აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების" დაფინანსების შეწყვეტის ბრძანება

პუბლიკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა, სანამ დავის განხილვას არ დასრულდება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

სასამართლოს განჩინების თანახმად, USAGM-ის მიერ „რადიო თავისუფლებისათვის“ საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, – რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, – სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.

თუმცა გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქმის განხილვა გრძელდება. მედიის ცნობით, სასამართლო 26 მარტს USAGM-ის მხარეს მოუსმენს, 28 მარტს კი – კვლავ „რადიო თავისუფლების“ იურისტებს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა მედიის მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, – რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, – ორგანიზაციას სრულად გადასცეს.

„რადიო თავისუფლება“ მიიჩნევდა, რომ დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გარეშე, ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა. ეს არგუმენტი მოსამართლემ გაიზიარა.


14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.

ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას”. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა”. სააგენტოებს შორის ერთ-ერთია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფლებას” და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

ფედერალური საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსი 16 მარტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება არის „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.