აუდიტის მიმართვის საფუძველზე „ალტ-ინფო" 220 000 ლარამდე დაჯარიმდა

პუბლიკა

აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ 220 000 ლარამდე დააჯარიმა.

როგორც აუდიტის სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, უწყება „ალტ-ინფოს“ 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენასა და არაფულადი შეწირულებების დამალვას ედავებოდა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკლარაციაში პარტია აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვეში მათ ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ. რაც შეეხება არაფულადი შეწირულებების დამალვას, როგორც უწყებაში განმარტავენ, დეკლარაციაში არ იყო ასახული საოფისე თუ სხვა ინვენტარული მომსახურება.

აუდიტის სამსახურის გაანგარიშებით, პარტიის მიერ ჯამში არადეკლარირებულმა ხარჯმა 72 ათასი ლარი შეადგინა. კანონმდებლობის მიხედვით, პარტია უნდა დაჯარიმდეს თანხის ორმაგი ოდენობით. ასევე, ერთმაგი ოდენობა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში. შესაბამისად, სამსახურის თქმით, სასამართლოს პარტიის 216 000 ლარის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართეს.

როგორც „TV პირველთან“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

„პარასკევს დაწერეს ეს ჯარიმა. დაახლოებით, 220 ათასი ლარია. ზუსტად არ მახსოვს. გამოგვიტანეს თითქოს არასწორი ხარჯვა… შარი მოგვდეს. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც და თუ მაინც მიიღებენ ვერდიქტს, დავემორჩილებით კანონს. თუ საბოლოო ვერდიქტი იქნება, ვაპირებ, გადავიხადო”, განაცხადა „TV პირველთან” საუბრისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ.


დღის განმავლობაში ოფიციალური განცხადება გაავრცელა აუდიტის სამსახურმაც. 

მათი განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის” დეკლარაციებისა და მოწოდებული ინფორმაციების შესახებ წარმოება 15 მარტიდან დაიწყეს, 17 მაისს კი სასამართლოს 2 საქმეზე მიმართეს:

„1. პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია აუდიტის სამსახურში არასწორად წარადგინა, კერძოდ, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუგზავნეს განცხადება იმის შესახებ, რომ დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა(შემოსავალი-ხარჯი) არ ჰქონიათ, თუმცა ოფისების დიდი ნაწილი სწორედ დეკემბერში გაიხსნა.

2. შემოწირულებების დამალვა- კერძოდ, არაფულადი შემოწირულების დამალვა. პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა. ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია.

საქალაქო სასამართლომ 3 ივნისს დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარჩელი და პარტიას დამალული თანხის სამმაგი ოდენობის გადახდა დაეკისრა – 217 482 ლარი”, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.