ვინ არის ოვსიანიკოვა და რას ჰყვებიან ყოფილი თანამშრომლები – Meduza

ქრისტინე მუჯირი

14 მარტს რუსეთის „პირველი არხის“ საღამოს საინფორმაციო გამოშვების, „ვრემიას“ეთერში ტელევიზიის ერთ-ერთი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა, საინფორმაციო გამოშვების წამყვან ეკატერინა ანდრიევას უკან პლაკატით გამოჩნდა, წარწერით: „არა ომს. შეაჩერეთ ომი. არ ენდოთ პროპაგანდას. აქ თქვენ გატყუებენ“.

ოვსიანიკოვა მხოლოდ რამდენიმე წამით დარჩა ეთერში, რის შემდეგაც მაუწყებლობა სტუდიიდან გაითიშა.

მარინა ოვსიანიკოვა დააკავეს და უკვე გაასამართლეს – ჯერჯერობით, ადმინისტრაციული მუხლით. ის დამნაშავედ ცნეს „არასანქცირებული საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში“ და სახელმწიფოსთვის 30 ათასი რუბლის გადახდა დაევალა.

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, ვინ არის მარინა ოვსიანიკოვა და, ზოგადად, რა განწყობაა სახელმწიფო ტელევიზიაში უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ.

„ის ჭკვიანი ახალგაზრდა ქალბატონია. მისი შეჩერება რთული იყო“

მარინა ოვსიანიკოვა დაიბადა 1978 წელს ოდესაში და ქორწინებამდე გვარად ტკაჩუკი იყო. მარინა ოვსიანიკოვას მამა უკრაინელია, დედა კი – რუსი. ის გატაცებული იყო პროფესიონალური ცურვით. ოვსიანიკოვამ ცურვით გადალახა მდინარე ვოლგა და ბოსფორი.

1997 წელს მარინა ოვსიანიკოვა ჩაირიცხა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და იმავდროულად ადგილობრივ, ყუბანის სახელმწიფო ტელეარხზე ახალი ამბების ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა.

ამავე უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა, ტახირ ხოლიკბერდიევმა Meduza-სთან განაცხადა, რომ Russia Today (RT)-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმაც იგივე კურსი გაიარა, რაც მარინა ოვსიანიკოვამ.

Meduza-ს ინფორმაციით, მარგარიტა სიმონიანი უარყოფს, რომ მარინა ოვსიანიკოვას კურსელი იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ ოვსიანიკოვა კონკურენციას უწევდა მას ყუბანის ტელევიზიის ეთერში ჟურნალისტის პოზიციაზე.

„ოვსიანიკოვა ამ ტელევიზიის დირექტორის [ვლადიმერ] რუნოვის ფავორიტი იყო. სწორედ მის გამო [რუნოვი] ეწინააღმდეგებოდა ჩემს დანიშვნას კრასნოდარის მხარეში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის კორესპონდენტად, რადგან ამ ადგილზე ოვსიანიკოვას მოიაზრებდა“, – თქვა სიმონიანმა.

ის, რომ მარინა ოვსიანიკოვა ყუბანის ტელევიზიის დირექტორის, რუნოვის ფავორიტი იყო, Meduza-სთან დაადასტურა სხვა წყარომაც, რომელიც ყუბანის უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე სწავლობდა.

თავად ვლადიმერ რუნოვმა, რომელიც 1993 წლიდან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა ყუბანის ტელევიზიას, Meduza-სთან კომენტარი გააკეთა სიმონიანის სიტყვებზე.

„ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მე არ შემეძლო მისი [მარგარიტა სიმონიანის] კარიერული ზრდის შეფერხება. არასოდეს მიმუშავია მასთან. უფრო მეტიც, მას სხვები უმაგრებდნენ გვერდს. [სიმონიანი] მაშინაც კი გამოჩენილი ფიგურა იყო“, – თქვა Meduza-თან ვლადიმერ რუნოვმა.

რუნოვმა დაახასიათა მარინა ოვსიანიკოვა, როგორც „ჭკვიანი, ახალგაზრდა ქალი“, რომლის „შეჩერებაც ძნელი იყო“. რუნოვი Meduza-სთან ამბობ, რომ ოვსიანიკოვას სურდა, ყოფილიყო სხვებისგან გამორჩეული და დამოუკიდებლად ცდილობდა, გაეკვალა გზა. მისი თქმით, კარგია, რომ ეს ახდა, თუმცა უარყოფითად შეაფასა ოვსიანიკოვას საპროტესტო აქცია.

„მე ვერ ვხედავ მის ქმედებაში გმირობას და გამბედაობას. ჩემთვის ეს უფრო სისულელეა. უნდა აკეთებდე ჟურნალისტიკას – წერდე, იღებდე და არ ეძებდე თავგადასავალს.“

რუნოვმა, როგორც თავად ამბობს, ოვსიანიკოვას შესთავაზა მოსკოვის უნივერსიტეტში RANEPA-ში  ჩაბარება, სარეკომენდაციო წერილიც დაუწერა  და „დაეხმარა მიღებაში“. მარინა ოვსიანიკოვა 2001 წლიდან 2005 წლამდე სწავლობდა RANEPA-ში, ჟურნალისტიკას.

დაცვა არ აღმოჩდა მზად მოვლენების ასეთი განვითარებისთვის

„პირველ არხთან“ დაახლოებული წყარო იხსენებს, რომ ოვსიანიკოვა გადაცემა „ვრემიაში“ მისმა მაშინდელმა ქმარმა, RT-ის რეჟისორმა, იგორ ოვსიანიკოვმა მოაწყო, 2000-იანი წლების დასაწყისში. დედამისი ირინა ოვსიანიკოვაც იქ მუშაობდა, ტიტრების რედაქტორად.

„როგორც ჩანს, ის [მარინა ოვსიანიკოვა] მაშინვე მუშაობდა კორესპონდენტებთან – რედაქტორი იყო. იგორ ოვსიანიკოვთან ორი შვილი ჰყავს: უფროსი, როგორც მე ვიცი, თითქმის 18 წლისაა. მარინა ბოლო დროს მუშაობდა „ქალაქების სამსახურის“ საერთაშორისო ცვლაში. არ ვიცი, რამ აიძულა, გაეკეთებინა ის, რაც გუშინ გააკეთა; რამ უბიძგა ასეთი გმირობისკენ“, – უთხრა „Meduza-ს წყარომ.

წყაროს თქმით, 14 მარტს ოვსიანიკოვამ ეთერში პლაკატით შევარდნის შემდეგ თავისუფლად დატოვა სტუდია, რის შემდეგაც ის მყისვე აიყვანეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა.

ოვსიანიკოვას ყოფილმა კოლეგამ, ჟურნალისტმა, იგორ რისკინმა Meduza-სთან განაცხადა, რომ „ვრემიას“ ეთერში ოვსიანიკოვას გამოსვლის ნახვითანავე მისწერა მარინა ოვსიანიკოვას, სჭირდებოდა თუ არა დახმარება. მოსკოვის დროით, 23:07 საათზე მარინა ოვსიანიკოვამ იგორ რისკინს მისწერა, რომ  „ოსტანკინოს პოლიციაში“ იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი ოვსიანიკოვა მას აღარ დაჰკავშირებია.

რისკინი „პირველ არხზე“ 2002 წლიდან მუშაობდა, 2006 წელს იყო კორესპონდენტი ვაშინგტონში, 2009 წელს კი დატოვა რუსეთის „პირველი არხი“.

 „2008 წლის ომმა საქართველოში საშინელი გავლენა მოახდინა ჩემზე – იმან, თუ როგორ აშუქებდნენ ამას ჩემი კოლეგები. და რადგან „პირველ არხზე“ ვიყავი, ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე პირდაპირ არ ვიყავი ჩართული პროცესში.  ამან ძალიან შემაშინა და გავლენა იქონია ჩემს გადაწყვეტილებაზე. დიდი პროტესტი არ გამომიხატავს, უბრალოდ, რუსეთის „პირველი არხიდან“ წამოვედი “, – ამბობს რისკინი Meduza-სთან.

რისკინის თქმით, სოციალურ ქსელებში დაწყებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ „ეს იყო  აქცია, რომელიც ორგანიზებულია თავად ტელეარხის მიერ“ და ოვსიანიკოვა „ვერასდროს ვერ აუვლიდა უსაფრთხოების ზომებს გვერდს“, დაუსაბუთებელია.

მისი თქმით, ასეთ შეფასებებს აკეთებენ ისინი, რომლებსაც არ უნახავთ ახალი სტუდია [საიდანაც ახლა „ვრემია“ გადაიცემა].

მისი თქმით, ეს არის ყოფილი საკონცერტო სტუდია, სადაც ადრე იწერებოდა ცნობილი გადაცემები. სამუშაო სივრცეები და რედაქტორების კომპიუტერები განთავსებულია თავად სტუდიაში, წამყვანის უკან, – განმარტავს რისკინი.

„დაცვას რაც შეეხება – რა თქმა უნდა, სტუდიას დაცვა ჰყავს, მაგრამ ჩემს დროს სტუდიის შესასვლელთან იყო დაცვა და არა შიგნით. რედაქტორები ცვლაში მუშაობენ, კვირების განმავლობაში. მათი სახეები დაცვას ახსოვს. ყველა იცნობს ერთმანეთს და ოთხად დაკეცილი პლაკატის შეტანა, გაშლა და წამყვანის უკან დადგომა ტექნიკურად სულაც არ არის რთული. არავინ იყო სტუდიაში, ვინც მას შეაჩერებდა იმ წუთას. სააპარატოდან, რომელიც სტუდიის თავზეა განთავსებული, შეეძლოთ სიგნალის მიცემა, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მარინა გასვლისას “– ამბობს რისკინი.

ტელეარხის კიდევ ერთმა წყარომ უთხრა Meduza-ს, რომ ახლა სტუდიაში ჰყავთ დაცვის თანამშრომელი, რომლის სამუშაო ადგილიც ახალი ამბების წამყვანის მაგიდიდან არც თუ ისე შორს არის განთავსებული, მაგრამ მან ვერ მოასწრო რეაგირება მარინა ოვსიანიკოვას ქმედებებზე, რადგან მსგავსი აქამდე არაფერი მომხდარა და ამისთვის მზად არ იყო.

პარიზში რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი კორესპონდენტი ჟანა აგალაკოვა (მისი არხიდან წასვლის შესახებ ცნობილი გახდა ოვსიანიკოვას აქციის მეორე დღეს) ოვსიანიკოვას ახასიათებს, როგორც „ინტელექტუალურ და ძალიან სასიამოვნო მოსაუბრედ“.

„მარინა ახალი ამბების რედაქტორია და ჩვენი საქმიანობა სამსახურში ერთმანეთთან ხშირად არ იკვეთებოდა. რამდენადაც ვიცი, ის მუშაობდა კორესპონდენტებთან, რომლებიც მუშაობენ რუსეთის რეგიონებში. მე ვარ საერთაშორისო კორესპონდენტი და მიმუშავია საერთაშორისო რედაქტორებთან“, – განუცხადა მან Meduza-ს.

ჟანა აგალაკოვამ არ იცის, რა ვითარებაა რუსეთის „პირველ არხზე“ ოვსიანიკოვას ეთერში პლაკატით შესვლის შემდეგ. როგორც ამბობს, 3 მარტს მან ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ სამსახურს ტოვებდა. ახლა ჟანა აგალაკოვა საქმეების გადაბარების პროცესშია.

„პარასკევიდან თავისუფლება მოვა. ამ წუთს ველოდები“, – უთხრა მან  Meduza-ს და შეკითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტმა სამსახურის დატოვება, უპასუხა: „ვფიქრობ, პასუხი ნათელია“.

ელენა აფანასიევამ, რუსეთის „პირველი არხის“ შემოქმედებითი დაგეგმვის დირექტორატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც „პირველ არხზე“ მუშაობდა 2006 წლიდან 2021 წლამდე, Meduza-სთან ამბობს, რომ „პირველ არხზე“, მათ შორის, საინფორმაციო პროგრამების მიმართულებით, სადაც ოვსიანიკოვა მუშაობდა, ბევრი „არ ეთანხმება“ ოფიციალურ სარედაქციო ხედვას.

„ზოგიერთ მათგანს გულწრფელად სჯერა იმის, რასაც აკეთებენ და ბევრ მათგანს ვიცნობ. ვიღაც მუშაობს იმიტომ, რომ სხვაგან სამუშაო არსად არ არის. მედიის სფეროში სამუშაო ადგილები შაგრენის ტყავივით შემცირდა. ბევრს ვიცნობ, ვინც არ იზიარებს ოფიციალურ ინფორმაციას და დამოკიდებულებას, რომელსაც არხი ავრცელებს, მაგრამ არ შეუძლია ან ეშინია წასვლის – შვილების, მშობლების, იპოთეკის, ჩამოშლილი დანაზოგების, მოსალოდნელი უმუშევრობის, მგლის ბილეთის შიშის გამო“, – თქვა ელენა აფანასიევამ.

ომის დაწყებიდანვე რუსეთის „პირველი არხის“ ყველა თანამშრომელი ნერვებზე იყო

ომის დაწყებიდანვე „ყველა თანამშრომელი ნერვებზე იყო“, – ამბობს Meduza-ს წყარო, რომელიც ტელეარხთან დაახლოებული პირია.

 „ყველას, გამონაკლისის გარეშე, ესმის, რომ იტყუებიან. მათ სტუდიაში აქვთ ეკრანები Reuters-ისა და AP-ის ახალი ამბებით, ზემოდან კი ეგზავნებათ ტექსტები, რომლებიც საერთოდ არ ასახავს რეალობას.

ომის დაწყებიდანვე საინფორმაციო სამსახურის საშუალო პერსონალს პანიკა დაეწყო: რატომ ვიტყუებით, რა დაგვემართება? მაგრამ უფროსები ამშვიდებდნენ. ამბობდნენ, რომ ახლა [უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ] ზელენსკის ჩამოაგდებენ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე, მაგრამ დრო გადის, არავინ აგდებს ზელენსკის; ჭკვიან და ინფორმირებულ ადამიანებს ნერვები ღალატობთ. ოვსიანიკოვას აქვს როგორც ჭკუა, ასევე ინფორმაციაზე წვდომაც, რადგან ის მუშაობდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამსახურში, სადაც აგროვებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიუჟეტებს და მუშაობენ სხვადასხვა კორესპონდენტთან“, – ამბობს Meduza-ს კიდევ ერთი წყარო, რომელიც „პირველ არხთან“ დაახლოებული პირია.

ის დარწმუნებულია, რომ ოვსიანიკოვას საქციელი სასამართლო პროცესით დასრულდება, რათა „სხვებმაც არ მიბაძონ მის მაგალითს“.

სააგენტო Interfax „პირველი არხის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის შემდეგ „პირველმა არხმა“ დაიწყო თანამშრომლების „სამსახურებრივი შემოწმება“.

„პირველი არხი“ ოფიციალურ განცხადებებში მარინა ოვსიანიკოვას უწოდებს „უცხოს კადრში“, სახელისა და პოზიციის მითითების გარეშე.

რუსეთის „პირველი არხის“ პრესსპიკერმა, ლარისა კრიმოვამ Meduza-ს შეკითხვებს არ უპასუხა. Meduza-ს კიდევ ერთი წყარო ამბობს, რომ მარინა ოვსიანიკოვას აქციის შემდეგ „პირველ არხზე“ არაფერი შეცვლილა.

„რამე განსაკუთრებული ხმაური დღეს არ ყოფილა. ხალხი მუშაობს. ზემოდანაც არანაირი მითითება არ ყოფილა. მუშაობენ, როგორც ქარხანაში, მშვიდად და შეკითხვების გარეშე“, – ამბობს ის.

მეორე წყაროს თქმით კი, ჯერჯერობით, ყველაფერი მშვიდადაა – „ჭექა-ქუხილს ჯერ არ მოუღწევია და არც ჩანს, რომ მოაღწევს“.