XXI საუკუნის 10 საუკეთესო ქართული რომანი | გამოკითხვის შედეგები

პუბლიკა

2020 წლის ბოლოს „პუბლიკამ“ 20-მდე ქართველი ლიტერატურისმცოდნე, მწერალი, მთარგმნელი და ფილოლოგი ქართული ლიტერატურის გასული ორი ათწლეულის შესაჯამებლად გამოკითხა. მათ ვთხოვეთ, შეედგინათ 21-ე საუკუნის 5 საუკეთესო ქართული რომანის საკუთარი სია.

გთავაზობთ გამოკითხვის დაჯამებულ შედეგებს:

10. „კოღო ქალაქში“ (2010) ავტორი: ერლომ ახვლედიანი

 

ერლომ ახვედიანის უკანასკნელი რომანი „კოღო ქალაქში“ 2010 წელს გამომცემლობა „სიესტამ“ გამოსცა. 2011 წელს წიგნმა წლის საუკეთესი რომანისთვის პრემია „საბა“ დაიმსახურა.

ანოტაცია: „ქვა, რომელიც ეძებს თავის შეყვარებულ ქვას, დიდი ხნის წინათ გაჩერებული საათი, რომელიც „რომელიღაც წარსულს სისხლივით ამოანთხევს”, თავისით ფეხადგმული წერტილი, რომელიც არ ემორჩილება არც კალამს არც მწერალს, – გავადევნოთ თვალი უდროოდ დასმული წერტილის მოძრაობა-თავგადასავალს…”

9. „საღეჭი განთიადები, უშაქროდ“ (2017) ავტორი: ზურა ჯიშკარიანი

ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანი „საღეჭი განთიადები. უშაქროდ“  სულაკაურის გამომცემლობამ 2017 წელს გამოსცა. რომანს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ 2018 წლის საუკეთესო სადებიუტო რომანისთვის, ასევე ილიაუნის ლიტერატურული პრემია 2017 წელს.

ანოტაცია: „რომანი კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას…”.

8. „პატარა ქვეყანა“ (2017) ავტორი: ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძის რომანი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. „პატარა ქვეყანა“ 2018 წელს პრემია „საბას“ ლაურეატი გახდა, საუკეთესო რომანის კატეგორიაში.

ანოტაცია: „პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიული ტექსტია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა.

7. „მელია -ტულეფია: Fox-Trot“ (2011) ავტორი: ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმუძის რომანი გამომცემლობა „სიესტამ“ 2011 წელს გამოსცა. რომანი 2012 წელს „საბას“ ლაურეატი გახდა საუკეთესო რომანის კატეგორიაში.

ანოტაცია: ზურაბ ქარუმიძის ახალი რომანი, ჩემი აზრით, არაა, უბრალოდ, ამა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სალიტერატურო მოვლენა! ესაა მოვლენა, რომლის შემდეგაც თანამედროვე ქართულ სალიტერატურო სივრცეში, პირადად ჩემთვის, რაღაც დალაგდა (გადალაგდა?). ქარუმიძის ”მელია-ტულეფია: Foxtrot” (მაინც ეს ორი ურთიერთამრეკლავი სათაური?!) – ესაა ჩვენი ქართული მოდერნიზმის ჭეშმარიტად ჩვენებურად პოსტმოდერნისტული აპოლოგია, აპოლოგია – ამ სიტყვის ძველი ანტიკური გაგებით – გამართლება: ქართულმა მოდერნიზმმა კიდევ ერთხელ გაამართლა – მან იპოვა თავისი ნამდვილი მემკვიდრე. –– ზაზა შათირიშვილი.

6. „მინერალური ჯაზი“ (2003) ავტორი: ზაზა ბურჭულაძე

ზაზა ბურჭულაძის პოსტმოდერნისტული რომანი 2003 – 2012 წლებში სამჯერ გამოიცა, სულაკაურის გამომცემლობის მიერ. ის მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია.

ანოტაცია: „მინერალურის ჯაზი“ იწყება როგორც საცირკო ტრაგიკომედია, შემდეგ მდორედ გადადის დეტექტიურ სიბრტყეში, ბოლოს კი სულაც გიჟდება, გადაიზრდება რა თავბრუდამხვევ კარნავალსა და ფეერიაში. რომანი ერთდროულად მოგვაგონებს დახვეწილ სადღეგრძელოსა და ცოფიან ჯაზურ იმპროვიზაციას ფიუჟენის სტილში. ესაა ხალხური სიმღერის ვირტუოზული არანჟირება.

5. „გათვლა“ (2010) ავტორი: თამთა მელაშვილი

თამთა მელაშვილი სადებიუტო რომანი „გათვლა“ 2010 წელს გამოიცა, გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ. 2011 წელს წლის საუკეთესო დებიუტისთვის რომანმა პრემია „საბა“ მიიღო.

ანოტაცია: ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული.

4. „გოდორი“ (2003) ავტორი: ოთარ ჭილაძე

კლასიკოსი მწერლის ოთარ ჭილაძის ბოლო რომანი 2003 წელს გამოიცა, გამომცემლობა „არეტეს“ მიერ. რომანმა წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში პრემია „საბა“ დაიმსახურა.

ანოტაცია: „ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს“, – წერდა ოთარ ჭილაძე, ქართული ლიტერატურის სინდისი, რომლიც პროზაც, პოეზიაც და წერილებიც მწერლის პასუხისმგებლობისა და სინდისიერების უზადო ნიმუშია“.

3. „ობოლე“ (2011) ავტორი: აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძის რომანი სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2011 წელს გამოიცა. რომანს 2012 წელს საუკეთესო რომანის კატეგორიაში პრემია „საბა“ მიენიჭა.

ანოტაცია: „რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება… სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი.

ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც. გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?“

2. „სანტა ესპერანსა“ (2004) ავტორი: აკა მორჩილაძე

რომანი სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2004 წელს გამოიცა. ის გახდა ასევე წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში პრემია „საბას“  გამარჯვებული.

ანოტაცია: „მწერლის მიერ გამოგონილი ქვეყანა – სანტა ესპერანსა – ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.”

1. „ვა, სოფელო“ (2019) ავტორი: ზაირა არსენიშვილი

მწერლის, სცენარისტის ზაირა არსენიშვილის რომანი „ვა, სოფელო“ პირველად 2002 წელს გამოიცა, რედაქტორისა და გამომცემლის გიგი კიკილაშვილის მიერ.  2019 წელს კი რომანი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. მწერალი 2015 წელს გარდაიცვალა.

ანოტაცია: „მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ – თამაზ ჭილაძე.