ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დააკმაყოფილა კომპანია Enka Renewables-ის შუამდგომლობა და ცნო საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რაც საქართველოსთვის 400 მილიონ დოლარზე მეტის გადახდის დაკისრებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მოსამართლე ამიტ მეჰტას 2026 წლის 11 სექტემბრის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში წერია.
სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს არგუმენტი, რომელიც აშშ-ში პროცესის შეჩერებას პარიზში მიმდინარე სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე ითხოვდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დავა თითქმის ოთხი წელია გრძელდება, საფრანგეთში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი კი გაურკვეველია, რის გამოც პროცესის შეჩერება ეწინააღმდეგება ნიუ-იორკის კონვენციის მიზნებს.
ქართული მხარე ასევე დავობდა, რომ ტრიბუნალმა მშენებლობის რისკის პრემიის გამოთვლისას საარბიტრაჟო წესები დაარღვია, რადგან ექსპერტებმა ფინანსური მოდელი მხარეების გარეშე მოამზადეს. გარდა ამისა, საქართველოს მტკიცებით, გადაწყვეტილების აღსრულება აშშ-ის საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგებოდა, რადგან ის ლახავდა ქვეყნის სუვერენულ უფლებას ეკონტროლებინა საკუთარი ბუნებრივი რესურსები. მოსამართლემ ეს არგუმენტებიც უარყო. მან განმარტა, რომ საქართველოს პროცესზე პროტესტი არ გამოუთქვამს და თავისი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდა, ხოლო მხოლოდ ფულადი კომპენსაციის დაკისრება ამერიკულ საჯარო წესრიგს არ დარღვევს.
საბოლოო გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა ძირითადი კომპენსაციის – დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარისა და დაგროვილი პროცენტების გადახდა. სასამართლომ განმარტა, რომ BOO ხელშეკრულების მკაფიო პირობების შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთი შეადგენს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის SOFR განაკვეთს დამატებულ 4%-ს, რაც დაერიცხება ყოველდღიურად და გაგრძელდება ყოველთვიური კაპიტალიზაციით თანხის სრულ დაფარვამდე. დაგროვილი პროცენტების გათვალისწინებით, საქართველოს ჯამური ფინანსური ვალდებულება 400 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ENKA-ს დაევალა 2026 წლის 18 სექტემბრამდე სასამართლოში წარადგინოს საბოლოო ბრძანების პროექტი, სადაც ზუსტად იქნება დაანგარიშებული საქართველოს მიერ გადასახდელი ძირითადი თანხა ამ თარიღამდე დაგროვილ პროცენტებთან ერთად
კომპანია „ენკასა”და სახელმწიფოს შორის დავა სათავეს იღებს 2019 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან, რაც ითვალისწინებდა „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას, რომლის სავარაუდო ინვესტიცია 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მასშტაბური პროტესტის ფონზე, 2021 წელს ENKA-მ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა იმ მოტივით, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, მათ შორის სამშენებლო მოედანზე წვდომა. 2022 წელს კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა, სადაც 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს გადაცემული აქტივებისა და ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
ამის შემდეგ კომპანიამ პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა, რაც ქართულმა მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილების გაუქმებისა და აღსრულების შეჩერების მოთხოვნით. პარიზის სააპელაციო სასამართლომ აღიარა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, თუმცა საქართველოს შუამდგომლობა გაითვალისწინა და 400 მილიონი დოლარის გადახდის უშუალო აღსრულება დროებით შეაჩერა. საფრანგეთის სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ თანხის დაუყოვნებელი გადახდა სერიოზულად დააზარალებდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს. ამასთან, რადგან Enka სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომპანია იყო და სხვა აქტიური ბიზნესი არ გააჩნდა, არსებობდა რისკი, რომ გადაწყვეტილების საბოლოო გაუქმების შემთხვევაში სახელმწიფოსთვის თანხის უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდებოდა. აღსრულება შეჩერებული იქნება პარიზის სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროც. მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს ეხებოდა. კერძოდ იმას, გაგრძელებულიყო თუ არა ცნობა-აღსრულების პროცედურები პარიზის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მთავარი სამართლებრივი პროცედურები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საკითხი, სწორედ პარიზში მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე ელოდებიან. ამასთან, ქართული მხარე აცხადებს, რომ ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.