უიმედო მეხსიერება - სიბერე და 2020 წელი

მალხაზ ხარბედია

ერთხელ, აპრილის რომელიღაც დღეს, შუა რიცხვებში, სტატისტიკამ პირველად აჩვენა Covid-19-ის ყველაზე დიდი მსხვერპლი. როგორც გაირკვა, გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა ხანშიშესული ადამიანები იყვნენ. შემდეგ მაისსა და ივნისშიც განმეორდა ასეთი დღეები, ისევ მოხუცებულთა მსხვერპლით. იმ დღეებში რამდენჯერმე გამახსენდა ადოლფო ბიოი კასარესის ერთი რომანი. „ღორებთან ომის დღიურები“, ასე ჰქვია წიგნს, სადაც ახალგაზრდული დაჯგუფებები მოხუცებს ანადგურებენ, თავს ესხმიან ქუჩებში, არბევენ თავშესაფრებს. რომანში ეროსიცაა, ძალადობაც, ფიქრიც და მელანქოლიაც. „ღორებთან ომის დღიურები“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო წიგნია სიბერეზე, თანაც კასარესისთვის ცოტათი უჩვეულოც.

ამ წიგნზე ფიქრი შემდეგაც არ მანებებდა თავს. აღარ გადამიკითხავს, მხოლოდ ჩავხედე, შემდეგ კი საიტებს ჩამოვუარე, სადაც ასაკის მიხედვით იყო შეფასებული დაავადებულთა და მსხვერპლთა რაოდენობა. მაგ. აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა 74% 65 წელს გადაცილებულ ადამიანებზე მოდიოდა. დაახლოებით იგივე მაჩვენებლები იყო სხვა ქვეყნებშიც.

გადავწყვიტე მოხუცებულებზე დამეწერა, ადამიანებზე, ვინც 2020 წლის მთავარ უბედურებას პირველები შეხვდნენ და ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს.

საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა კულტურაში, მოხუცებულები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ, თუმცა საბჭოთა ათწლეულების, მანამდე კი რუსული ცარიზმის ბატონობის გამო ეს ცნება ხშირ შემთხვევაში ოდიოზურიც გახდა, ძირითადად ბობოლა მოხუცებულების გამო.

საქართველოში ხანში შესულ ადამიანებთან დაკავშირებული ტრადიციები, ლექსიკა, გადმოცემები და ფოლკლორიც საკმაოდ მდიდარია. სიტყვა „სიბერე” უკვე აგიოგრაფიულ ძეგლებში გვხვდება. „სიბერეს“ წერენ 1031 წლის ცნობილ „კრებულში”, ხოლო ბერი, ბერი კაცი მოხუცის მნიშვნელობით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”, „იოანეს და ექვთიმეს ცხოვრებაში”, „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც” გამოიყენება. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ეს მოხუცებულობა სიბრძნესთან იგივდება („შენ მოგცა ქრისტემან კეთილი მოხუცებულობაი გონებისაი”). „მხცოვანიც” არაერთხელაა დამოწმებული აგიოგრაფიულ ტექსტებში და აქაც მხცოვანება გონიერებას უკავშირდება. „ვეფხისტყაოსანშიც”, მის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სტროფში, „მხცოვანი” „სახელოვანს” ერითმება, თუმცა აქ „სიბერესაც” უჩივიან პერსონაჟები („მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, / დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია“). სინონიმებიც ძალიან ბევრი გვაქვს, დადებითი თუ უარყოფით დატვირთვის მქონე (ბერიკაცი, ბებერი, ბეხრეკი, ჩაჩანაკი, ბებრუხანა, გადაღრძუებული და სხვ.). აუარება სიტყვაა დიალექტებშიც ასაკოვანი ადამიანების აღსანიშნად, ერთი სიტყვით, „დროული ხალხი” დიდ როლს თამაშობს ენაში, და არამხოლოდ სახელდებაში, არამედ ენობრივ მეხსიერებაშიც.

ბევრი ლექსი გვხვდება ფოლკლორში. მაგ. ვახტანგ კოტეტიშვილის ხალხური პოეზიის ცნობილ კრებულში რამდენიმე ასეთი ლექსია: „ბერიკაცი ვარ”, „ბერიკაცის ჩივილი”, „ადამიანის წლოვანება”. ამ ლექსში ღმერთი ყველას ოცდაათი წლის სიცოცხლეს მისცემს – ვირს, ძაღლს, მაიმუნს, ადამიანს. ადამიანი უკმაყოფილოა და 30 წელიწადზე მეტ დროს ითხოვს. ღმერთი იწყებს ცხოველებისთვის წლების მოკლებას და ადამიანს უმატებს.  მიუმატებს ათ წელიწადს და იტყვის: მეორმოცეს რომ ჩადგება, / ვირის ჯაფას შეუდგესა, / ოც წელს იმდენ სარჩოს იძენს, / იმას ვინღა შეედრესა…”. შემდეგ გაიმეტებს კიდევ 20 წელს და დასძენს: მესამოცეს რო ჩადგება, / ძაღლივითა აღრინდესა, /  იმ ოც წელში შეძენილსა / სდარაჯობს და ზედ დაჰყეფსა”. დაბოლოს: შვიდათ წელს რომ გადასცდესა, / მაიმუნსა დაედრესა, / დაღმეჭილი და მასხარა / სიყრმეზე ვარ” – იქნევს ხელსა, / ოთხმოცდაათს ვინც გადასცდა, / ფეხით სამარეში დგესა, / გაბრიელის დასტურს ელის, / პაემანი დაჰკარგესა”.

სიკვდილის, აღსასრულის თემასაც მივუხლოვდით და თანამედროვე სამყაროში სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მომხდარ ძვრებზეც უნდა ვთქვათ ორი სიტყვა. ჯერ „გაეროს“ მონაცემებს გავეცნოთ და შემდეგ ცოტა გავიაზროთ ეს ციფრები.

გაეროს კვლევების მიხედვით, 1900 წელს 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა 15 მილიონი იყო, ანუ დედამიწის მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები. 2010 წელს კი მათმა რიცხვმა 7,5%-ს მიაღწია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა 10,4%-ს მიაღწევს, 2050-ში კი – 16-17%-ს. ყველაზე ხანდახაზმული კონტინენტი, რა თქმა უნდა, ევროპაა (16,2%, გაეროს პროგნოზებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ 2025 წელს ეს ციფრი 20%-ს გადაცდება, 2050-ში კი 26%-ს), თუმცა განუხრელი ზრდა შეინიშნება განვითარებად ქვეყნებშიც. არის ამ თვალსაზრისით უნიკალური ქვეყნებიც. მაგ. იაპონია, სადაც დღეს უკვე 22%-ს შეადგენს 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობა, ხოლო 2025 წელს ეს ციფრი 30%-ს მიაღწევს.

80 წელს გადაცილებულები 1950 წელს 13 მილიონი ყოფილა მსოფლიოში, 2005-ში 86 მილიონი (მოსახლეობის 1,3%). მეცნიერთა აზრით, 2050 წელს მსოფლიოში 400 მილიონი 80 წელს გადაცილებული ადამიანი იქნება (მსოფლიო მოსახლეობის 4,3%).

100 წელს გადაცილებულებს რაც შეეხება, გაეროს ანგარიშების მიხედვით, 1998 წელს მსოფლიოში ასეთი 135 ათასი ყოფილა, 2025 კი მათი რიცხვი სავარაუდოდ 1 254 000-მდე, 2050 წელს კი 4 მილიონამდე გაიზრდება.

ცალკე საუბრის თემაა ხანდაზმული ქალები. კვლევების თანახმად ისინი მამაკაცებზე დიდხანს ცოცხლობენ და შესაბამისად, გაცილებით მეტ დროს ატარებენ სიბერესა და მარტოობაში. გაეროს მონაცემების მიხედვით, თურმე 60-ს გადაცილებული ქალების ერთ მესამედზე მეტი კენტად ცხოვრობს.

როგორც ხედავთ, ხანდაზმულთა რიცხვი მატულობს და იმედია, ამ პროცესს ვერანაირი ვირუსი ვერ შეაჩერებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სიცოცხლისა და სიბერის გახანგრძლივების მიუხედავად, მოხუცებულები აქტუალობას კარგავენ, კარგავენ სამსახურს, გადიან (თუ გაჰყავთ) პროფესიული და სხვა ყურადღების წრიდან. შესაბამისად, მათ უფრო დიდხანს უწევთ განაპირებული ცხოვრება, დავიწყებაში, უმუშევრად. ხანდაზმულობა თანამედროვე სამყაროში პროგრესის საჩუქარია. მედიცინა, საზოგადოება, განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებები ბევრს აკეთებენ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, თუმცა სიბერის დადგომასთან ერთად ეს ძალისხმევა აზრს კარგავს, რადგან მოხუცებულები სრულიად მიუსაფრები რჩებიან. მათ სიცოცხლეს უნარჩუნებენ, მაგრამ სხვა დანარჩენი ინგრევა, დაგეგმვა აზრს კარგავს, მომავალზე ფიქრს კი წარსულის გახსენება ცვლის. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო გაუგებარი ხდება ცხოვრების აზრი. ვლადიმერ იანკელევიჩი წერს თავის ბრწყინვალე წიგნში „სიკვდილი“, რომ ბიოლოგიური გაახალგაზრდავების საიდუმლოსაც რომ მიაგნონ, დაბერებას მაინც ვერაფერი შეაჩერებს: „ორგანოთა დაბერების შეკავება ან შენელებაც რომ გახდეს შესაძლებელი, განვლილი წლების სიმძიმე და მოგონებები მაინც დაგვაბერებენ; <…> ჩვენ ხომ სუფთა დრო გვაბერებს, აღვსება, ჭკნობა, სიხალასის გაქრობა, მისწრაფებების და ვნებიანი გატაცებების ჩაქრობა“. ერთ ხალხურ ლექსშია, 160 წლის კაცი ამბობს: უწინდელსა ნურას მიქებ, / ბოლოს უნდა კარგი კუდი”.

ერთი სიტყვით, სიბერე შესაძლოა სიკვდილის ხანგრძლივი მოლოდინიც იყოს და ხანმოკლეც. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მედიცინა არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ „დროზე“ მოვკვდეთ. „სიკვდილში ხელს გვიშლიან“ – ხანდახან ასეც ამბობენ რადიკალი მოხუცი ფილოსოფოსები.

არის კიდევ ერთი თემა. სიკვდილმა შესაძლოა დიდხანს დააგვიანოს მოსვლა სიბერეში, რადგან ამისთვის სიცოცხლის ნებაზე უარის თქმა, კაპიტულაციაა აუცილებელი. მახსენდება თომას მანის „ბუდენბროკებში“, ბებიას გარდაცვალების ეპიზოდი, მეორე მხრივ კი ბებიაჩემი, რომელმაც 1985 წლის 19 მარტიდან, ბაბუაჩემის წასვლის დღიდან დაიწყო კვდომა, მაგრამ 1997 წლის აპრილამდე იცოცხლა, კაპიტულაციის მცდელობებში. იანკელევიჩი ფრანგი მწერლის, ჟაკ მადოლის ტექსტს იმოწმებს, „განსჯები სიკვდილის შესახებ“, სადაც იგი მოხუცის უსასრულო დაღლილობასა და სრულ განმარტოებაზე საუბრობს. და დასძენს, რომ მხოლოდ განმარტოებისგან არავინ კვდება.

ტრადიციულ საზოგადოებებში მოხუცებული ყველაზე ხშირად სიბრძნის მატარებელია, ინფორმაციის გადამცემი, ღირებულებების მცველი, ძველი ამბების მთხრობელი. სოფლად მცხოვრებმა მოხუცებულმა ყველაზე კარგად იცის მაგ. ვენახის ან საქონლის მოვლის თავისებურებები, იცნობს ტყეს და მდელოს, ნიადაგს, კლიმატს, ბუნების რიტმებს. იგი მოხერხებულია, გამოცდილი, ყველა მოვლენაზე შეიძლება რაღაც ამბავი ან შეგონება გაახსენდეს. თანამედროვე საზოგადოებაში კი ნებისმიერი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი და პრაქტიკულ საკითხებში ბევრი მოხუცებული დღეს ახალგაზრდებს ეკითხება ჭკუას, სხვები კი მამა-პაპური წესების ერთგული რჩება. პრინციპულად. ხშირად გაიგონებთ გამოთქმებს: „ჩვენ დროს სხვანაირად იყო“, „ნეტავი იმ წლებს“.

უნდა აღვნიშნოთ ცხოვრების რიტმიც. გინახავთ ალბათ როგორ ნელა და ხანდახან იძულებითი ყურადღებით მუშაობენ მოხუცები. ეს მათ ხშირად დისკომფორტსაც უქმნის. სამაგიეროდ ახალგაზრდამ შეიძლება რამდენიმე დღე დაკარგოს და შემდეგ ერთ-ორ საათში შეასრულოს საქმე, უნაკლოდ აღადგინოს დანაკარგი. ახალგაზრდები სულ კონტაქტზე არიან, ტელეფონით, სოციალურ ქსელში ან ჩატსა თუ მესინჯერში, მოხუცებულები კი ხანდახან საკუთარ თავსაც კი ელაპარაკებიან. ისინი მარტონი არიან. ეს ყველაფერი თავადაც კარგად ვიგრძენი სოფელში, ბოლო წლების განმავლობაში. მარტოობას ადვილად შეჰყავხარ მოხუცებულების მდგომარეობაში, მათ ჩუმ და ხმამაღალ ფიქრებში. ამოოხვრები, ჩურჩული, გულში სიცილი, ღიღინი, გაშტერება, მონოტონური საქმისას მედიტაცია, ნელი ნაბიჯები, მცირე ბედნიერებები – ეს ყველაფერი თან ახლავს სიბერეს. ბედნიერებაზე გამახსენდა – სიხარული და ვნება, ინტერესები, ძიება სიბერეშიცაა, უბრალოდ რიტმი, ტონალობა და ტემპია სხვა. მოხუცებული ეგუება, როგორც ავადმყოფი ეგუება თავის მდგომარეობას და ცდილობს ამ მდგომარეობის შესაფერისი გატაცება იპოვოს, რადგან ბუნებაში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ცხოვრებისეული ძალები და სურვილები მეტ-ნაკლებად ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ალბათ ამის გამოა, რომ სიბერეში პანიკისთვის ნაკლებად იცლიან.

მონტენისთვის, მაგ. სიბერით სიკვდილი „იშვიათი, გამონაკლისი და უჩვეულო რამაა”. ადრე სხვა რამეებით უფრო კვდებოდნენ. იგი ამბობდა, „იმას კი არ ვწუხვარ, რომ კანონები ძალზე დიდხანს არ გვათავისუფლებს ჩვენი საქმეებისა და მოვალეობებისგან, არამედ იმას, რომ ერთობ დაგვიანებით გვრთავენ მათთან მისვლის ნებას”. ანტიკურ სამყაროშიც, ასაკოვნები დიდხანს არ ტოვებდნენ პოსტს, სამუშაოს, პასუხისმგებლობას. ბევრი ადამიანი გვახსენდება, ვინც ღრმა სიბერემდე აქტიურად იმუშავა, წერა, იაზროვნა. მაგ. ჰანს გეორგ გადამერი (102) და ერნსტ იუნგერი (103), დორის ლესინგი (94), კნუტ ჰამსუნი (92), ასტრიდ ლინდგრენი (94), ბერნარდ შოუ ( 94), ჯერომ სელინჯერი (91), ტადეუშ რუჟევიჩი (94), კოლაუ ნადირაძე (95), ივ ბონფუა (93), ემილ მიშელ ჩორანმა მთელი ცხოვრება სიკვდილსა და უბედურებაზე წერა, მაგრამ 84 წლამდე მაინც მიაღწია. დღეს ჩვენს ქვეყანას რამდენიმე 80–ს გადაცილებული კლასიკოსიც ჰყავს. ძველებიდან კი სოფოკლე (90) და ჰიპოკრატე (90) მახსენდება, ჰომეროსი ხომ ისედაც სულ (მარადიულ) მოხუცად წარმოგვიდგენია.

წერილის დაწერამდე ნორბერტო ბობიოს სტატიების კრებული გადავიკითხე, ინგლისური თარგმანი, „სიბერე და სხვა ესეები“, სადაც ავტორი ერთ დაკვირვებას გვიზიარებს, რომ ყველა ფილოსოფოსმა, ვისაც ეთაყვანებოდა და ვის ნაწერებსაც ბევრს კითხულობდა, ღრმა სიბერემდე მიაღწიეს. ეს ამბავი მან 80-ს გადაცილებულმა აღმოაჩინა და შეგვახსენა, რომ მაგ. თომას ჰობსმა „ილიადა“ და „ოდისეა“ 87 წლის ასაკში თარგმნა, კანტმა „მარადიული მშვიდობა“ 80-ს მიტანებულმა დაწერა, ბენედეტო კროჩემ ჰეგელზე თავისი ნაშრომები 86 წლისამ გამოსცა, ხოლო ბერტრან რასელმა მოგონებების მესამე და დასკვნითი ტომი 90-ს გადაცილებულმა გამოუშვა.

კიდევ ბევრი ავტორისა და წიგნის ჩამოთვლა შეიძლება მცირე პროზიდან, პოეზიიდან, დოკუმენტური თუ მხატვრული ტექსტებით: აპდაიკის ბაჭიას ციკლის ბოლო რომანი, სიმონ დე ბოვუარის წიგნი, დორიან გრეის პორტრეტი, ჯულიან ბარნსის „საშიში არაფერია“, ჰემინგუის მოხუცი და ზღვა, ციცერონის „სიბერის შესახებ“, ივანე წიკლაურის „რამ დამაბერა“.

სიბერეზე ფიქრი ლიტერატურის დაბადებასთან ერთად დაიწყო. უკვე „ილიადაში“ ვხედავთ ბრძენ ნესტორს. ხშირად შეხვდებით ლაქლაქა, სულელ ან მრჩეველ, ჭკუით სავსე მოხუცებულებს. ანტიკურობაში რამდენიმე კლასიკური ტექსტი დაიწერა სიბერის შესახებ, თუმცა ციტატების ყველაზე სრული კრებული მაინც სტობეუსის „ანთოლოგიამ“ შემოგვინახა (V ს.). აქაა 95 პასაჟი 42 სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებიდან, მათ შორის ანონიმური ციტატები ძვ.წ. მე-7 საუკუნიდან – ახ. წ. მე-4 საუკუნემდე. 31 ფრაგმენტი სიბერის ქებას ეძღვნება, 52-ში სიბერე დაგმობილია, 9-ში კი იმაზეა საუბარი, თუ როგორ შეიძლება იქცეს სიბერე სიამოვნებად და პატივისცემის წყაროდ.

ყველაზე მეტი ფრაგმენტი კომედიებიდან და სატირებიდანაა, შემდეგ მოდის ფილოსოფიური ტექსტები, ტრაგედიები, პოეტური ტექსტები და პროზა.

სიბერეზე წერდა ჯერ კიდევ ძვ. წ. VII- VI საუკუნეში პოეტი მიმნერმოსი, პლატონი თავის „სახელმწიფოში“, ციცერონმა De Senectute უშუალოდ ამ თემას მიუძღვნა. ასევე უნდა ვახსენოთ პლუტარქეს ტექსტები ხანდაზმულობაზე.

პლატონთან სიბერე და ფილოსოფიური მოცალეობა ერთად განიხილება, ციცერონთან სიბერის მთელი უბედურებები ადამიანსა და მისი ცხოვრების წესს ბრალდება, ხოლო პლუტარქეს დაუშვებლად მიაჩნია, რომ ასაკის გამო პოლიტიკოსი პენსიაზე გავიდეს. მას ხომ კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეუძლია. ერთი სიტყვით, ასაკს ანტიკურობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა, იგი არც კეთილდღეობის გარანტი იყო და არც მარგინალიზების მიზეზი ხდებოდა, რადგან პირველ რიგში თავად ადამიანი ფასდებოდა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

აქვეა სპარტელების გერუსია და რომის სენატი, სადაც დაახლოებით 60 ასაკის მამაკაცები იკრიბებოდნენ. სიბერის კონტექსტში ხშირად ახსენებენ ასევე „ფერმერებს“, მიწათმოქმედ „პენსიონერებს“, რომელიც ასაკოვანთა ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად მიიჩნეოდა. რომში ასეთი გამოთქმაც არსებობდა, ცხოვრების პირველი და საშუალო პერიოდი ადამიანმა სამშობლოს (patria) უნდა მიუძღვნას და უკანასკნელი წლები საკუთარი თავისთვის შეუძლია შემოინახოსო. ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პენსიაზე გასვლა არავის ჩაეთვალა სიზარმაცედ (desidia), არამედ სიმშვიდედ და უშფოთველობად (tranquillitas) უნდა აღქმულიყო.

ვახსენოთ სენეკა და პლინიუსიც.

სტობეუსის ანთოლოგიამ შემოგვინახა სენატორ ლუციუს ემილიუს იუნკუსის სიტყვები, რომ სიბერე ნიშნავს „ფიზიკურ ნაკლოვანებებსა და ავადმყოფობას, სიამოვნებისა და შეგრძნებების დაკარგვას, სიკვდილის შიშს, იმპოტენციას და უძლურებას“. მოხუცებულს ახალგაზრდები დასცინიან, პოლიტიკაში და სამხედრო საქმეებში მას აღარაფერი ესაქმება და ბოლოს სიბერეს სიღატაკეც მოჰყვება. პლინიუს უმცროსი იმოწმებს ვერგინიუს რუფუსის და პომპონიუს ბასუსის მაგალითებს, როგორც იდეალური სიბერისა, სადაც ასაკი, სიბრძნე, პატივისცემა და თქვენ წამოიდგინეთ, ჯანმრთელობაც კი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

მოხუცებზე წერდა იუვენალიც, საკმაოდ ხისტად და კრიტიკულად, მანამდე კი არისტოტელე, პლავტუსი, ჰორაციუსი და მარციალისიც შეეხნენ ამ თემას.

დავუბრუნდეთ ჩემი წერილის ერთ-ერთ ბირთვს, ნორბერტო ბობიოსა და მის წიგნს, „სიბერე და სხვა ესეები“. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოგონებებს. მთელი მისი წიგნიც წარსულის გახსენებაა, რეტროსპექცია, რომელიც საკუთარი თავის დანახვაში ეხმარება. ხშირად იტყვიან, რომ ადამიანი იმით ფასდება, თუ რა გააკეთა, რაზე ფიქრობდა და როგორ უყვარდა. ბობიო დასძენს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ის, თუ რისი გახსენება შეუძლია მას, რადგან დაგეგმვის დრო აღარაა და შესაბამისად, წარსულში ქექვის და ცხოვრების აზრის (ან ამ აზრი არარსებობის) ძიების, საკუთარ ნაკვალევზე სიარულის დრო დგება. დრო, როცა აღარ გვეშინია, აღარაფერს ვმალავთ და ტვინის ყველაზე ბნელი კუნჭულებიდანაც გამოვიხმობთ სიმართლეს. ბობიო ამბობს – მოგონება, გახსენება რთული პროცესია, იმედგაცრუებებით, მარცხითა და დისკომფორტით, თუმცა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი.

სიბერეში აჩრდილები გვესევიან. ხანდახან, რაც უფრო შორეულია მოგონება, მით უფრო ცხადად ჩანს და ის, ვინც ამ აჩრდილებს აცოცხლებს, მათ მცველად ითვლება. მისი დაძაბული ფიქრებით გამოდიან ისინი რეალობაში. ალბათ ამიტომაა, რომ სიბერეში იდეებზე მნიშვნელოვანი ერთგულება ხდება – ადამიანების, ძველი იდეების, გამოსახულებების, წამების, დაწყებული და ვერდასრულებული საქმეების ერთგულება.

ბობიო თავის სიბერეს მელანქოლიურ სიბერედ მიიჩნევს და მელანქოლიაში უპირველესად იმის გაცნობიერებას გულისხმობს, რასაც ვერ მიაღწია და ვერასდროს მიაღწევს. და ფილოსოფოსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: სიბერეში იგი უფრო მეტად ფაქტის გამეორებითაა დაინტერესებული, ვიდრე იდეებით. ახალი იდეა დაუპატიჟებელი სტუმარივითა, სადაც მისთვის ადგილი აღარაა, რადგან ყველა ადგილი უკვე გადავსებულია.

ხანდახან გაიგონებთ, რომ „მომავალი მოხუცებულებისაა“. ბევრისთვის გაუგებარია ეს გამონათქვამი. მოხუცებულობის შემდეგ ხომ აღარაფერია. არარა. გარდაცვალება. თუმცა ზოგიერთი ავტორი ხატოვნად ხსნის ამ სიტყვებს, რომ მოხუცებულები მოჩვენებებად და ჩვენი მომავალის წინასწარმეტყველებად გვევლინებიან და რომ მათთან ურთიერთობა საკუთარი სიცოცხლის დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოხუცებთან მიმართებაში ისეთი ცნებაც კი გაჩნდა, როგორიცაა „სულის ეკოლოგია“.

ცხოვრება მომავლის მაქსიმუმითა და წარსულის მინიმუმით იწყება და სრულდება წარსულის მაქსიმუმითა და მინიმალური მომავლით. სწორედ ესაა უიმედო მეხსიერება, უიმედო წარსული, ვაკუუმი, სადაც დასრულდა დაცლა და აღვსება. სადაც რაღაც დაგროვდა და ახლა უძრავადაა.

არსებობს ბიოლოგიური სიბერე, ასევე სოციალური და კულტურული სიბერე. ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა მათ რაღაც მაინც აერთიანებთ: სიბერე ერთხელ ხდება და მისი დაძლევა, დაღლილობისგან განსხვავებით, შეუძლებელია. დაღლილობას დასვენება შველის, ძალების აღდგენა, სიბერე კი შეუქცევადია. თუმცა სიბერეში დაღლილობის დაძლევაც სულ უფრო რთული ხდება.

ფილოსოფოსი მაქს შელერი ერთგვარ „მეტაფიზიკურ სიბერეზეც“ საუბრობდა, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. 25 წლის ახალგაზრდა შეიძლება 75 წლის მოხუცზე უფრო ხნიერი იყოს, დიდი დრო აშორებდეს სიკვდილს, მაგრამ უკვე მოხუცდეს. ამიტომ, სიბერე შესაძლოა ყოველთვის არ იყოს სიკვდილთან დაკავშირებული. მეც არაერთი დაბერებული ახალგაზრდა მახსენდება ყმაწვილობიდან მოყოლებული, და, მეორე მხრივ, ბევრს ვიცნობ მათ, ვინც ასაკთან ერთად სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარ თავში ახალგაზრდა ბიჭისა თუ გოგოს დანახვას. არაერთი ჩემი უფროსი მეგობარი ერთობოდა ინფანტილური ოინებით, ბევრი ხანდაზმული ადამიანი, ე.წ. „იუვენილიზმის“ მარათონშია ჩაბმული. ვარჯიშობს, დიეტას იცავს, ცდილობს ახალგაზრდად გამოიყურებოდეს. ისინი ბევრს უყვარს, სხვები დასცინიან და მწარე სიმართლით აზავებენ მათ სიხარულს.

მე მომწონს მოხუცებულობის უთქმელობა, სიდარბაისლე, მოთმინება, ვაფასებ ყოველ წამს, რომელიც მომდევნო სიტყვის მოფიქრებას სჭირდება და უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, როცა ხმამაღლა ვცდილობ მათი ფიქრების გამოცნობას. ისინი ჩემზე ღრმად იქექებიან და უფრო შორს ეძებენ ამ სიტყვებს. კიდე ერთი განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ მოხუცებულები შესანიშნავად გრძნობენ თავს შვილიშვილებთან, პატარებთან, ყველაზე შეურიგებელ და მეამბოხე ახალგაზრდებთანაც. 45-60 წლის ასაკში კრიზისები, პრინციპულობა და შეურიგებლობა შესაძლოა, უფრო გაუგებარი და მიუღებელი იყოს, ვიდრე 70-80 წლის ასაკში. თანაც, რას უპირისპირდებიან ახალგაზრდები? რა თქმა უნდა, არა სიბერეს, არამედ ძლიერ, ძალაუფლების მქონე მოწიფულობას. ალბათ რაღაც ამდაგვარი იგულისხმება ნორბერტო ბობიოს სიტყვებში: „1968 წლის მოვლენების დროს დაახლოებით 60 წლის ვიყავი და უცებ ვიგრძენი დაბერებაო“. იქნებ ეს ერთგვარი შეგნებული ნაბიჯიც იყო, რადგან მან საერთო ენის გამოსანახავად სიბერეში გადასვლა ამჯობინა გაახალგაზრდავებას. ამყოლ, ანთებულ მოხუცებულად ყოფნა არჩია თვითკმაყოფილი საშუალო ასაკის ადამიანის ან მოხუცებულის როლს.

მოხუცებული შეიძლება ბედნიერიც იყოს და უბედურიც, კმაყოფილი და უკმაყოფილო, ბუზღუნა, მორიდებული, დარდიანი და მხიარული, სიამაყით ან სინანულით სავსე. მოხუცებული, ვინც ვერ ივიწყებს თავის დამარცხებებს და მოხუცებული, ვისაც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება გამარჯვების გემო.

იქნებ მართლა „მოხუცებულებისაა მომავალი“? ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია, ყველანი, თუკი გაგვიმართლა და მანამდე ბრძოლის ველზე არ დავეცით ან რაიმე ტრაგიკულმა შემთხვევამ არ მოგვისწრაფა სიცოცხლე, საბოლოო ჯამში ამ შეუსწავლელი მატერიკისკენ მივცურავთ, რომელსაც სახელად „სიბერე“ ჰქვია. იგი ათასჯერ აღმოაჩინეს და მაინც სულ ნისლშია გახვეული.