ასე ვერ ჩამოივლი და აგრესიულ ტესტირებას, ზოგადად, მოსახლეობაში ვერ გააკეთებ – სოლოღაშვილი

პუბლიკა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში მყოფი 49 პაციენტიდან 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა. მისი თქმით, გუშინ კლინიკაში 15 პაციენტი შევიდა, 12 თეთრიწყაროდანაა, 3 კი – ბოლნისიდან.

მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან ტესტირების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, PCR ტესტირება პროტოკოლით ოქროს სტანდარტადაა მოწოდებული და მისი სანდოობის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება აგრესიულ ტესტირებას, მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ აგრესიულ ტეტსირებას აქვს თავისი ჩვენება, როდის უნდა ჩატარდეს.

„აგრესიულ ტესტირებას ვერ ჩამოივლი მოსახლეობაში და ვერ გააკეთებ. აგრესიულ ტესტირებას აქვს კონკრეტულად ჩაკეტილი კლასტერები, მედპერსონალი და თავისი რისკჯგუფები, სადაც უნდა ჩატარდეს. ამიტომ აქ უნდა გავაკეთოთ დიფერენცირება, რაზეა საუბარი. ასე ვერ ჩამოივლი და აგრესიულ ტესტირებას ზოგადად მოსახლეობაში ვერ გააკეთებ, მაგრამ თავისი გაწერილი ჩვენება აქვს სადაც უნდა გაკეთდეს“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.