გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ „ციხეში წასვლასაც არ მოერიდება სიწმინდეების დასაცავად“

პუბლიკა

გიორგი ქართველიშვილმა დღეს, 27 ივლისს „ეროვნული სიწმინდეების დაცვა“ დააანონსა და თქვა, რომ ამ მოტივით „საფრთხეს და ციხეში წასვლასაც არ მოერიდება“.

MMA მებრძოლი, რომელსაც Facebook-ზე „ქართული ოცნების” ლიდერებთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო აქვს, ამბობს, რომ „იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების წინააღმდეგ კამპანიის ავტორები, როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან“.

ქართველიშვილის თქმით, ამიტომ, „დღეიდან ის და მისი საინიციატივო ჯგუფი მათ წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს“.

„გვინდა, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. მაგრამ თუკი ჩვენ კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, – თქვა მან.

გიორგი ქართველიშვილი MMA მებრძოლია. სამთავრობო პროპაგანდისტული მედია მას წარმოაჩენდა, როგორც კომიკოს და აქტივისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირის, ნიკა ხურცილავას მეგობარს.

ქართველიშვილის „მოძრაობაც“ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის საქმეს დაეფუძნა.

22 ივლისს ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. თავდამსხმელი ნიკოლოზ ხურცილავა დააკავვეს და 2 დღეში 5000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ხურცილავას მხარს უჭერდა როგორც სამთავრობო პროპაგანდა, ისე უშუალოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი და დიმიტრი სამხარაძეც, რომელმაც თქვა, რომ მზად იყო, დაკავებულს თავდებში ჩაჯდომოდა.

ქართველიშვილი დღეს ოქრიაშვილს და სხვა კომიკოსებსაც დაემუქრა.

როგორც თქვა, „ონისე ოქრიაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს“ და სხვებმა, „ვინც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მათთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველს ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ“.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქართველიშვილი ამბობს, „თუ კი ისინი საზოგადოების რეაქციას დაინახავენ, შემდეგ კი ვერ გაიაზრებენ, რომ წითელ ხაზებს ისევ კვეთენ, ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს“.

„ვიმეორებთ, შევეცდებით, ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებენ, არც პატიმრობის შეგვეშინდება“, – თქვა გიორგი ქართველიშვილმა.

„სიწმინდეების დაცვის ინიციატივას“ მიესალმა არჩილ გორდულაძე. მისი თქმით, ყველას აქვს კანონის ჩარჩოში მოქცეული გაერთიანების შექმნის უფლება და „კარგია, როდესაც ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ დაიცვან, ხმა აიმაღლონ ქვეყნის კულტურის, ქვეყნის რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ ქმედებებზე.“