აშშ შეშფოთებულია „საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“. ეს აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას წერილობით განუცხადა 28 ივლისს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, – აცხადებს აშშ-ის საელჩოში.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლებას ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად მიიჩნევს და ცენზურისა და იმ შემზღუდავი კანონების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად გამოიყენება.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, – ნათქვამია საელჩოს პასუხში.
საელჩოს განმარტებით, ეს პოზიცია ქართველ პარტნიორებსაც გაუზიარეს.
„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს – იმ მოქალაქეების სახელით, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
„ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას Facebook-პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 22 ივლისს შეუფარდა. სანაია იმავე დღეს დააკავეს.
მანამდე, 10 ივლისს ვახო სანაია მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა შალვა პაპუაშვილსა და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი პოსტების გამო. სანაიამ ჯარიმა არ გადაიხადა და დაწერა:
„სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს ყლ*ს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“;
„მე, შალვა პაპუაშვილი და ლადო ბოჟაძე, ცხადია, მაგ ჯარიმას საკუთარი ნებით არ გადავიხდით. არასდროს გადაგვიხდია, არც ახლა და არც მომავალში გადავიხდით. ამ ბიჭების ყლ*ებად გამოცხადებას არ ვაპატიებ ამ რეჟიმს“.
სწორედ ამ პოსტების შემდეგ დააპატიმრეს ვახო სანაია.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო, იგივე სქროლვა-სქრინვის სააგენტო 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. სააგენტოს თანამშრომლები ათვალიერებენ Facebook-ს და სასამართლოს მიმართავენ „სიძულვილის ენის შემცველი პოსტების და კომენტარების შემთხვევაში“. მისი საქმიანობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქეთა საჩივრებსა და განაცხადებზე. ამოქმედებიდან პირველ 2 კვირაში სამმართველომ სასამართლოს 60 საჩივარი გაუგზავნა.