წლის ინიციატივები და ადამიანები, რომლებმაც სხვების ცხოვრება შეცვალეს

პუბლიკა

2020 წელი ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გარდა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, თავშესაფარი, ბევრი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. რომ არა ერთმანეთის მხარდაჭერა, ალბათ სამედიცინო მომსახურებისა თუ საარსებო პროდუქტების გარეშე უფრო მეტი ადამიანი დარჩებოდა. ეს წელი ამ მხრივაც გამორჩეული იყო – სოლიდარობისა და დახმარების მაგალითებით. მიუხედავად მრავალი ასეთი ინიციატივისა, „პუბლიკა“ შეეცადა წლის ბოლოს  მკითხველისთვის რამდენიმე მათგანი გაეხსენებინა.

პანდემიისას „ჩართემ“ მოსაწავლეებს ინტერნეტი ჩაურთო

პროექტი „ჩართე“ 2017 წელს დაიწყო, თუმცა, პროექტის ფარგლებში, პანდემიის პირობებში, სპეციალურად COVID-19-ის ინტერნეტის ფონდის ანგარიში შეიქმნა და პროექტმა რეგიონებში მცხოვრებ 300-მდე ბავშვს ლეპტოპი ჩაუტანა და ინტერნეტი ჩაურთო.

„ჩართე“ კერძო ინიციატივით შექმნილი პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც უკვე 751 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს აქვს ლეპტოპი და მოიხმარს ინტერნეტს. 

დღეს საქართველოში 78 ათასამდე მოსწავლეს ინტერნეტი ჯერ კიდევ არ აქვს. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საფასურის გადახდას. ეს იმ პირობებში, როცა COVID-19-ის დროს, სასწავლო პროცესი ინლაინრეჟიმში გადავიდა და სოციალურად დაუცველი ბავშვები, ვისაც ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდა, ფაქტობრივად, სასწავლო პროცესს გამოეთიშა.

მედგიდი/Med Guide და სოფო ჯაფარიძე 

ოჯახის ექიმთან დაკავშირება, სიმპტომებსა და გართულებების შესახებ შეკითხვებზე პასუხის მიღება, კვალიფიციური ექიმების რჩევები, გამოცდილების გაზიარება, დანიშნულების გადამოწმება და მედიკამენტებზე ინფორმაციის მიღება და სხვა სახის სამედიცინო ინფორმაცია და დახმარება შეუძლია მიიღონ მოქალაქეებმა Facebook ჯგუფი – მედგიდი/ Med Guide-სგან.

დღის განმავლობაში ჯგუფში უამრავი პოსტი ქვეყნდება. ჯგუფის საშუალებით პროფესიონალები ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარნენ როგორც სამედიცინო რჩევებით, ასევე კლინიკაში გადაყვანით.

„მედგიდი“ დამფუძნებელია ექიმი-სტომატოლოგი სოფო ჯაფარიძე. ის ხშირად პირადად პასუხობს ადამიანებს ჯგუფში და ამისამართებს შესაბამის ექიმთან. ჯგუფს უკვე 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. 

ასევე, ჯგუფში ზიარდება სხვადასხვა ექიმის ვიდეორეკომენდაციებიც. ადამიანები ერთმანეთს ურჩევენ კვალიფიციურ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს და ეხმარებიან სხვადასხვა სირთულის დაძლევაში, რომლებიც ინფორმაციის მიღებასა  თუ მკურნალობის მეთოდებთანაა დაკავშირებული. 

Perojok – ღვეზელები ქუჩაში მყოფი ხანდაზმული ადამიანებისთვის

ეს არის ნინო ბოლქვაძისა და ნინო ბექაიას ინიციატივა, რომლებიც უსახლკარო მოხუცებისთვის ღვეზელებს აცხობენ, აგროვებენ ფულს და ცდილობენ, პანდემიით გართულებული ზამთრის ცხოვრება შეუმსუბუქონ.

მათი სურთ, საზოგადოებას აჩვენონ ისიც, რომ მცირე თანხითაც შესაძლებელია დაეხმარო ხალხს. შესაძლებელია, რამდენიმე ლარით სხვისთვის ფასდაუდებელი სიკეთე გააკეთო.

„როცა ბევრნი ვართ, თანხაც გროვდება და ბევრი ადამიანის დახმარებაც ხდება შესაძლებელი. ამ ინციატივასაც სულ ორ დღეში გავუწიეთ ორგანიზება. ასე რომ, ეს არ არის რთული და თითო ლარიც არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ საკვები. ეს არის სითბო, ეს არის მხარდაჭერა, ზრუნვა და ემოციები, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს. მხოლოდ ასე გადავრჩებით – ერთად“, – ამბობენ ისინი. 

გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალურები – სოფო შუბითიძის ინიციატივა

„გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალური გადასახადები“ – Facebook  ჯგუფი 26 მარტს შეიქმნა. ინიციატივა სოფო შუბითიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ამ წამოწყებით დაახლოებით 60-მდე ოჯახს დაეხმარნენ.

სოფოს შუბითიძის სურვილია, ჯგუფის შესახებ მეტმა ადამიანმა გაიგოს და ეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტმა დახმარების მიმღებმა და დახმარების გამცემმა გამოიყენოს.

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნდა 

თელაველი ექიმი, დავით მრელაშვილი, რომელიც წლების მანძილზე ამერიკაში მუშაობდა, პანდემიის დროს საქართველოში დაბრუნდა და კახეთში მუშაობს. მან სოციალურ ქსელში ქართველი ექიმებისთვის კოვიდკლინიკა შექმნა და რამდენიმე მიმართულების ექიმი გააერთიანა პაციენტების დასახმარებლად.

ასევე, დავით მრელაშვილმა კახეთის სამედიცინო დაწესებულებებს უფასოდ გადასცა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები, რომლებიც თავად შეიძინა. მან ასევე შეიძინა დასაკეცი საწოლები, გადააკეთა და თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა. 

ექიმი დავით მრელაშვილი ჩართულია კახეთში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ. 

ფოტო: დავით მრელაშვილის Facebook-დან

ჰელფები“ – მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივა

სოციალურად დაუცველ ოჯახებს აქტივისტები საკვებითა და ტანსაცმლით ეხმარებიან. ისინი დღეში 100-ზე მეტ ოჯახთან მიდიან. ინიციატივა მოძრაობა „სირცხვილიას“ ეკუთვნის.

„ჰელფების“ სტანდარტული კალათის შემადგენლობის ჩამონათვალს აქვეყნებენ. მსურველებს პროდუქტების მიტანა შეუძლიათ აქტივისტებთან და ისინი ოჯახებში არიგებენ. 

„ამ მძიმე დროში, როცა კარგი ამბები სანთლითაა საძებარი, მოხალისეთა ძალების საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებით წარმოუდგენელი რამეების ჩადენა მოვახერხეთ.

გასულ ერთ თვეში ჰელფების მხარდაჭერა 1681-მა ოჯახმა და 19-მა თავშესაფარმა, სულ 7000-მდე ისეთმა თანამოქალაქემ მიიღო, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ხშირად კი, ბენეფიციარები ერთმანეთსაც უმართავდნენ ხელს”, – წერია მოძრაობის Facebook გვერდზე.

ფოტო: „სირცხვილია“

მარნეულელი ქალების დახმარება covid-19-ით ინფიცირებულ ოჯახს

პანდემიის დასაწყიში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ სხვა აქტიურ ქალებთან ერთად სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა. 

„სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა სარეველა, სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ“, – ამბობს ნაირა პაქსაძე.

ექთანი, რომელიც ადამიანებს უსასყიდლოდ ეხმარება 

მარიამ გოგსაძე 31 წლისაა და ქუთაისში ცხოვრობს. 9 წლის განმავლობაში რუსეთში ბებიაქალად მუშაობდა. 2 წლის წინ საქართველოში დაბრუნდა. ახლა თავისი პროფესიით არ მუშაობს. აქ სხვა საქმე წამოიწყო.

მარიამს ოქტომბერში Covid-19 დაუდასტურდა. ამ პერიოდში შეექმნა გარკვეული პრობლემები, მანვე უმკურნალა საკუთარ თავს. პირველი იზოლაციის შემდეგ გადაწყვიტა, უსასყიდლოდ დახმარებოდა ადამიანებს, რომლებსაც სამედიცინო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ამისთვის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ტელეფონის ნომერი და მას შემდეგ მასთან ზარები არ შეწყვეტილა. არ უარყოფს, რომ ძალიან რთულია, მთელი დღე  დადიოდე ოჯახიდან ოჯახში,  ერთი პაციენტიდან, მეორესთან, მაგრამ „ისეთი იმედით გირეკავენ, ეს ხმაში იმდენად იგრძნობა, რომ ძალიან რთულია, ადამიანი უარით გაისტუმრო და უთხრა, არ მცალიაო“, – ამბობს ის.

დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის

9 ნოემბერს სოციალურად დაუცველი 57 წლის მამუკა დიაკონიძე პატრულმა „კომენდანტის საათის წესების დარღვევის” გამო 2000 ლარით დააჯარიმა. მოქალაქე  მეტრო რუსთაველის წინ ღამის 11 საათისთვის დააჯარიმეს. ვიდეო თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. 

„რას წაიღებენ ჩემგან, ვნახოთ. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, აგერ ვარ მათხოვრად, ქუჩაში. ამის გადამხდელი მე, არა კი არა, ვერ ვარ. აგერ მაქვს „კრუშკა”, რითაც ვმათხოვრობ და ამ „კრუშკიდან” 2000 ლარი უნდა შევაგროვო?!

არც პოლიცია აჩერებს. ტაქსი არაა. ავტობუსი არაა. სახლში ვერ მივდივარ. დღეს ღამე ქუჩაში უნდა გავათენო”, – ჰყვებოდა მამუკა დიაკონიძე „რადიო თავისუფლებასთან”.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში ანა ქათამაძემ და ანა ტარუაშვილმა ჯგუფი შექმნეს მამუკა დიაკონიძის დასახმარებლად. დაიწყეს თანხის შეგროვება, რომ მისთვის ჯანმრთელობის პრობლემები გადაეჭრათ. მამუკა დიაკონიძის დახმარების ჯგუფში 2200 ადამიანი გაერთიანდა და დაახლოებით 5 000 ლარის შეგროვება მოხერხდა.

ასევე, მამუკა დიაკონიძეს უსასყიდლოდ ეხმარება ადვოკატი სალომე კუბლაშვილი. ადვოკატმა დიაკონიძისთვის გამოწერილი ოქმი გაასაჩივრა. საჩივარს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროში განიხილავენ. ადვოკატი ამბობს, რომ თუ არ დაკმაყოფილდება მათი გასაჩივრებული ოქმი, საქმეს საქალაქო სასამართლოში წაიღებენ.

საკვები მარტო დარჩენილი ცხოველებისთის

პანდემიის დასაწყიში ახალგაზრდებმა ცხოველების დასახმარებლად კამპანიის წამოწყება გადაწყვიტეს. ქუჩაში მარტო დარჩენილ ცხოველებზე ზრუნვა თავიდან ათიოდე მოხალისემ დაიწყო.

„მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის“ – ასე ჰქვია Facebook-ჯგუფს, რომელშიც მიუსაფარ ცხოველთა დასახმარებლად რამდენიმე ათასი ადამიანია გაწევრებული.