რჩება საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია - ეუთო/ODIHR-ის ანგარიში საპარლამენტო არჩევნებზე

პუბლიკა

ეუთო/ODIHR-მა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ სრული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აგრძელებს ორგანიზაციის მიერ 1 ნოემბერს გაკეთებულ შეფასებას, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები იყო დაცული, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომლებიც გადასაჭრელია.

ეუთო/ODIHR-ის შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ნაწილობრივ პასუხობს ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი კვლავ შეუსრულებელია. მათ შორის, საარჩევნო კამპანიასა და მის დაფინანასებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, გასაჩივრების პროცესსა და მედიასთან დაკავშირებით.

ასევე, ეუთო/ODIHR-ის შეფასებით, ამომრჩეველთა არათანასწორ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიწვია მაჟორიტარული ოლქების ახალმა განაწილებამ, რომელთა შორისაც ამომრჩევლის რაოდენობა არათანაბრად გადანაწილდა. პრობლემური იყო, ორგანიზაციის შეფსებით, მმართველი პარტიის დომინატური წარმომადგენლობაც საარჩევნო ადმინისტრაციაში.

„საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახებოდა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ეუთო/ODIHR-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, მთლიანობაში დაცული იყო. თუმცა, პარტიის მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ცნობები ფართოდ ვრცელდებოდა. მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ვალდებულებებს და კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

ასევე, ანგარიშში წერია, რომ მედია პლურალისტურია, მაგრამ პოლარიზებული. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ზოგიერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო, თუმცა დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობა საკმარისად არ ენდობოდა დაფინანსების შესახე ანგარიშებს. ხოლო ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავებები რეალურ და ანგარიშში ასახულ ხარჯებს შორის.

„საარჩევნო უბნებთან პარტიის კოორდინატორების და აქტივისტების ფართო წარმომადგენლობა, რომლებიც ხშირად მმართველი პარტიის სახელით მოქმედებდნენ, მიჩნეული იყო დაშინებად ODIHR-ის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთი თანამოსაუბრის მიერ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული არჩევნების შემდეგ საჩივრების უმეტესობის დაუკმაყოფილებლობა. „არჩევნების დღის შემდგომ დაფიქსირებული დაახლოებით 1 660 საჩივრის განხილვა დაძაბულ გარემოში გაიმართა, რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არჩევნების შედეგების უარყოფის ფონზე. ფორმალურ საფუძვლებზე საჩივრების უმეტესობის სისტემატურმა დაუკმაყოფილებლობამ მნიშვნელოვნად შეზღუდა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავინდებურად მცირე რჩება ქალთა წარმომადგენლობა. რომელთა რაოდენობა წინა პარლამენტში 14%-ს არ აღემატებოდა.