ზღვის ხაზები ქალაქში

დავით ბუხრიკიძე

მხატვარ თამუნა მელიქიშვილის  ცისფერ-ყავისფრის ობერტონები პროექტში „ქალაქი, რომელსაც ზღვა აქვს“

ზურმუხტისფერი ზღვის ჰორიზონტისა და ხმელეთის ყავისფერი ნაგლეჯების ერთ განზომილებაში დანახვა ბევრი მხატვრისთვის ესთეტიკური თავგადასავალია, ბევრისთვის კი თავსატეხი. თამუნა მელიქიშვილის ახალ  სერიაში სახელწოდებით, „ქალაქი, რომელსაც ზღვა აქვს“, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღმოაჩენთ ზღვისა და ხმელეთის ბუნებრივ, მარტივ და მრავლისმეტყველ კავშირს, რომელშიც ტეხილი სიუჟეტები და გრაფიკულ-ფერწერული განწყობა „ზღვის ქალაქის“ ეგზისტენციას ნამდვილად გადმოსცემს.

ამ ქალაქში „ხეტიალისას“ ბევრი აღმოჩენა გელით: მაგალითად, დაინახავთ საღამოს სიმკრთალეში ჩაკარგულ ძველ პორტს, წყალში ოდნავ მოლივლივე ნავებს, ქარში გაფენილ თევზსაჭერ ბადეებს, ყოჩაღი თუ ზანტი მეზღვაურების ცეკვას (აქ, ალბათ, კონკრეტულად გაგახსენდებათ ანრი მატისის „მოცეკვავეები“), სანაპიროზე მოსეირნე ქალებსა და ბავშვებს, ზღვიდან დაბრუნებულ მებადურებს, ფანჯრებიდან სევდიანად მომზირალ მეთევზის ცოლს, თოლიებს, რომელთა სუსტი, მაგრამ გამყინავი ხმა თითქოს ცხადად  ჩაგესმით…

„ქალაქი, რომელსაც ზღვა აქვს“ ეს არის პროექტი, რომელშიც მოსაზღვრე მდგომარეობა იგულისხმება. უფრო ზუსტად, ეს არის ცხოვრება ხმელეთსა და ზღვას შორის; ერთდროულად გამოთხოვება სახმელეთო თავგადასავლებთან და მიპატიჟება ზღვის უსასრულო ჰორიზონტისკენ. განსხვავებული ტონალობის მქონე ვარიაციულ ჩანახატებში არა მხოლოდ კონკრეტული ამბები იკითხება, არამედ ქალაქის ცხოვრება და თავგადასავლები. ჩვენს მეხსიერებაში ბევრი რამ ამოტივტივდება, რაც ზღვასა და სანაპიროს უკავშირდება. 

შესაძლოა ზოგი მარინისტულ ცდუნებასაც აჰყვეს, თუმცა მე, რატომღაც, ჰერმან  ბროხის ეპიკური რომანი „ვირგილიუსის სიკვდილი“ მახსენდება. შესაძლოა იმიტომ, რომ ამ პატარა და კოხტა ქალაქის ცხოვრების მიღმა მაინც ხმელთაშუა ზღვის სურნელსა და გამოძახილს  ვგრძნობთ.

მაინც რა თამაშს გვთავაზობს მხატვარი? უკიდეგანო სივრცესთან ინტიმურ და ლირიკულ გაბაასებას? ჰორიზონტის მასშტაბისა და  ხმელეთის მონაბერი ქარის შემოწმებას? ზღვის ფერების ხელახალ აღმოჩენას? სანაპიროზე გაბნეული ცხოვრებისა და ხმაურის მონატრებას?.. ან იქნებ, მის წარმოსახვაში ეს ყველაფერი ზღვის ქალაქის ყოფითი პოეზიის ქრესტომათია, რომელშიც ადამიანები მხოლოდ სივრცისა და დროის დამატებითი შტრიხები არიან?! 

ის, რაც მხატვრის ხედვის წერტილიდან  ჩანს, უსასრულობის დანახვის მცდელობაა. ხან ხმელეთზე  და ხან ზღვაში, ხანაც მათ გადაკვეთაზე. ვინც თამუნა მელიქიშვილის ნამუშევრებს, ასე თუ ისე, იცნობს, მათში ყოველთვის აღმოაჩენს  რაღაც ისეთს, რაც წარსულის ნატიფი გადმონაშთია. ეს ხატები მოულოდნელ დროს ამოტივტივდებიან მეხსიერებაში… 

ზურმუხტისფრად მოჭიქულ-მოქუფრული ზღვაც, გრაფიკულად გაცრეცილი ქალაქიც, სანაპიროზე მიმოფანტული ხალხიც  ყველაფერი, რასაც ახალ ნამუშევრებში ხედავთ და გრძნობთ, თითქოს ბევრჯერ გინახავთ, მაგრამ ეს მცდარი და ილუზორული განცდაა. ამ მრავალრიცხოვან „გამეორებაში“, მუდმივ აღმოჩენებს წააწყდებით. საკუთარი სტილით იმპროვიზებული თამაში მისი სტიქიაა, მისი შესაძლებლობა და განუმეორებლობაც, რაშიც გამჭვირვალე იუმორი გაუმჭვირვალედ და ზუსტად ეხმარება. 

პარადოქსია, რომ „ზღვის ქალაქში“ ძველი თბილისი, მადათოვის გამქრალი კუნძული, მეტეხის ხიდი და კლდეზე შეფენილი აივნიანი სახლებიც იგულისხმება, თუმცა მხატვრის ფანტაზიაში ეს ზღვისა და სანაპიროს ერთიანობაა და ამიტომ მის ფანტაზიას აღარ დავარღვევ. აღარც კინემატოგრაფიულ წარმოდგენებს შევეხები, რადგან კინო ცალკე თავგადასავალია, მის ცხოვრებაში, რომლის აღწერა ცალკე დროსა და სივრცეს მოითხოვს. მით უმეტეს, რომ თამუნა მელიქიშვილის კავშირი და გამოცდილება კინემატოგრაფთან ძალიან მრავალმხრივი და კონკრეტულია: მოკლემეტრაჟიანი ფილმებით დაწყებული, სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმებითა და კონცეპტუალური ვიდეოარტით დამთავრებული…

საინტერესოა, თუ როგორ ქმნის მხატვარი ზღვის შეგრძნებას ხმელეთის დახმარებით, მისი ხაზებით, თუმცა ბევრი რამ მაინც სუბიექტური და ამოუხსნელი დარჩება. 

ფრაგმენტი თამუნა მელიქიშვილის ადრინდელი ინტერვიუდან: „მინდა, ერთმანეთთან დავაკავშირო მოვლენები, რომლებსაც ცხოვრებაში ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ. ლიტერატურასა და კინოში ხომ შეიძლება ასეთი რამ? ერთხელ მქონდა კიდეც მცდელობა, „პომპეის ახლად აღმოჩენილი ფრესკა დამეხატა. მოვიგონე, ვითომ პომპეის ფრესკა აღმოვაჩინე… ხატვის აქტი ყოველთვის სპონტანურია. როცა ხატავ, შეიძლება, უცაბედად აღმოჩენილმა ლაქამ სულ სხვაგან წაგიყვანოს, დაგავიწყდეს, რისთვისაც დაიწყე. მამაცი და გამბედავი უნდა იყო, რომ დროებით გადააგდო, დაივიწყო ის, რისი თქმაც გინდოდა.