მაშ ასე, ყარაბაღის მორიგი დიდი ომი დასრულებულია. გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ნიშნავს რეგიონში ახალ სტატუს-კვოსა და ახალ ძალთა ბალანსს.
სად არის ამ სტატუს-კვოში საქართველო და ნიშნავს იგი, თუ არა რუსეთის კიდევ უფრო გაძლიერებას? ამ და სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა ჯერ ნაადრევია, მაგრამ ბევრი რამ უკვე ცხადად დალაგდა და მათზე თამამად საუბარი შეგვიძლია.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ასცდა ყველაზე მძიმე შესაძლო სცენარი. საუბარია სრულფასოვანი ომის განახლების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნისგან სამხედრო კორიდორის მოთხოვნაზე. ომი განახლდა და დასრულდა ისე, რომ რუსეთს კორიდორი არ მოუთხოვია. საქართველო გადარჩა ომში ჩათრევას და მან ასევე შეძლო ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. არც ოფიციალურ ბაქოსა და არც ოფიციალურ ერევანს ის არაფერში დაუდანაშაულებია.
სომხეთმა განიცადა უმძიმესი მარცხი. ჯერ კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ქვეყანა გამოვა შოკიდან და გაიაზრებს, რა მოხდა. მან დაკარგა ჯარის დიდი და საუკეთესო ნაწილი. პაშინიანის დღეები, წესით, დათვლილია. მიუხედავად იმისა, რომ სომხები სასტიკად იმედგაცრუებულნი არიან რუსეთის საქციელით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პაშინიანი პროდასავლურმა ძალებმა შეცვალონ. ალბათ მოხდება პირიქით – ომის წაგება და ტერიტორიების დაკარგვა პაშინიანის დასავლეთთან თამაშს დაბრალდება და მის ნაცვლად კვლავაც მოსკოვზე უფრო მეტად ორიენტირებული ძალები მოვლენ.
სხვა გზა ამ ეტაპზე სომხეთს არ აქვს, რადგან ყარაბაღის დარჩენილი ნაწილის შესანარჩუნებლად მას რუსი სამშვიდობოების ყოფნა სჭირდება. თუკი რუსი სამშვიდობოები გავლენ, აზერბაიჯანელებს შეუძლიათ, შეტევა გააგრძელონ და მთლიანად აიღონ დარჩენილი ტერიტორიაც. მათთვის ახლა ეს გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე იყო ორიოდ თვის წინ – სხვა ყველაფერთან ერთად ახლა მათ ხელშია ქალაქი შუშა, სტეპანაკერტიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, მთაზე მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი. დასავლეთზე ორიენტირებისათვის სომხეთი რუსეთს უნდა ჩამოეხსნას და, შესაბამისად, ალბათ არა მხოლოდ ყარაბაღზე უნდა თქვას საბოლოოდ უარი, არამედ თურქეთთანაც უნდა დაალაგოს ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა პოზიციები საკმაოდ გაიმყარა, მთავარი გამარჯვებული მაინც აზერბაიჯანია. ომში მოგება თავისთავად სერიოზული განაცხადია. მით უფრო, რომ ბაქოსგან ასეთ წარმატებას ალბათ ძნელად ელოდა ვინმე, მათ შორის რუსეთიც. ეს უკანასკნელი სომხებს იარაღით ამარაგებდა და მოვლენათა განვითარებას აკვირდებოდა. მას არ სურდა აზერბაიჯანის განაწყენება და პირდაპირ არ ერეოდა კონფლიქტში, მით უმეტეს, რომ იურიდიულად ამის ვალდებულება არ ჰქონდა (ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით მოსკოვის მხრიდან გარანტიები მხოლოდ საკუთრივ სომხეთზე ვრცელდება).
რუსეთს ალბათ უფრო აწყობდა, თუკი აზერბაიჯანი წინ ვერ წაიწევდა და ძველი სტატუს-კვო დარჩებოდა ძალაში. მაგრამ აზერბაიჯანმა დრონების მეშვეობით სომხეთის საკუთრებაში არსებული რუსული ტექნიკა იოლად გაანადგურა და არა მხოლოდ წინ წაიწია, არამედ მიუახლოვდა ბოლო წითელ ხაზსაც – სტეპანაკერტს.
აღმოჩნდა, რომ სამხედრო საქმეში რევოლუცია მოხდა და ამისთვის ალბათ არავინ იყო მზად, მათ შორის არც რუსეთი. მაგრამ ყველაზე მძიმედ დრონების რევოლუცია თავის თავზე, ცხადია, რომ სომხეთმა იწვნია.
კიდევ ერთი გამარჯვებული თურქეთია, რომელსაც კავკასიაში ასეთი აქტიური როლი ოსმანთა იმპერიის დაშლის შემდეგ არ უთამაშია. ჩანს, შედგა გარკვეული გარიგება მოსკოვსა და ანკარას შორის: მას შემდეგ, რაც თურქეთმა სირიაში რუსეთის ჩარევაზე თვალი დახუჭა, რუსეთმაც დახუჭა თვალი კავკასიაში თურქეთის ჩარევაზე.
რუსეთმა კი დაამტკიცა, რომ კავკასიაში მთავარ მოთამაშედ რჩება. ომი დასრულდა მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმებას პუტინმა მოაწერა ხელი და დასრულდა რუსი სამშვიდობოების ჩადგომით. მისი, როგორც საიმედო მოკავშირის იმიჯი საგრძნობლად შეირყა, მაგრამ მოკავშირეები მას არც ისე ბევრი ჰყავს და ვინც ჰყავს, თითქმის ყველა ლამის უპირობოდაა მასზე ჩამოკიდებული.
საქართველოსთვის ეს ამბავი ბევრს არ ცვლის: იქ, სადაც რუსული ბაზა თბილისიდან 40 კილომეტრშია განლაგებული, ლაჩინთან რუსი სამშვიდობოების ჩადგომა ნამდვილად არაფერია და დიდ საფრთხეს არ მოასწავებს. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უნდა ველოდოთ რაიმე ცვლილებას. რუსული გარანტიები უშუალოდ ამ ტერიტორიებზე ვრცელდება (განსხვავებით ყარაბაღისგან). თუმცა, ამავე დროს გაჩნდა ომით დაკარგული ტერიტორიების ომით დაბრუნების პრეცედენტი, თანაც ჩვენს რეგიონში… ამან, წესით, სოხუმიცა და ცხინვალიც უნდა დააფიქროს იმაზე, რომ მუდმივი არაფერია.
სამშვიდობო ხელშეკრულების მიხედვით აზერბაიჯანი ნახიჩევანს სახმელეთო კორიდორით დაუკავშირდება, ნახიჩევანით კი – თურქეთს. უკვე გამოითქვა წუხილი, რომ ეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას შეასუსტებს. ჩემი აზრით, ეს არც ისე დიდი დანაკარგია. თუკი ამ ომის შემდეგ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დაისადგურებს, საქართველო საბოლოო ჯამში მოგებული დარჩება.
ჩვენი ქვეყანა ტრანზიტზე, ვაჭრობასა და ტურიზმზეა ორიენტირებული და მას მშვიდობა სჭირდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანის გაძლიერება ზრდის შანსებს, რომ ჩვენი ენერგოკორიდორის (ბაქო-თბილისი-ერზერუმის) როლი გაიზრდება და ახალი, დამატებითი პროექტების მეშვეობით ევროპისათვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან მარშრუტად იქცევა.
მით უმეტეს, რომ თეთრ სახლში ბაიდენის მოსვლის შემდეგ ამერიკის მხრიდან ჩვენი რეგიონის მიმართ ყურადღების ხელახალ ზრდას უნდა ველოდოთ.