თუშეთი - სევდიანი კონკურსის გამარჯვებული

ქრისტინე მუჯირი

თუშეთი „სევდიანი კონკურსის“ გამარჯვებულია – ასე უწოდებს ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი World Monuments Fund-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსს, რომელიც საფრთხეში მყოფ კულტურულ მემკვიდრეობას ეხება და რომლის გამარჯვებულიც თუშეთია.

თუშეთი საქართველოში ჯერ კიდევ ერთადერთი ხელუხლებელი რეგიონია, რომელმაც შეძლო და 21-ე საუკუნემდე მოიტანა არამატერიალური და მატერიალური მემკვიდრეობა; მოახერხა, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა, ეს იქნება ტრადიციული არქიტექტურა, ბუნებრივი მემკვიდრეობა, სიმღერა, პოეზია, ქრისტიანულ და წინარექრისტიანული რელიგიური რიტუალები, დღეობები. გარდა ამისა, თუშეთმა შემოინახა უნიკალური ფლორა და ფაუნა.

მაშინ, როცა თუშეთმა მოახერხა და შეინარჩუნა კულტურული მემკვიდრეობა მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახით,  რატომ გახდა თუშეთი ამ კონკურსის გამარჯვებული და რას მოუტანს ეს მას? – მარინე მიზანდარი ამბობს, რომ არსებობს საფრთხე თუშეთთან მიმართებით  და ეს არის ახალი გზის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა მისი განხორციელება იგეგმება. ამ საფრთხის გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეცა მცირე ფინანსური დახმარება, რომელსაც „საქართველოს ეროვნული ფონდი“ თუშეთის ეკოტურიზმის გასაძლიერებლად განკარგავს.

„ეს ფაქტობრივად ისეთი პროექტია, რომელზეც ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო და რომლის გამოც  თუშეთს საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ნომინაციაში ადგილი ერგო. თუშეთი გახდა ნომინანტი, ნიშნავს იმას, რომ თუშეთმა უნდა მიიპყროს ყურადღება. აუცილებლად უნდა შემუშავდეს თუშეთის დაცვის მექანიზმები. ამ რეგიონის თვალსაჩინოება უნდა წარმოჩნდეს საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით“, – ამბობს ის.

„საქართველოს ეროვნული ფონდის“ თანათავმჯდომარე მარინე მიზანდარი ამბობს, რომ  გზის პროექტი შესაძლებელია გახდეს წინაპირობა იმისა, რომ თუშეთში განვითარდეს აგრესიული ტურიზმი, რამაც შესაძლოა ეკონომიკური სიკეთეები მოიტანოს, თუმცა ცუდ კვალს დატოვებს მის მემკვიდრეობაზე. მისი თქმით, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ბევრ საშიშროებას აჩენს და ამის მაგალითია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი, იქნება ეს სვანეთი, ყაზბეგი თუ სხვა.

ხელოვნებათმცოდნე მარინე მიზანდარი აღნიშნავს, რომ მასშტაბური ინფრაქტრუქტურული პროექტები შელახავს იმ უნიკალურ და თვითმყოფად მემკვიდრეობას, რომელიც თუშეთში შემორჩა. მისი თქმით, ახალი გზის გაყვანის შემდეგ უფრო მარტივად აშენდება დიდი სასტუმროები, ჩვენი გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ხშირად, ასეთი განაშენიანების დროს არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი არქიტექტურისა და ლანდშაფტის სპეციფიკა.

„ასეთი აგრესიული ტურიზმი, გზისპირა ტურიზმი, სადაც დიდი მოძრაობაა, ყოველთვის აკნინებს ბუნებას, კულტურულ მემკვიდრეობას, აზიანებს გარემოს და ამ დროს ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება ძალიან რთულია. საფრთხე შეექმნება საცხენოსნო ტურიზმს. ახლა ტურისტი ადგილობრივ მოსახლეობას ეცნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეცნობა ადგილობრივ კულტურასაც. ის ბევრად მეტ ფულს იხდის, ვიდრე ის, ვინც მანქანას დაიქირავებს და მთელ ქვეყანას მოივლის, ისე, რომ არც გადმოვა მანქანიდან. ამჯერად სერვისებიც ბევრად უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ბენზინის ჩასხმა მანქანაში და ქვეყნის მოვლა“, – ამბობს მარინე მიზანდარი.

ფოტო: შალვა ნაკაიძე

ხელოვნებათმცოდნე, პროექტის კოორდინატორი ლალი პერტენავა ამბობს, კონკურსში გამარჯვება გულისხმობს, რომ თუშეთისთვის ფონდმა გასცა მცირე ფინანსური დახმარება, რათა აქ გაძლიერდეს ეკოტურიზმი, დაეხმაროს ქვეყნის ყველაზე თვითმყოფად რეგიონს ეკოტურიზმის გადასარჩენად და იზრუნოს თუშეთის კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებაზე.

პროექტს რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაცია.  ჩატარდება სემინარები ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საბჭოს) სპეციალისტების დახმარებით, მაგ: როგორ უნდა აღადგინონ სიპით ნაშენი არქიტექტურა ავთენტურად; როგორ უნდა აღადგინონ სხვადასხვა არქიტექტურული დეტალი. დარგის სპეციალისტებს თუშეთში გასვლითი ტურებიც ექნება. ადგილობრივებთან ერთად იმსჯელებენ ეკოტურიზმის განვითარებაზე, მის მნიშვნელობასა და სარგებელზე. შეხვედრები იქნება ტურისტულ კომპანიებთანაც.

პროექტის მეორე კომპონენტი დაეთმობა კვლევებზე მუშაობას, ეთნოგრაფიულ და გეოლოგიურ ნაწილში. ლალი პერტენავა ამბობს, რომ, თუ გზის პროექტის საკითხი კვლავ დაიძვრება, უკვე შემუშავებული ტექნიკური დოკუმენტები შესაძლებლობას მოგვცემს, კვლევებზე დაყრდნობით განვსაზღვროთ, რასთან გვაქვს საქმე და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ გზის მშენებლობის შემთხვევაში.

„გვსურს, რომ შევქმნათ დოკუმენტები, კვლევითი მასალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში დაგვეხმარება. გვინდა, შეიქმნას დოკუმენტები, რომლებშიც ასახული და აღწერილი იქნება ეთნოგრაფიული მასალა; შეგროვდეს სრული ინფორმაცია თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კვლევები მრავლად არსებობს, მაგრამ დღევანდელობაში რაც არის შენარჩუნებული და როგორი სახით, დოკუმენტებში ეს უნდა აისახოს“, – ამბობს ლალი პერტენავა.

პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ ახალი გზა განსაკუთრებულ საფრთხეს შეუქმნის მეცხვარეობას და პროექტის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება მეცხავრეობასა და მატყლის დამუშავების ტრადიციული მეთოდის შენარჩუნებაზე.

„დავიწყოთ იმით, რომ ეროვნული ნაკრძალია და მაგისტრალი ფლორასა და ფაუნას დიდ საშიშროებას უქადის. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ სიპით ნაშენი არქიტექტურაა და ნებისმიერი რყევა ბოლომდე სპობს მას. საშიშროება შეექმნება ადათ-წესებს. მათ შორის მეცხვარეობასაც“, – ამბობს ლალი პერტენავა.

პროექტში ჩაერთვებიან ქართველი და უცხოელი თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები და ისინი სხვადასხვა სახელოვნებო პროექტს შექმნიან ეკოტურუზმის წასახალისებლად, თუშეთის პოპულარიზაციისთვის.

თუშეთის კულტურული, ისტორიული, ეთნოგრაფიული ღირებულება და საპროექტო გზა

შალვა ნაკაიძე ეთნოლოგია. ის თუშეთის არამატერიალურ მემკვიდრეობას იკვლევს. მისი თქმით, თუშური ტრადიციული დღეობები დაკავშირებულია არა მარტო ფიზიკურ დღეობებთან, არამედ სულიერ სამყაროსთან, რომელიც თუშეთში მთელი ზაფხულის განმავლობაში ტარდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს, არა როგორც კულტურული მემკვიდრეობა, არამედ, როგორც ცხოვრების წესი და რელიგია. ტურისტული კომპანიების ძალიან დიდი აქტივობა იყო ზაფხულში. იქ ისეთი განწყობაა, როცა სტუმარი მიდის, მას აუცილებლად იღებენ, მაგრამ როცა უკვე ბევრი ხალხია, ეს ცვლის რეალობას. ამ დროს შესაძლებელია, სულ სხვა სურათი მივიღოთ, თუ არ იქნება რაღაც ფორმით დაცული სხვადასხვა ტურისტული ნაკადი. როგორც კი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რა თქმა უნდა, გაიზრდება ზეწოლაც“, – ამბობს შალვა ნაკაიძე „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, როდესაც ტურისტი საოჯახო სასტუმროში მიდის, მას უშუალო კონტაქტი აქვს ადგილობრივებთან – ეცნობა კულტურასა და ტრადიციებს, რომლებიც კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის ტურისტისთვის თუშეთში გასვლას. ნაკაიძე აღნიშნავს, რომ დიდი სასტუმროები და ტურისტული კომპანიები ადგილობრივ კულტურასთან ამგვარ სიახლოვეს ვერ უზრუნველყოფენ.

„კულტურული ტურიზმი არ გულისხმობს მხოლოდ ადგილის ნახვას, ის გულისხმობს ადგილობრივი ტრადიციის გაცნობასაც. მაგ: კულინარია იმ ფორმით, როგორიც სინამდვილეში არის და არა შეცვლილი უკვე ძალიან კომერციალიზებული სახით. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერა“, – ამბობს შალვა ნაკაიძე.  

მისი აზრით, გზის პროექტი, რომელზეც წლების წინ დაიწყო საუბარი, მთებში ახალი გზის გაჭრას გულისხმობდა, მაშინ, როდესაც უკვე არსებობს საბჭოთა პერიოდში გაჭრილი გზა, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა ამ პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელია. ის აღნიშნავს, რომ ამ გზას უკვე დარღვეული აქვს ეკოლოგიური ზონა და ახალი გზის გაყვანის საჭიროება აღარ არის.

„უნდოდათ, რომ 3000 მეტრზე მთები გაეჭრათ და შესულიყვნენ მაღალი დაცვის ქვეშ მყოფ ხეობაში. ეს ადგილები მთლიანად დაუსახლებელია, ამის შემდეგ გზები უნდა დაქსელილიყო დანარჩენ თუშეთში. ამ დროს კი არსებობს თუშეთის გზა. ამ გზის რეაბილიტაციაზე საერთოდ არ ფიქრობენ“, – ამბობს შალვა ნაკაიძე.

ამბობს, რომ არსებულ გზასთან დაკავშირებით აგორდა შავი პიარი, რომ, თითქოს ის შეიყვანეს მსოფლიოს 10 საშიშ გზას შორის, რამაც რეალურად უარყოფითი შედეგები მოიტანა. მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ არ არსებობს პასუხისმგებელი უწყება, რომელიც გააკონტროლებს ამინდს, გზის ჩახერგვის შემთხვევაში იმუშავებს გზის გახსნაზე, არ არსებობს გზაზე საპოლიციო კონტროლი, რაც ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზია.

ფოტო: შალვა ნაკაიძე

ნაკაიძის თქმით, თუშეთმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა, რადგან ამ დრომდე მთაში ასვლა არ იყო ადვილი და ჯერ კიდევ არ არსებობს ის მაგისტრალი, რომლის გაყვანის სურვილიც ხელისუფლებაში არსებობს.

ეთნოგრაფის თქმით, ადგილობრივებსა და მეცხვარეებში იგივე განწყობაა და მათ არ სურთ ახალი გზის პროექტის რეალიზება უკვე ნახსენები ეკოლოგიური, კულტურული და ეკონომიკური მიზეზების გამო.

„საერთოდ არ ხდება იმის გააზრება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკოტურიზმს; როგორ ასაქმებს ის ადგილობრივს; როგორ ავითარებს მეცხენეობას; როგორ შეუქმნის დამატებითი შემოსავლის წყაროს მეცხვარეთა ფერმებს, რომლებიც გზაზე გვხდება.

საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, ზოგადად მთის დღეობები ცხვრის დაკვლის რიტუალებამდეა დაყვანილი. 2000 კაცი რომ მივა დღეობაში, იქ ვერასდროს გაიგებ, რა იყო დღეობის პირველადი არსი. თუშეთში ეს შენარჩუნებულია. ევროპაში კი, ფაქტობრივად, ასეთი ადგილი არ არის. ეს შენარჩუნდა თუშური თემის ძალისხმევით. მას ხელი შეუწყო იმან, რომ თუშეთი იზოლირებული იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“, – ამბობს ის.

ეთნოგრაფის თქმით, თუშური სოციუმი ძალიან შეკრულია და ისინი სტრუქტურირებულნი არიან ძველი ტრადიციული წესით, რაც მას განსაკუთრებულობას სძენს.

„თქვენ რომ ნახოთ, როგორ ხდება, როგორ სტუმრობენ დღეობისას ერთი სოფლიდან მეორეში, რას იცავენ, როგორი ტრადიციები აქვთ… ეს ხალხი არის სრულიად თანამედროვე ბარში. ძალიან ბევრი ემიგრანტი ჰყავთ, ისინიც საზღვარგარეთიდან ჩამოდიან, ამ რიტუალებში მონაწილეობენ. როდესაც საქმე ეხება მთას, აქ დაახლოებით მე-17-მე 18 საუკუნე ცოცხლდება“, – ამბობს შალვა ნაკაიძე.


პროექტს – „თუშეთის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენისთვის“ – საერთაშორისო ორგანიზაცია world monuments fund-ის მხარდაჭერით ახორციელებს „საქართველოს ეროვნული ფონდი“  .