ტონალურით დაფარული სილურჯეები, ჩაქცევები სხეულზე | როგორ ვიცავთ ბავშვებს ძალადობისგან

სალომე გორგოძე

მერვეკლასელი გოგონა იყო, ცოცხალი თავით არ უნდოდა სახლში წასვლა. სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, დამრიგებელთან მისულა. ანუ რაღაც დაზიანება ჰქონდა და ექიმმა უთხრა, სახლში წადიო. ეს კიდევ გამწარებული იძახდა, არ მინდა სახლში წასვლაო. რატომღაც არავინ არ ჰკითხა, რატომ არ გინდაო. ჩვენ ვკითხეთ – თურმე მამა ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ჰოდა გასაკვირი ის იყო, რომ ამდენი საფეხური, ამდენი ადამიანი გამოიარა და არავინ არ დაინტერესდა, სახლში წასვლა რატომ არ უნდოდა. (მანდატური)

 

ბავშვი არის მინდობით აღზრდაში, მოვიდა ჩაქცევებით ლოყაზე, სილურჯით, ზემოდან ტონალური ჰქონდა გადასმული. აი, ტონალური უკვე აღარ მომეწონა, ბავშვს ფოტო გადავუღე, რომ ვინმეს არ ეთქვა, ეს ბაღში მოხდაო. მასწავლებელსაც ვუთხარი, რატომ ჩაიბარე ასეთი ბავშვი-მეთქი. როცა ჩამოვბანე, მერე გამოჩნდაო. ხელსახოცი ტონალურით იყო შეფერილი.  (სკოლამდელი განათლების დაწესებულების წარმომადგენელი)

 

ერთხელ მოვიდა ბავშვი, მამამისს სმა უყვარდა. ბავშვს ყური ჰქონდა ახეული. რომ ვკითხეთ, გვითხრა, რომ არაფერი ჰქონდა, არაფრით არ გაამხილა ოჯახი. მერე დედას ვკითხეთ – უი, დილით ეს არ ჰქონიაო – იმანაც უარყო. მერე მეზობლისგან გავიგეთ, რომ სიმთვრალეში უცემია მამას. (სკოლამდელი დაწესებულების წარმომადგენელი)

 

მე მქონდა სკოლაში შემთხვევა, ბავშვი საპირფარეშოდან ლამის მკვდარი გამოვიყვანე, ისეთი ნაცემი იყო. მასწავლებელი ცდილობდა, კოხტად და ლამაზად შეეფუთა [ეს ამბავი]. თან მეუბნებოდა, იქნებ, პოლიციის ყურამდე არ მივიდესო. (მანდატური)

[…] მანდატურმა შეგვატყობინა, რომ ბავშვს ჩალურჯებები ჰქონდა. ხოლო პედაგოგთან გასაუბრებისას ის მაქსიმალურად ცდილობდა, ეს ფაქტი გაემართლებინა ან დაემალა. ამბობდა, რომ ბავშვები თამაშობდნენ. დავინახე, ერთმანეთს უჩქმიტეს, ამიტომ აქვს ეს დალურჯებაო და ა.შ. ეს საბჭოური აზროვნება ვერ აღმოიფხვრა, რომ, თუ დამალავ, უკეთესია. არ გვენდობიან. (მართლწესრიგის ოფიცერი)

 

ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემის მიზანს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა, მისი მდგომარეობის შეფასება და ძალადობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოების ინფორმირება. ამ მოქმედებების დროულობა და მოქნილობა, თავის მხრივ უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დროულ იდენტიფიცირებასა და შესაბამისი უწყებების მხრიდან სათანადო რეაგირებას.

2019 წელს (შემოდგომაზე) „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ ჩაატარა კვლევა „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების აღსრულების პროცესის შეფასება“. კვლევა მიზნად ისახავდა „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ სისტემის პირველი სამი ეტაპის (ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენა, მისი მდგომარეობის შეფასება, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოების ინფორმირება) აღსრულების პროცესის შეფასებას.

ანგარიშში მოცემულია, როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე სამ რეგიონში (თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი) ჩატარებული ფოკუსჯგუფების შეხვედრების ანალიზი, რომელშიც აღნიშნულ პროცედურაში უშუალოდ ჩართული ადამიანები – საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მართლწესრიგის ოფიცრები, პედაგოგები, ოჯახის/სოფლის ექიმები, ბაგა-ბაღის აღმზრდელები, სოციალური მუშაკები, თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღნიშნული თვისებრივი კვლევა არ იძლევა ქვეყნის მთელ მოსახლეობაზე მონაცემების განზოგადების საშუალებას. გთავაზობთ კვლევის შედეგების იმ ნაწილს, რომელიც აღწერს ძალადობის ფაქტებსა და მათზე რეაგირების ფორმებს, რომლებიც ფოკუსჯგუფებში ჩართული რესპონდენტების მონათხრობზე დაყრდნობით გაანალიზდა.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალოვან სტრუქტურებსა და სოციალურ მუშაკებს ხშირად უწევთ ძალადობის შემთხვევებზე მუშაობა, მათ არ გასჭირვებიათ სხვადასხვა ფაქტის გახსენება, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობრივ ქმედებას ეხებოდა. როგორც პატრულის თანამშრომლები აღნიშნავენ, მათი გამოძახებების დიდი ნაწილი ოჯახურ კონფლიქტებს უკავშირდება. მათი თქმით, ასეთ შემთხვევებში იშვიათად იკვეთება უშუალოდ ბავშვის მიმართ პირდაპირი ძალადობა, მაგრამ, თუ არასრულწლოვანი ფაქტის შემსწრეა, ამას პატრულის თანამშრომლები განიხილავენ, როგორც ფსიქოლოგიურ ძალადობას.

„პატრულის თანამშრომლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი, გამოძიება ჩართავს სოციალურ მუშაკს. ორივე სტრუქტურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გამოძახებისა და შეტყობინების სტატისტიკა გაზრდილია და კლება არ შეიმჩნევა. პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემტყობინებელი, ძირითადად, არის სოციალური მუშაკი, ოჯახის რომელიმე წევრი, მეზობელი ან თავად ბავშვი.“

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, საპატრულო სამსახურისა და სააგენტოს წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ ბავშვები ფლობენ ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცნენ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც მათთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ ისინი ინფორმაციას იღებენ ტელევიზიიდან, სკოლაში ჩატარებული ტრენინგებიდან, ერთმანეთისგან. სწორედ ამით ხსნიან რესპონდენტები არასრულწლოვანთა მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარების გაზრდილ რაოდენობას.

რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თქმით, ძირითადად, გამოძახებები ეხება ფსიქოლოგიურ ძალადობასა და ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის ფაქტებს. შედარებით მცირერიცხოვანია გამოძახებები ბავშვის მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის ფაქტებზე.

აქვე ვკითხულობთ, რომ როგორც სოციალური მუშაკები და მომსახურების მიმწოდებლები აღნიშნავენ, ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული. შედარებით რთული შესამჩნევი და ამოსაცნობია მისი ნიშნები მსხვერპლზე. იგივე შეიძლება ითქვას უგულებელყოფის ფაქტებზეც. რესპონდენტთა ნაწილი სწორედ ინფორმირებულობის დაბალი ხარისხით ხსნის ძალადობის ამ ორი ფორმის – ფსიქოლოგიურისა და ინტერესების უგულებელყოფის – ფაქტების რაოდენობის ზრდას.

„საყურადღებოა პატრულის თანამშრომლების დაკვირვება იმის შესახებ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. არსებული შეტყობინებების დიდი ნაწილს შესაბამის სტრუქტურებს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები აწვდიან. ფაქტობრივად, ნულს უტოლდება შეტყობინებები სააღმზრდელო დაწესებულებებისა და არაფორმალური წრეების წარმომადგენლებისგან.“

რესპონდენტების გარკვეული ნაწილი საუბრობს სკოლის წარმომადგენლების გულგრილ დამოკიდებულებაზე ძალადობის ფაქტების მიმართ. მაგალითად, მართლწესრიგის ოფიცრების, პატრულის თანამშრომლებისა და, განსაკუთრებით, მანდატურების დაკვირვებით, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცდილობენ, არ გასაჯაროვდეს ძალადობის ფაქტი, რომელიც მოხდა სასწავლო პროცესში, ან შეემთხვა კონკრეტული სკოლის მოსწავლეს. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ფაქტის გახმაურება სკოლის ინტერესებში არ შედის, რადგან ისინი დანაშაულის დაფარვით თავიდან იცილებენ სხვადასხვა სამართლებრივ და ბიუროკრატიულ პროცესს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რესპონდენტების ნაამბობიდან იკვეთება ის ძირითადი ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უშლის მოქალაქეებს, შეატყობინონ შესაბამის სტრუქტურებს ძალადობის ფაქტის შესახებ:

  • მიდგომა, რომ სხვისი ოჯახური პრობლემების გადაჭრაში ჩარევა აღქმულია დევიაციურ ქმედებად, რადგან მიიჩნევა, რომ ოჯახური კონფლიქტების გადაჭრა თავად ამ ოჯახის წევრებმა უნდა შეძლონ, სხვათა ჩარევის გარეშე.

„ჯობია, საკუთარი რესურსით გააკეთონ ყველაფერი, იმიტომ რომ არ იცი, ამას რა მოჰყვება. შეიძლება მართლა ისეთი ცუდი რამე გააკეთო ბავშვისთვისაც და დედისთვისაც, მერე მთელი ცხოვრება ინანო. ამიტომ მგონია, აჯობებს, [პრობლემა] თავად მოაგვარონ“.(მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი)

  • შიში, რომ შეტყობინების შემთხვევაში მოძალადე გაიგებს, ვინ გაასაჯაროვა ფაქტი და შესაძლოა, საფრთხე თუ არა, დისკომფორტი შეუქმნას შემტყობინებელ სუბიექტს და/ან მის ოჯახს.

„მე მქონდა ასეთი გამოცდილება – მეზობლის გამო დავრეკე, ვითხოვე კონფიდენციალობა, მაგრამ ამოვარდა ის კაცი, ჩემს გვარს იძახდა, რომელიაო, მაგას დაურეკავსო. შემდეგ ჯერზე შეიძლება უკვე დავფიქრდე, დავრეკო თუ არა“. (სოციალური სერვისების მიმწოდებელი)

  • უნდობლობა სახელმწიფო სერვისებისა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმართ, რაც გულისხმობს, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი ვერ ხედავს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ეფექტურ ქმედებებს მსხვერპლის შემდგომი რეაბილიტაციისთვის, რაც, მათი თქმით, აზრს უკარგავს შეტყობინებას.

„ჩვენს ქვეყანაში სოციალური სამსახური არ არის ისე განვითარებული, რომ ყველა მიმართვის შესაბამისად, სახეზე გვქონდეს სათანადო რეაგირება. არის მეორე შემთხვევაც: მამა მოძალადეა, დედა – იდეალური. მიხვედი სოციალურ სამსახურში, ეს მოუყევი და შედეგად ოჯახს ბავშვი ჩამოართვეს. სად მიგყავს მერე? ყველა ვარიანტში უნდა მიმართო, მაგრამ სად მიჰყავთ შემდეგ? შეიძლება მშობლებისგან წამოყვანის ფაქტმა უარესი შედეგი გამოიღოს“. (პედაგოგი)

 

რა აჩვენა სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა

ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებზე პასუხისმგებელი უწყებებიდან  მიღებული საჯარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების რეფერირების სტატისტიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში მზარდია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩართული უწყებები უკეთ ავლენენ ამგვარ ფაქტებს და  მათზე რეაგირებას ახდენენ.

• სტატისტიკის მიხედვით, ძალადობის შემთხვევებში მეტია ბავშვთა უგულებელყოფის ფაქტები.

• მზარდია შეტყობინებათა რაოდენობა ბავშვთა მიმართ ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა – ადრეული ქორწინება და ოჯახური კონფლიქტები. მათთან შედარებით დაბალია იძულების, მოწყალების თხოვნის/შრომითი ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის სტატისტიკური მაჩვენებელი.

• ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადამისამართებული 4442 შეტყობინებიდან ძალადობა 2092 შემთხვევაში დადასტურდა (47%).

• იზრდება საზოგადოებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხების შესახებ ინფორმირებულობის დონეც, რადგან შეტყობინებების საერთო რაოდენობის (4442) დაახლოებით 31% სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ შეტყობინებებზე მოდის.

• ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტებიდან ყველაზე ხშირად მიმართვას აკეთებს პოლიცია (3496), შემდეგ მოდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები (840), სამედიცინო დაწესებულებები (142), პროკურატურა/პრობაცია (137), სასამართლო (114) და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირები – სოციალური აგენტები (98).

• სხვა ჩართულ სუბიექტებთან შედარებით დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბაგა-ბაღების გაერთიანებების მიმართვიანობის მაჩვენებლები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათგან მიღებული შეტყობინებების საერთო რაოდენობა 39-ს არ აღემატება.

• რეფერირებული შემთხვევების ბოლო ორი წლის მაჩვენებლები მიუთითებს, რომ მამრობითი სქესის ბავშვები უფრო მეტად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი.

• კვლევის სამიზნე რეგიონებში (თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი) ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენის მაჩვენებლებით ლიდერობს თბილისი, მას მოსდევს ქვემო ქართლი; მათთან შედარებით, შესამჩნევად დაბალია იმერეთის მაჩვენებელი.