ყაზახეთი - ტრაგედია უგმიროდ

თორნიკე შარაშენიძე

იმისათვის, რათა კარგად გავიაზროთ,  რა მოხდა (და ხდება) ყაზახეთში, სულ ცოტა 30 წლით უკან უნდა გადავინაცვლოთ და გავიხსენოთ საბჭოთა კავშირის დაშლა – მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც ყველა ყოფილმა რესპუბლიკამ სხვადასხვანაირად გადაიტანა. 

ბალტიელებმა გარე მხარდაჭერისა და თვითორგანიზების ხარჯზე საკმაოდ იოლად და წარმატებულად დააღწიეს თავი იმპერიას. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან სრულფასოვან ომში ჩაერთნენ. როგორი იყო ეს პროცესი საქართველოსათვის, ყველას კარგად მოეხსენება. აი ყაზახეთი არა მხოლოდ იმპერიის დაშლის პროცესიდან გამოვიდა სრულიად უმტკივნეულოდ, არამედ შემდგომშიც კი არანაირი სერიოზული კრიზისი არ გაუვლია, მათ შორის არც ეკონომიკური.

ყაზახებს დარჩათ რესურსებით (მათ შორის არა მხოლოდ ნავთობითა და გაზით, არამედ იშვიათი ლითონებით) უმდიდრესი და უზარმაზარი ტერიტორია; ასევე მათ ჰყავდათ მეტად ჭკვიანი და ცბიერი ლიდერი ნაზარბაევის სახით.

ნაზარბაევის დამსახურება უპირველესად ალბათ ის გახლავთ, რომ მან კარგად შეაფასა ყაზახეთის მთავარი სისუსტეები: მოსახლეობაში რუსული უმცირესობის დიდი წილი, და რუსული ენისა და კულტურის დომინაცია ყაზახური ეროვნული იდენტობის დიდი დეფიციტის ფონზე. ეს დეფიციტი არანაირად არ იყო გასაკვირი – ყაზახეთის სახელმწიფო, როგორც ასეთი, ერთი პერიოდი მხოლოდ ხანატის სახით არსებობდა (ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ).

ამას კიდევ საბჭოთა პერიოდში მიზანმიმართული რუსიფიკაციის პოლიტიკა დაემატა. შესაბამისად, ნაზარბაევს ესმოდა, რომ რუსეთთან სიფრთხილე იყო საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლი, სხვა თუ არაფერი, საკმაოდ იოლად მოახდენდა ყაზახეთში სეპარატისტული მოძრაობის პროვოცირებას.

ამიტომ 1989 წლიდან მოყოლებული (როცა ის ყაზახეთის მმართველად იქცა)  ყველაფერს აკეთებდა, რათა იმპერიის დაშლით გამწარებული რუსეთისათვის აგრესიის რაიმე საბაბი არ მიეცა. მოსკოვთან ლოიალურ ურთიერთობებზე ნაზარბაევს არც მაშინ უთქვამს უარი, როცა ქვეყანაში დიდძალი ამერიკული ინვესტიცია შევიდა და პარალელურად დამყარდა ახლო ურთიერთობები მზარდ ჩინეთთან. ყაზახეთს არასოდეს დაუყენებია ეჭვქვეშ თავისი ყოფნა „ოდეკაბე”-ში და რუსეთის მიერ შექმნილ საბაჟო კავშირშიც უპირობოდ შევიდა.

მაგრამ, ამასთან ერთად, ყაზახეთში მიზანმიმართულად ხდებოდა რუსული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა და ეროვნული იდენტობის დამკვიდრება. დედაქალაქი ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ასტანაში გადავიდა, სადაც რუსული უმცირესობა მჭიდროდ იყო დასახლებული. ყაზახურმა ენამ თანდათანობით გამოდევნა რუსული. ის კი არა, 2017 წელს უკვე გადაწყდა ყაზახური ანბანის კირილიციდან ლათინურზე გადაყვანაც.

ცხადია, მოსკოვში ამას კარგად ხედავდნენ, მაგრამ პასუხის გაცემა არც ისე იოლი იყო. ყაზახეთი არა მხოლოდ აგრესიის არანაირ საბაბს არ იძლეოდა, არამედ მეტად სტაბილურ და ძლიერ მოთამაშედაც ჩანდა.

ყირგიზეთისგან განსხვავებით – აქ არ ხდებოდა არაფრისმომცემი რევოლუციები. ტაჯიკეთისგან განსხვავებით – აქ არ ყოფილა სამოქალაქო ომი. თურქმენეთის ოდიოზურ რეჟიმთან შედარებით – ყაზახეთი შედარებით გახსნილი და მოდერნიზებული ქვეყანა იყო. ყაზახეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის უტოლდებოდა. მოსკოვიდან შიგადაშიგ გაისმოდა განცხადებები, რომ ყაზახეთს „არასოდეს ჰქონია სახელმწიფო” და რომ მას „რუსეთის ტერიტორიების ნაწილი აჩუქეს”. მაგრამ ამაზე შორს საქმე არ მიდიოდა.

არ მიდიოდა, მაგრამ მხოლოდ დროებით. ყველა ზემოთ ჩამოვლილ წარმატებას ერთი დიდი პრობლემა ახლდა: ყაზახეთი მაინც რჩებოდა ერთი კაცის დიქტატურად და არავინ იცოდა, რა ბედი ელოდა ქვეყანას მისი წასვლის შემდეგ. აზერბაიჯანული მოდელი არაფრით არ გამოდიოდა, რადგან ნაზარბაევს ვაჟი არ ჰყავდა. ამიტომ 2019 წელს უკვე ხანდაზმულმა (79 წლის) დიქტატორმა პრეზიდენტის სავარძელი ერთი შეხედვით მის უერთგულეს ტოკაევს დაუთმო, თვითონ კი ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა.

ყველა კარგად ხვდებოდა, რომ რეალური ძალაუფლება სულ მცირე რამდენიმე წელი მაინც ნაზარბაევის ხელთ იქნებოდა. თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. მალე დიქტატორს კოვიდი შეეყარა, რომელიც საკმაოდ მძიმედ გადაიტანა. სიბერემ და ავადმყოფობამ თავისი ქნა – ნაზარბაევი საქმეებს მოწყდა და კონტროლიც ნაწილობრივ დაკარგა. ამით კი, ცხადია, ტოკაევმა და მისმა კლანმა ისარგებლა. კლანები და კლანური აზროვნება ყაზახეთში არსად წასულა, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის განმავლობაში ეს ქვეყანა ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

შემდეგ კი მოვლენები მეტად სწრაფად განვითარდა. ბუნებრივ გაზზე ფასის გაზრდის გამო ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელმაც მალე უმართავი და ძალადობრივი სახე მიიღო. პროტესტანტებს შორის შეიარაღებული პირებიც გამოჩნდნენ. როგორც ტოკაევის ხელისუფლება ამტკიცებს ეს არის უკანონო ფორმირება, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში ფარულად გადიოდა მზადებას ქვეყნის სამხრეთ რეგიონში და მათ შესახებ უშიშროების სამსახურმა ინფორმაცია განგებ დამალა (უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ახლახან დააპატიმრეს კიდეც). ფორმირებების შექმნა ნაზარბაევის ოჯახის წევრებს ბრალდება – იმ მოტივით, რომ მათ ძალაუფლების დაკარგვა არ სურდათ.

რა ქნა ტოკაევმა, ეს კარგად ვიცით. მან რუსეთს სთხოვა დახმარება. სხვას ვერც ვერავის სთხოვდა; ჩინეთს საკუთარი „ოდეკაბე” არ გააჩნია, ამერიკა კი შორსაა და რომც გადაწყვიტოს ყაზახეთში ჩარევა, ეს დიდ დროს წაიღებს (დემოკრატია ნელა მუშაობს ასეთ დროს). შესაბამისად, დარჩა რუსეთი და „ოდეკაბედ” წოდებული მისი სამხედრო ალიანსი.

ეს უკანასკნელი მისივე წესდების მიხედვით მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში მოქმედებს. ამიტომ ყაზახეთში შიდა არეულობის გამომწვევ მიზეზად „გარე ძალები” დასახელდნენ. „გარე ძალებსა” და „დასავლეთის ხრიკებზე” საუბარი ალბათ ღიმილისმომგვრელია (დაახლოებით ისევე, როგორც იმედები, რომ გაზის გაძვირების გამო დაწყებული გამოსვლები ყაზახეთში დემოკრატიის გამარჯვებით დასრულდებოდა), მაგრამ ეს საბოლოო შედეგს არ ცვლის: ყაზახეთში „ოდეკაბეს“ ეგიდით რუსული ჯარები შევიდნენ. მოსკოვმა ორი კურდღელი დაიჭირა: შევიდა ყაზახეთში (სადაც იქამდე ჯარი არ ჰყავდა) და მის მიერ შექმნილი სამხედრო ალიანსიც აამუშავა. 

რა ელის ამიერიდან ყაზახეთსა და მთლიანად ყოფილ საბჭოთა სივრცეს? ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში „წესრიგი მყარდება.” თუმცა, „ოდეკაბეს” ჯარები იქ იქამდე დარჩება, „სანამ საჭიროება მოითხოვს”. ცხადია, რომ „დახმარების” სანაცვლოდ ყაზახეთის რეჟიმს რაღაცების დათმობა მოუწევს.

არაა გამორიცხული, რომ „ოდეკაბეს” ჯარების გასვლის შემდეგ იქ რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნას. არც ისაა გამორიცხული, რუსული ენა ისევ დაბრუნდეს სახელმწიფო ენის სტატუსით, მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. მოკლედ, შუა აზიის უძლიერეს სახელმწიფოზე რუსეთის გავლენა იზრდება…