წითელი ბაფთების ნამდვილი ამბავი

თათია ხალიანი

„მოვდივართ, რათა გავაჟღეროთ ჩვენი თემისა და საზოგადოების საკითხები! მოვდივართ, რათა ვიბრძოლოთ უსამართლობის წინააღმდეგ! მოვდივართ, რათა გავაპროტესტოთ გოგონების მოტაცება და ნაადრევი ქორწინება! მოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, მეცნიერებს, ინჟინრებს! მოვედით, რათა დავიცვათ ჩვენი კულტურა და ისტორია!“- აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, რომლებიც პლატფორმა „სალამ-ის“ ირგვლივ გაერთიანდნენ, პირველად სწორედ ამ მიმართვით გამოჩნდნენ. მათი ერთ-ერთი მთავარი სურვილი საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ შექმნილი წარმოდგენების შეცვლაა.

საქართველოში აზერბაიჯანული თემის კულტურასა თუ წეს-ჩვეულებებზე მცდარი წარმოდგენები იმდენად მყარადაა გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ხშირად ტრადიციის ნამდვილი შინაარსი იკარგება. ერთ-ერთი ასეთი მითი ჭიშკარსა თუ ღობეზე მიკრულ წითელ ბაფთებს ეხება. წითელი ლენტი/ბაფთა თემში ბედნიერების სიმბოლოა და მრავალფეროვანი დატვირთვა აქვს. დანარჩენი საქართველოსთვის კი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებში კარს მიბნეული წითელი ლენტი ნიშნავს, რომ სახლში დასაქორწინებელი გოგოა.

ამგვარი  წარმოდგენა კვებავს ასევე მეორე გავრცელებულ შეხედულებას, რომ ადრეულ ასაკში მხოლოდ აზერბაიჯანულ თემში ქორწინდებიან და ეს პრაქტიკა ამ კულტურისთვისაა დამახასაიათებელი.  თუმცა, ეს ასე არ არის. 

ჩვენ მოგიყვებით წითელი ბაფთების ნამდვილ ამბავს,  გეტყვით რას ამბობენ ადრეულ ასაკში ქორწინებაზე თემის წევრები და აქტივისტები:

ნიშნობა, ქორწილი და ნათლობა – ფერად ბაფთებს ვიყენებთ, როგორც ბედნიერების ნიშანს ამ დროს – მეუბნება გიულარი. აი, მაგალითად, თქვენც ხომ რთავთ ლენტებით მანქანებს ქორწილის დღეს, ასე ვალამაზებთ ჩვენც დღესასწაულებს ამ ბაფთებით, ამატებს და თავისი დის ამბავს იხსენებს.

 „მნიშვნელობა არ აქვს გოგო ქორწინდება თუ ბიჭი. ეს ბედნიერების სიმბოლოა და ჭიშკარზე სიხარულის აღსანიშნავად აკრავენ. ბაფთა თავისით უნდა ჩამოვარდეს, ასე სჯერათ. ოჯახის წევრები საკუთარი ხელით არასდროს ხსნიან. თითქოს ეს უბედურებას მოიტანს. თავისით რომ ჩამოვარდეს ამას ხანდახან წლები სჭირდება, ამიტომაც ნახავთ ზოგან გახუნებულს. ჩვენც გავაკეთეთ ჩემი დის ქორწილზე, სამი წლის მერე თავისით ჩამოვარდა“, – მიყვება გიულარი.

გიულარ იბრაგიმოვა 26 წლისაა, მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარიდან. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი თბილისში სხვადასხვა ადგილას  უწევდა მუშაობა, ძირითადად, თარჯიმნად. ორი თვეა მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში იურისტად მუშაობს.

ამბობს, რომ აზერბაიჯანელი თემის ტრადიციების შესახებ საქართველოში სამწუხაროდ, ბევრი არაფერი იციან. როდესაც თბილისში ცხოვრობდა, სტუდენტობისას ხშირად ეკითხებოდნენ, წითელი ლენტი იმას ხომ ნიშნავს, რომ ოჯახში დასაქორწინებელი გოგოაო. ყველას უხსნიდა, რომ ეს ერთ-ერთი ტრადიციაა, რომელიც ბედნიერებას და სიხარულს გამოხატავს.

„ფერს არ აქვს მნიშვნელობა. ადრე წითელ ფერს იყენებდნენ, ახლა სხვადასხვა ფერებია – ლურჯი, თეთრი. ქორწილის  ან რამე განსაკუთრებული შემთხვევის დროს სახლს, ეზოს ვალამაზებთ. მერე უბრალოდ აღარ ხსნიან და რჩება ძალიან დიდი ხანი.  შეიძლება ცრურწმენაა ჩვენთან, მაგრამ კარგი დღის სიმბოლოა“, – ამბობს პლატფორმა „სალამ-ის“ კაპიტანი ელნურ ალისოი.

ისიც ხშირად ყოფილა სიტუაციაში, როდესაც მეგობრების დარწმუნება უწევდა, რომ გავრცელებული შეხედულება წითელი ბაფთების შესახებ არასწორია.

ელნური ფიქრობს, რომ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში, არ არსებობს სივრცე, სადაც საქართველოში მცხოვრები ეთნოსები შეხვდებოდნენ, გაიცნობდნენ და კულტურას გაუზიარებდნენ ერთმანეთს. ინფორმაციის გაზიარების ნაკლებობას კი მოჰყვება სტერეოტიპები, რომლებსაც სხვადასხვა წყაროები ამყარებს.

„მაგალითად, ჩვენი თემი გაშუქებულია მედიაშიც და ყველგან, რომ თითქოს  ნაადრევი ქორწინება მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენთანაც არის, მაგრამ  სინამდვილეში ყველა წინააღმდეგია ამის, სხვადასხვა სოციალური მიზეზების გამო უწევთ ამის გამართლება“,  – ამბობს ელნური.

ელნურ ალისოი „სალამ“-ის შექმნის ამბავს იხსნებეს. ამბობს, რომ ხშირად იკრიბებოდნენ ახალგაზრდები, საუბრობდნენ, მსჯელობდნენ რის გაკეთება/შეცვლა შეეძლოთ, სხვადასხვა პრობლების სისტემურ მიზეზებს განიხილავდნენ. საერთო სასაუბრო სივრცე ჰქონდათ სოციალურ ქსელში. სწორედ აქ დაწერა ერთ-ერთმა წევრმა, რომ მათ მეგობარს ჰამიდს დახმარება სჭირდებოდა.

„ჰამიდის ამბავმა მოგვცა ძალა და მოტივაცია გავერთიანებულიყავით და ერთობლივად რამე გაგვეკეთებინა. აქამდე თუ ვაკეთებდით ცალ-ცალკე, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები თუ იყვნენ გაფანტული სხვადასხვა რეგიონში, ახლა შევქმენით ქსელი და ეს ხალხი ერთმანეთს დავუკავშირდით“, – ამბობს ელნური.

„სალამ, ჩვენ მოვედით“ ახალგაზრდების პირველი მიმართვა იყო, რომელიც გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდის სკოლის მასწავლებლის ჰამიდ სადიკოვის მხარდასაჭერად ჩაწერეს. ახალგაზრდა მასწავლებელს სოფლის ცენტრში იძულებით ბოდიში მოახდევინეს იმის გამო, რომ გოგოს მოტაცება გააპროტესტა.

„გოგოებო, თქვენ მარტო არ ხართ!“ ეს უკვე პლარტფორმის მეორე მხარდამჭერი ვიდეო  იყო გოგოებისთვის, რომელიც ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემას ეხებოდა.

„ნაადრევი ქორწინება. გოგოების მოტაცება. ოჯახური ძალადობა. ეს ტრადიცია არ არის“, – ამბობენ გოგოები მიმართვაში.

პლატფორმა ამჟამად ოფიციალურად 75 წევრს ითვლის, მაგრამ არაოფიციალურად ასზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.

რაზე ვლაპარაკობთ, როცა ადრეულ ასაკში ქორწინებაზე ვლაპარაკობთ

ადრეული ასაკში ქორწინება ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით. ადრეულ ასაკში ქორწინება არ ახასიათებს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ან ტრადიციას. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი უთანასწორო გენდერული ნორმები და დისკრიმინაციული გენდერული ურთიერთობებია, რომლებიც ქვეყნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს ახასიათებს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად –  ხაზგასმულია  „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მოკვლევაში.

„მოგვეცით, ჩადეთ უფრო მეტი რესურსი განათლებაში და ჩვენ არ დაგვჭირდება საუბარი ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემაზე. ჯერ ადრეულ ქორწინებაზე ვლაპარაკობთ და არა უპირატესად განათლებაზე“, – ამბობს სათემო რადიო „მარნეულის“ დირექტორი კამილა მამედოვა.

სათემო რადიომ ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო საუბარი თემში ადამიანის უფლებებზე, ქალების ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, თემის პრობლემებზე და რაც მთავარია, ამაზე სასაუბროდ სივრცე ახალგაზრდებს დაუთმო.

კამილა ყურადღებას ამახვილებს იმ სოციალურ მიზეზებზე, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადრეულ ასაკში ქორწინებას.

„უნდა ვილაპარაკოთ, როგორი სკოლებია, როგორია პედაგოგების კვალიფიკაციის დონე, რა პირობებში უწევთ ცხოვრება ბავშვებს –  გზა არ არის, ტრანსპორტი არ არის.  ახლა მაქვს პროექტი, სადაც ახალგაზრდა მოქალაქე ჟურნალისტები, 17 წლის ბავშვები წერენ სტატიებს და საყოფაცხოვრებო პრობლების იქეთ ვერ მიდიან. დიდი სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში, ალტერნატიული განათლების სისტემაში, მაგრამ იმდენად მოწყვლადები არიან ამ სოფლებში, რომ ძალიან რთულია“, ამბობს კამილა მამედოვა.

ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის მოგვარებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გამონაკლისები არის. ვიღაცას გაუმართლა და ეს კარგია, მაგრამ ზოგადი სურათი უცვლელია და რაოდენობა არ შემცირებულა.

როგორც კამილა აღნიშნავს, კარგია, როდესაც უკვე საუბრობენ, რომ საქართველში მცხოვრები არამართლმადიდებელი, არაქართველი მოქალაქეები ისეთივე თანაბარუფლებიანები არიან, როგორც ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები და ამაზე საუბრობენ თემის წევრები, მედიაც და ცენტრში მცხოვრები ადამიანებიც: “ახლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ პრობლემებზე, მაგრამ ჯერ ალბათ გამოსავლის გზებს ვერ ვიპოვით“.

აქტივისტი სამირა ბაირამოვა ხაზს უსვამს, რომ მთავარი მიზეზი, საიდანაც  არასწორი წარმოდგენები იწყება, არის ინფორმაციის გავრცელების წყაროები. როგორც ამბობს, მედიაში აზრებაიჯანული თემიდან გადის მხოლოდ ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად დომინანტური კულტურის წარმოდგენაში მყარდება აზრი, რომ ამ ადამიანების ცხოვრების ნაწილი მარტო ქორწინებაა და ყველაფერს ამასთან აკავშირებენ.

„საქართველში გაბატონებულია წარმოდგენა, რომ  აზარებიჯნული თემი არაა თანამედროვე ხალხი. თითქოს გოგოები ავტობუსით არ დადიან, კაფეში არ დადიან, ქალაქში არ დადიან. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ ისეთივე ცხოვრება გვაქვს, როგორც ყველას, რა თქმა უნდა, პრობლემებიც არის, ნაადრევი ქორწინებაც, ისევე როგორც სხვაგან“, – ამბობს სამირა.

სამირა მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემა არ მოგვარდება, თუ რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა არ იქნება თემის წევრებისთვის; მათ არ ექნებათ განათლებაზე, სოციალურ სერვისებზე წვდომა; არ იქნება ისეთი სივრცე, სადაც გაჩნდება განათლების მიმართ ინტერესი.

„ბავშვები სოფლად ისეთ პირობებში ცხოვრობენ, რომ ტრანსპორტიც კი არ დადის. ასევე, არ არსებობს ადგილები, სადაც თუნდაც მოტაცების შემდეგ მშობელთან ერთად მივა გოგო და შესაბამის დახმარებას მიიღებს, იურიდიულს, ფსიქოლოგიურს. პრობლემის მოგვარებისთვის არაფერი კეთდება, შესაბამისად, არ იცვლება მდგომარეობა“, – ამბობს სამირა ბაირამოვა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მშობლად დარეგისტრირდა 715 არასრულწლოვანი დედა და  23 არასრულწლოვანი მამა. როგორც ომბუდსმენი მიუთითებს, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინება არ რეგისტრირდება, ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები მაინც პრობლემად რჩება.

სახალხო დამცველი შესწავლილი საქმეების ანალიზის მიხედვით ამბობს, პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის მიმართულების დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ არავინ არ სვამს შეკითხვას, რეალურად როგორია ის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გარემო, რომელშიც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.

მისი თქმით, უფლებებისა და შესაძლებლობების  ჩამორთმევა, რომელსაც აზერბაიჯანელი თემი აწყდება, საქართველოში ისტორიული და სტრუტქურულია. მათ აქვთ ძალიან დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობა. მაგალითად, როგორც ის ამბობს, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კერძო და საჯარო მიზნებისთვის 70%-ზე მეტ ადამიანს არ მიუმართავს თვითმმართველობისთვის. ხოლო ამ პროცესიდან სრულიად გათიშულია ქალები.

„ბუნებრივია, რომ პოლიტიკური პროცესებიდან მათი გარიყვა საბოლოოდ იწვევს იმას, რომ მათი საჭიროებები, წუხილი, ინტერესები პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებული არ არის და არც ცვლილება ხდება“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

მეორე, რასაც თამთა მიქელაძე ასახელებს, ქართული ენის დომინაციის პოლიტიკაა, ნებისმიერი სერვისი, რომელიც შეიძლება ადგილზე მიიღონ, იქნება ეს თვითმმართველობის სერვისი თუ სახელმწიფო სერვისები, არცერთი მომსახურება ან სახელმწიფო მხარდაჭერა არ არის თარგმნილი აზერბაიჯანულ ენაზე  და ამ ბარიერის გამო ადამიანები ვერ სარგებლობენ.

მიქელაძე განათლების სისტემაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა სახელმძღვანელოები, მასწავლებლების კვალიფიკაციისა და ქართული ენის სწავლების, ასევე, სკოლების ინფრასტრუქტურის საკითხი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი გარღვევა იყო „1+4“ პროგრამა, რომელმაც ახალი პოლიტიკური თაობა შექმნა, რომლებმაც განათლება თბილისის უნივერსიტეტებში მიიღეს.

„მათ არა მხოლოდ პროფესიული განათლება მიიღეს,  არამედ ახალი პოლიტიკური იდეები შეიძინეს და ისინი ახლა ძალიან საინტერესო ემანსიპატორულ შრომას ეწევიან თემში, რა თქმა უნდა, აქ არიან გოგოებიც. ეს მნიშვნელოვანი რესურსია. მაგრამ მათი დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული საჯარო სამსახურში. სახელმწიფო სისტემურად არ უდგება მათ დასაქმებას“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მხოლოდ დასჯაზეა ორიენტირებული და პრევენციას რაც უნდა აძლიერებდეს, სოციალური მხარდაჭერა, განათლება, ტრანსფორმაციული მართლმსაჯულება და ა.შ. ეს მიდგომები არ აქვს. ამიტომ პრობლემების თემისა და ტრადიციებისთვის გადაბრალება არასწორია.