიდან მოყოლებული”.

ლიოსასთან კი ვკითხულობთ, რომ რომანი მით უფრო დამაჯერებელია, რაც უფრო ავტონომიურია, თვითკმარი და დამოუკიდებელი. როცა ნაწარმოებში მისი შინაგანი მექანიზმები მოქმედებს და არა რაღაცა გარე ეფექტები. ავტორი შეიძლება ძალიან გაერთოს, მაგრამ თუკი ეს მექანიზმი არ ირღვევა და კარგად მუშაობს, ყველაფერი შეიძლება დავიჯეროთ, ყველაფერს შეუძლია შვება და გაგება მოგვიტანოს, ყველაზე არეულ წიგნსაც კი. ლიოსას ხულიო კორტასარის მაგალითი მოჰყავს. ბოლო წლებში არგენტინელი მწერალი სიამაყით აღნიშნავდა, რომ “სულ უფრო და უფრო ცუდად წერს”. რას გულისხმობდა ამაში? “იმას, რომ თავისი რომანების ან მოთხრობების ჩანაფიქრის განსახორციელებლად ცდილობდა ისეთი გამომსახველობითი საშუალებები ეპოვა, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო ნაკლებად დაემორჩილებოდა კანონს; იგი ენას ბორკილებს ხსნიდა და უჩვეულო რიტმებს, მოდელებს, ლექსიკას და სხვადასხვა არასწორ რაღაცეებს ახვევდა მას თავს, რათა საბოლოო ჯამში მაქსიმალური დამაჯერებლობით წარმოედგინა პერსონაჟები და მოვლენები, რომლებსაც ავტორი იგონებდა. სინამდვილეში, როცა ცუდად წერას ცდილობდა, კორტასარი ძალიან კარგად წერდა.”

ლიოსას სიტყვებია, როცა წიგნიდან რეალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით, უფრო მწვავედ აღვიქვამთ რეალობის სიმწირესა და სიმწარეს, მანკიერებებს. დიადი გამონაგონებიდან, დიდი ლიტერატურიდან ჩვენ გავიგეთ, რომ რეალური ცხოვრება გაცილებით უფერული და მოსაწყენია, ვიდრე მწერლის მიერ გამოგონილი თუ მართული ცხოვრება. კარგი ლიტერატურა სწორედ ამ უკმაყოფილებას ბადებს და მას ხშირად ამბოხებამდეც მივყავართ, შეურიგებლობამდე.

როგორც ხედავთ, აღარ გვრჩება დრო და ადგილი ყველა მაგარი მთხრობელის ჩამოსათვლელად და დასახასიათებლად – ავტორი იქნება ეს, ავტორი–პერსონაჟი თუ კიდე სხვა ვინმე. ამიტომ რამდენიმეს გავიხსენებ. მაგალითად, ჰერმან მელვილს, რომელიც “მობი დიკის” დასასრულს სასწაულით გადაარჩენს ისმაილს. ასეთები სხვაგანაც ხშირად გვხვდება, მაგალითად, თუნდაც ედგარ პოს “მალსტრემში დანთქმა” ავიღოთ, ან “არტურ გორდონ პიმის ამბავი”. აქედან კი ხელის გაწვდენაზეა ის აურება ნაწარმოები, რომლის საფუძველიც შემთხვევით ან ძიების შედეგად ნაპოვნი ხელნაწერი გახდა. ასეთ წიგნებს სხვა დროს მივხედოთ.

ჰენრი ფილდინგი ავიღოთ, მისი “ტომ ჯონსი”, პირველივე გვერდიდან რომ გვიპყრობს, როცა თავისი წიგნის სანადიმო კერძების ჩამოთვლას იწყებს. ეს უზარმაზარი რომანი ორგვერდიანი გასტრონომიული შესავლით იწყება. იგი ამბობს, რომ მოშიებულ მკითხველს, ცარიელ კუჭზე ჯერ აუცილებლად მარტივი, უბრალო კერძი უნდა შესთავაზოს, და ისეთი ადამიანების შესახებ გვიყვება, როგორებიც მხოლოდ სოფელში გვხვდებიან. შემდე დახვეწილ ფრანგულ და იტალიურ საკმაზს გვპირდება, გარყვნილებისა და თვალთმაქცობის სანელებლებს, რაიც სამეფო კარზე ან დიდ ქალაქებში მზადდება მხოლოდ.

მთხრობელი დარწმუნებულია, რომ ასეთი შეხამება მკითხველში უსასრულოდ კითხვის მადას გააღვიძებს. თან წინასწარ გვაფრთხილებს, რომ შიგადაშიგ აუცილებლად გადაუხვევს ამბიდან და აღწერებისთვის და განსჯებისთვისაც დახარჯავს სიტყვას.

ბავშვობაში, ჩვენ, როგორც წესი, უფრო ამბავი გვიზიდავს. ხოლო აღწერები, განსჯები, ფიქრები ნაკლებად გვაინტერესებს, არადა ახლა, როდესაც ძველ რომანებს ვკითხულობ, ის პირველყოფილი ცნობიერების ნაკადები უფრო მიტაცებს, ვიდრე მოქმედება. ჰენრი ფილდინგის “ტომ ჯონსი” სწორედ ასეთი ნაწარმოებია. ძალზე უშუალო, გაშინაურებული მთხრობელით, რომელიც ბევრ რამეს გვითანხმებს, ხან ფრთხილად, ხანაც თამამად მიგვიძღვება ისტორიებში და მუდმივად კონტაქტზეა, მთელი წიგნის მანძილზე.

“გივი შადურიც” გადმოვიღე თაროდან. იგი ალბათ მიხეილ ჯავახიშვილის საუკეთესო მთხრობელია, “კვაჭი კვაჭანტირაძის” ავტორ–მთხრობელთან ერთად. გივი შადური – ნაკაცარი, თხემით ფეხამდე შეცდომებისგან და კახური ღვინისგან ნაკეთები. მთხრობელი, ვინც “მოთხრობის წესს” ღალატობს და დასასრულიდან იწყებს ამბავს.

“თუ მოამბე ოსტატობს, მკვდრებიც კი წამოიწევენ მოსასმენად”. ეს სიტყვები შადურის დევიზია და ამის გარდა კიდევ ბევრ რამეს ამბობს იგი შესავალ თავებში მთხრობელის ოსტატობის გამო: “ზღაპარი, ამბები, წიგნი, ნარდი და დომინო საპატიმროში ბოღმის საუკეთესო დამფანტველია, ვინც ვერ აჰყვება და გაითიშება, სჯობია თავი ჩამოიხრჩოს, თორემ სევდის ჟანგი შესჭამს განდეგილს”.

“სილანს! ვიწყებ”. იტყვის შადური და ყვება გრძელ ამბავს, ჩახვეულს თუ ისარივით გასროლილს, ელვასავით მოგონებებს, ტკბილ და მწარე წუთებს. ყველაფერს კი არ ჰყვება, არამედ იმას, რაც აუცილებლობით და ალბათობით დაეტევა მის ენაწყლიან ამბავში: “უკეთუ თვალი შენი მხატვრული – მარჯვენე ანუ მარცხენე – გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან. რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რათა წარსწყმდეს ერთი სტრიქონი შენთაგანი, ვიდრე ყოველი ნაწერი შენი შთავრდობად გეენიასა”.

თხრობასა და მთხრობელებზე საუბარს რა თქმა უნდა “ათას ერთი ღამე” უნდა აგვირგვინებდეს და რეალური თუ გამოგონილი ისტორიიიდან ამოსული ყველაზე დიადი მთხობელი, შაჰრაზადი უნდა გავიხსენოთ, ვინც ამბის მოყოლით იხანგრძლივებდა სიცოცხლეს. ბორხესს აქვს კრებული, “შვიდი საღამო” (1980), სადაც ერთ–ერთი ესე/საღამო “ათას ერთ ღამეს” ეძღვნება.

რატომ ათას ერთი? კითხულობს ბორხესი და იქვე ამბობს, რომ თურმე ცრურწმენის მიხედვით ლუწი რიცხვები უბედურების მომტანი ყოფილა, ამიტომ კიდევ ერთი ღამე დაამატეს და ათას ერთი მიიღეს. ამ ლოგიკით შეეძლოთ ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტი ღამეც ყოფილიყო, მაგრამ ეს უკმარისობის გრძნობას გააჩენდა, ყველა მიხვდებოდა, რომ ათასამდე ერთი ღამე აკლია, ათას ერთით კი თითქოს უსასრულობაში გავდივართ.

ესაა წიგნი, სადაც მოვლენათა თანმიმდევრულობას აზრი აღარ აქვს, როცა ჩნდება ამ უსასრულო ღამეებში დაკარგვის, გაქრობის სურვილი, როცა გავიწყდება შენი უბადრუკი ცხოვრება, რეალური უბედურებები, განსაცდელები, რისკები, ბედისწერა, ღალატი და სიბრიყვეები, გულგრილობა თუ ეჭვები.

ბორხესი შეგვახსენებს, რომ ღამის მეზღაპრეებით დაიწყო ათას ერთი ღამის ისტორია. რომელთა პროფესიაც ღამე ზღაპრების თქმა იყო. მას ერთი ძველი სპარსული ტექსტი მოჰყავს, საიდანაც ვიგებთ, რომ პირველი, ვინც ასეთი ღამის მთხრობელები შემოიკრიბა უძილობასთან საბრძოლველად, ალექსანდრე მაკედონელი იყო. ედუარდ უილიამ ლეინი, ინგლისელი ორიენტალისტი და “ათას ერთი ღამის” მთარგმნელი, თავის წიგნში, “თანამედროვე ეგვიპტელების მანერები და წეს–ჩვეულებები”, წერს, რომ ეს ტრადიცია ეგვიპტეში დიდხანს არსებობდა და რომ 1850 წელს ქაიროში 50–მდე იყვნენ ასეთები.

ელიას კანეტიმ თავის “მარაკეშის ხმებში”, სადაც მე–20 საუკუნის 50–იანი წლების მარაკეშს აღწერს, ერთ–ერთ საუკეთესო თავს “მთხრობელები და მწერლები” უწოდა და ასე დაიწყო: “ყველაზე მეტი ხალხი მთხრობელების გარშემო იკრიბება. სწორედ აქ დგებიან ადამიანები ყველაზე მჭიდრო და უცვლელ წრეებად. ამბავი დიდხანს გრძელდება, შიდა წრე მიწაზე ჯდება და არც თუ მცირე დროით. ფეხზე დარჩენილები გარეთა წრეს ქმნიან, თითქმის გაუნძრევლად დგანან და მთხრობელის სიტყვებსა და ჟესტებს მონუსხულივით ეჯაჭვებიან. ხანდახან ორი მთხრობელია, ერთმანეთს ენაცვლებიან. მათი სიტყვები სადღაც შორიდან მოდის და ჰაერში უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე უბრალო ადამიანების ნათქვამი. მათი ენა არ მესმოდა, მაგრამ მაინც, როგორც კი მთხრობელის ირგვლივ შეკრებილ ხალხს თვალს მოვკრავდი, მაშინვე შორიახლოს ვჩერდებოდი მოჯადოებული” (ეკატერინე რაისნერისა და ნატალია ნადირაშვილის თარგმანი).

ავტორს არც ერთი სიტყვა არ ესმის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის ამ ამბებს, მაგრამ მაინც გულისყურით უსმენს, ხვდება, როგორი ძვირფასია ეს სიტყვები მთქმელისთვის, როგორ ამაყობს იგი ამ სიტყვებით, თავისი მონათხრობით. როგორ რიტმულად ალაგებს სიტყვებს, რა ზუსტად ესმის პაუზის ფასი და რა ოსტატურად ფლობს ამ პაუზის შემდეგ ძლიერი და ამაღლებული სიტყვებით თამაშის ტექნიკას. აქ რიტმი ძალზე მნიშვნელოვანია, ეს კი ცალკე საუბრის თემაა, მასაც თხრობასავით თერაპიული და შემეცნებითი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს. ძველი ბერძნული და ლათინური პოეზია (და არამხოლოდ ისინი, არამედ ყველა რიტმულად გამოკვეთილი ლიტერატურული ნაწარმოები, ნებისმიერ ენაში) თავისი სიმწყობრით ხომ განსაკუთრებულ მისიასაც ასრულებდა. მხოლოდ ერთ ამბავს მოვყვები. ადრე ტომას ტრანსტრომერზე დავწერე წერილი, დიდ შვედ პოეტზე და მაშინ შემხვდა მის ერთ–ერთ ტექსტში ეს დეტალი. იგი კლასიკურ სალექსო საზომებზე საუბრობდა, ძველ ბერძნულ და ლათინურ მეტრიკაზე და სკოლის პერიოდს იხსენებდა, თუ როგორ სკანდირებდა მათი მკაცრი მასწავლებელი ბოკენი ჰორაციუსის სტრიქონებს, შემდეგ კი წვალებითა და ჯახირ–ჯახირით ათარგმნინებდა მოსწავლეებს ამ სრულყოფილი რიტმით გაწყობილ ტაეპებს, როგორ ჩამოჰქონდათ დედამიწაზე ეს მანათობელი რომაული ლექსი, ყოველდღიურობაში ურევდნენ, რეალობაში ავრცელებდნენ და აზავებდნენ, “მაგრამ შემდეგ წუთს, შემდეგი სტროფით გვიბრუნდებოდა ისევ ჰორაციუსი ლათინურ ენაზე, განსაცვიფრებლად ზუსტი ლექსით. ამ მონაცვლეობამ, ერთი მხრივ მსხვრევადს, ყოველდღიურსა და მეორე მხრივ, მოქნილად ამაღლებულს შორის, ბევრი რამ მასწავლა. ეს პოეზიის წინაპირობა იყო. ეს სიცოცხლის წინაპირობა იყო. ფორმის საშუალებით (დიახ, ფორმის!) შეიძლებოდა რაღაცის ამაღლება. მატლის ფეხები ქრებოდა და ფრთები იშლებოდა. ადამიანს იმედი არ უნდა დაეკარგა!” (მანანა კობაიძის თარგმანი).

ასეთ ფრთებზე ნაბოკოვის ცნობილ ლექციას უნდა მივაკითხოთ კაფკას “მეტამორფოზაზე”, სადაც იგი, მწერალი–ენტომოლოგი და პეპელათა და ყოველთა მწერთა მესაიდუმლე ძალიან მარჯვედ შენიშნავს, რომ ხოჭოდ გადაქცეული, იზოლაციაში მყოფი გრეგორ ზამზას მომ­რ­გ­ვა­ლე­ბუ­ლი ზურ­გი იმაზე მეტყველებს, რომ მის ქვეშ ფრთებიც უნდა იყოს და “მა­თი ამ­ოძ­რა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­უძ­ლია მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რი და­ფა­როს თა­ვი­სი მო­უქ­ნე­ლი ფრე­ნით.” შემდეგ ლექტორი განაგრძობს: “სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ხო­ჭო გრე­გო­რი ვერ მიხ­ვ­და, რომ ზურ­გის მკვრი­ვი სა­ფარ­ვე­ლის ქვეშ ფრთე­ბი ჰქონ­და (ეს ძალ­ზე ზუს­ტი დაკ­ვირ­ვე­ბაა ჩე­მი მხრი­დან და თქვენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ა­ფა­სებთ ამ შე­ნიშ­ვ­ნას. ვი­ღაც გრე­გო­რებ­მა, ჯო­ნებ­მა და ჯე­ნებ­მა არ უწ­ყი­ან, რომ მათ ფრთე­ბი აქვთ)”.

ჩვენ არანაირი რეალური ფრთები არა გვაქვს, თუმცა ყოველთვის შეგვიძლია თხრობის ფრთები შევისხათ, ყოველთვისაა შესაძლებელი თხრობამ, ამბავმა, წიგნმა, ლიტერატურამ ფრთები შეგვასხას და დახშული ოთახიდან გამოგვიყვანოს. არაა გამორიცხული სავარძელში მოკალათებულები, ლოგინზე ან ტახტზე წამოწოლილები, იზოლაციაში მყოფები, ფიქრში და ამბებში გართულები ტახტიანად ავიწიოთ, ამოვიქოქოთ და გადავიკარგოთ სადღაც ყინულოვანი სამფლობელოსკენ, მთებს მიღმა, მოუსავლეთში, როგორც კაფკას ერთი პერსონაჟი იკარგება, ნახშირის ცარიელ სათლზე ამხედრებული.