„აუცილებლად გავასაჩივრებთ" - „ფრესკო" სასამართლოში დავის წაგებაზე

პუბლიკა

კომპანია „ფრესკო” სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გაასაჩივრებს მას ზემდგომ ინსტანციაში, – ამის შესახებ „პუბლიკას” კომპანიაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ „ფრესკომ“ წააგო სასამართლო დავა, სადაც შრომითი უფლებების დარღვევაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა.

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ სასამართლოში უჩიოდა facebook-გვერდის „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორს გიორგი ლაბაძეს და ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ facebook-გვერდზე 2017 წლის 7 თებერვალს „ფრესკოს“ თანამშრომლების სახელით გამოქვეყნდა ინფორმაცია ამ სუპერმარკეტების ქსელში შრომითი უფლებების დარღვევისა და არსებული სიტუაციის შესახებ.

„ფრესკოში” აცხადებენ, რომ გიორგი ლაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მათი თქმით, შრომითი ინსპექციის დეტალური მოკვლევის შედეგად დარღვევების არარსებობა დაადასტურა იმდროინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„გიორგი ლაბაძემ არ ან ვერ დაასახელა წყარო, რის საფუძველზეც დადასტურდებოდა ინფორმაციის უტყუარობა. როგორც მან სასამართლოში განაცხადა, მის მიერ დაწერილი პოსტი ეფუძნებოდა „მეგობრის მეგობრის“ მონაყოლს და კონკრეტული ფაქტები ჩვენი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლების მიმართ უფლებების დარღვევის შესახებ არ გააჩნდა”, – აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება „პუბლიკის” კითხვას, რომ გარდა გიორგი ლაბაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, „ფრესკოში” არსებულ შრომით პირობებს კრიტიკულად აფასებს ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორი თუ პროფკავშირები, კომპანიაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებებიც „ემყარება სხვადასხვა პირის მიერ გამოთქმულ ცრუ ინფორმაციას”.

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ შეუსწავლია რეალური ფაქტები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის მიმართულებით. მათი მოსაზრება ემყარება სხვადასხვა პირის მიერ გამოთქმულ ცრუ ინფორმაციას, რომლის სისწორეც არ გადამოწმებულა”, – აცხადებენ „ფრესკოში”.

„ფრესკოში” მიაჩნიათ, რომ გიორგი ლაბაძის ინტერესი არ იყო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისად:

„გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი მოქმედებდა სხვისი ზეგავლინით და დაკვეთით”, – გვპასუხობენ კომპანიაში.


როგორც აღვნიშნეთ, სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ სასამართლოში უჩიოდა facebook-გვერდის „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორს გიორგი ლაბაძეს და ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფას.

„ფრესკოს” თანამშრომლების სამუშაო საათები კვირაში შეადგენს 60 საათს, ხოლო ანაზღაურება არის მინიმალური – 400 ლარამდე… პერსონალის მიმართ ჯარიმების რაოდენობა არის არაადეკვატური, 10 ლარიდან 100 ლარამდე. მაგ, თანამშრომელი, რომელიც ე.წ გასახდელში ქურთუკს დაკიდებს საკიდზე და არა კარადაში ჯარიმდება 20 ლარით. მოლარეები, რომელთაც სალაროზე ექნებათ „მეტობა”, ჯარიმდებიან ამ თანხის გაორმაგებული ოდენობით”, – ესაა ამონარიდი facebook-სტატუსიდან. ვრცლად იხილეთ ბმულზე.

გიორგი ლაბაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაასაბუთა. ამასთან, ადვოკატის თქმით, „ფრესკოს” თავის სასარჩელო მოთხოვნაში არ დაუყენებია საკითხი, გამოკვლეულიყო იმ ადამიანიების კონკრეტული ვინაობები, ვინც გიორგი ლაბაძეს ამ ინფორმაციას აწვდიდა. ადვოკატი ამბობს, რომ ლაბაძის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებებს თავისი შინაარსით კომპანია მიიჩნევდა, რომ იყო ცილისწამება.


3 წლის წინ, 2017 წლის თებერვალში „ადამიანის უფლბების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აფასებდა „ფრესკოში“ არსებულ სიტუაციას. ორგანიზაციის განმარტებით ისინი შეფასებისას ეყრდნობოდნენ როგორც სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე, კომპანიების მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან უშუალო გასაუბრების შედეგად მიღებულ ახსნა-განმარტებებს.

EMC წერდა, რომ  დასაქმებულების ინფორმაციით მათ მძიმე სამუშაო პირობებს განსაზღვრავს 60 საათიანი სამუშაო კვირა, არანააზღაურებადი/არასათანადოდ ანაზღაურებული ზეგანაკვეთური შრომა, სხვადასხვა ფუნქციის თანადროული შეთავსების ვალდებულება, კომპანიის მატერიალური ზიანის კომპენსირების მიზნით, დასაქმებულთა უშუალო ბრალეულობის გარეშე შემოსავლის დაქვითვის პრაქტიკა, რაც ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს და არაპროგნოზირებადს ხდის მათი თვიური შემოსავლის ოდენობას. დამატებით პრობლემად იკვეთება შიდა რეგულაციების გაუმჭვირვალობა და კომპანიის მხრიდან დაქვითვის მიზეზისა და მისი ოდენობის განსაზღვრის დაუსაბუთებლობის საკითხი.

ამასთან, 2017 წლის დეკემბერში სახალხო დამცველმა „ფრესკოს“ წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

„შპს „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ მამაკაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. შპს „ფრესკოს“ განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა“, – წერდა ომბუდსმენი.

აღნიშნულ საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „ფრესკოს“ დააკისრა 2000 ლარის ჯარიმა და დაავალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე, მოპოვებული ჩანაწერების სრულად განადგურება.

„ფრესკოს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის ინსპექცია ფრესკოში არსებულ სიტუაციას შეისწავლიდა.

კომპანია „ფრესკოს“ ინფორმაციით, ინსპექტორებმა 2017 წლის ივნისის თვეში განახორციელეს „ფრესკოს“ 8-ვე სუპერმარკეტში ინსპექტირება. „ინსპექტირების შედეგად, შრომის ინსპექციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც დღეის მდგომარეობით ჩვენი მხრიდან სრულად არის გათვალისწინებული“, – წერდა „ფრესკო“.