აშშ-ის საელჩო საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ODIHR-ის ანგარიშს ეხმაურება

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ოდირის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას.

„ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით.

შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი, რომელიც დააკმაყოფილებს ოდირის მრავალწლიან რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი რეფორმები გააძლიერებს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას და დაეხმარება საქართველოს, მიაღწიოს მზარდი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.

სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, მათ შორის ამჟამად პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მნიშვნელოვანი ხედვა აქვთ, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კეთილსინდისიერად ჩაერთონ რეფორმების პროცესში იმისთვის, რომ პარლამენტი გაძლიერდეს და მომავალი არჩევნები იყოს უფრო თავისუფალი და სამართლიანი, ” ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ეუთო/ODIHR-მა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სრული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აგრძელებს ორგანიზაციის მიერ 1 ნოემბერს გაკეთებულ შეფასებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია.