ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
ამერიკული მედიები და მთავრობის წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მოითხოვენ, გაათავისუფლონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები: ულვია ალი და ფარიდ მეჰრალიზადე იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს.
ულვია ალი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ „ამერიკის ხმაში“ (Voice of America) მუშაობდა. ის 2025 წლის მაისში „მეიდან TV“-ის საქმეზე დააკავეს. ალი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო იდევნება.
ფარიდ მეჰრალიზადა ეკონომისტი და ჟურნალისტია, რომელიც „რადიო თავისუფლებაში“ (RFE/RL) მუშაობდა. ის 2024 წლის მაისში დააკავეს. მეჰრალიზადას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დამნაშავედ ცნეს ვალუტის კონტრაბანდაში, უკანონო მეწარმეობაში, ფულის გათეთრებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და დოკუმენტების გაყალბებაში. განაჩენი დამოუკიდებელი მედია „აბზას მედიის“ წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში გამოიტანეს.
„აბზას მედიის“ საქმეზე შვიდ ადამიანს ვალუტის კონტრაბანდას, ფულის გათეთრებას, გადასახადებისთვის თავის არიდებასა და დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან, ხოლო „მეიდან TV“-ის საქმეზე 12 პირს მსგავსი ბრალდებები აქვს წაყენებული, მათ შორის კონტრაბანდისა და ფინანსური დანაშაულის მუხლებით. ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები პირდაპირ უკავშირდება მათ ჟურნალისტურ საქმიანობას.
ორი ჟურნალისტის პატიმრობამ, ასევე მათ მიმართ დაკავების პერიოდში არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა მათი გათავისუფლების მხარდასაჭერად რამდენიმე ამერიკული ორგანიზაცია გააერთიანა. ჯგუფში შედიან „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ასევე MediaSafe – ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც ვირჯინიაშია დაფუძნებული და რომელსაც ერიკ ფილიპსი ხელმძღვანელობს.
„ამერიკის ხმის“ დირექტორის მოადგილე კრის უოლესმა ვაშინგტონში დაფუძნებულ გამოცემა Washington Examiner-ს განუცხადა, რომ ინიციატივის მიზანია აშშ-ის სამთავრობო უწყებებს შორის სოლიდარობის დემონსტრირება და ალიისა და მეჰრალიზადას გათავისუფლების ხელშეწყობა.
სამუშაო ჯგუფი ასევე დაეხმარა ჟურნალისტების გათავისუფლების შანსების გაზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავებას. „ამერიკის ხმის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, ალი და მეჰრალიზადა თანახმა არიან, გათავისუფლების შემთხვევაში აზერბაიჯანი დატოვონ. ამ ნაბიჯს სამუშაო ჯგუფიც მხარს უჭერს.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მოვალეობის შემსრულებელმა ხელმძღვანელმა, მაიკლ რიგასმა Washington Examiner-ს განუცხადა, რომ სააგენტო დიპლომატიური, სამართლებრივი და საჯარო ადვოკატირების არხების გამოყენებით ცდილობს აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში დაკავებული ჟურნალისტების, მათ შორის ალიისა და მეჰრალიზადას გათავისუფლებას.
გამოცემის მიერ ციტირებული წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აზერბაიჯანის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: ტენესის შტატის დემოკრატმა სტივ კოენმა და ალაბამას შტატის რესპუბლიკელმა რობერტ ადერჰოლტმა აგვისტოში წერილით მიმართეს აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩ ხაზარ იბრაჰიმს. მათი ინფორმაციით, კონგრესმენებმა ელჩს საკითხზე მისი პოზიციის დაფიქსირება და ჟურნალისტების პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა სთხოვეს.
არსებული ინფორმაციით, საკითხი მხედველობაში მიიღო თეთრმა სახლმაც, რომელიც აზერბაიჯანთან ურთიერთობების განვითარებას ცდილობს. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ბაქოში ვიზიტისას, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში შედგა, ორი ჟურნალისტის დაკავების საკითხი წამოჭრა. მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, ბაქოს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალი ჯერ არ გაუგზავნია.
„ისინი სრულიად დუმან“, – განუცხადა MediaSafe-ის ხელმძღვანელმა ერიკ ფილიპსმა Washington Examiner-ს, როდესაც ბაქოს პასუხზე ჰკითხეს.
გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანის მთავრობას ალისა და მეჰრალიზადას შესახებ დასმულ კითხვებზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივი დევნის გამო საერთაშორისო კრიტიკას „უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ განსხვავდება მისი წინამორბედის პოლიტიკისგან.
ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ვაშინგტონმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონზე განხორციელებული საბოლოო სამხედრო იერიშის, ლაჩინის დერეფნის ბლოკირებისა და ქვეყანაში ჟურნალისტებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ზეწოლის გამო.
ტრამპის ადმინისტრაციამ უფრო მეტი ყურადღება დაუთმო ბაქოსთან ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და მაღალი დონის კონტაქტების მიმართულებით. ადმინისტრაციამ ასევე გადადგა ნაბიჯები „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შემსუბუქებისკენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში ერთ-ერთ სადავო საკითხად რჩებოდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის მთავრობა ურთიერთობების გაუარესებას ვაშინგტონის პოლიტიკას უკავშირებდა მთიანი ყარაბაღის საკითხზე, აშშ-ის კრიტიკას ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ და „თავისუფლების მხარდაჭერის აქტის“ 907-ე მუხლის გამოყენებას.
2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში 30-ზე მეტი ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი დააკავეს სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სავარაუდო კონტრაბანდას უკავშირდება.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციის თანახმად, ამჟამად აზერბაიჯანის ციხეებში 328 ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და აქტივისტი იმყოფება.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.