ავტობუსის ზოლში სასკოლო ტრანსპორტიც შეძლებს მოძრაობას

პუბლიკა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ავტობუსის ზოლში საჯარო და კერძო სკოლების ტრანსპორტიც შეძლებს გადაადგილებას.

„ვინაიდან ამ ქალაქში კერძო ავტომანქანების სიჭარბის გამო საცობების პრობლემა ჯერ კიდევ დაუძლეველია და ვითვალისწინებთ რა პიკის საათებში სკოლის მოსწავლეების სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საჭიროებებს, გადავწყვიტეთ, M2 და M3 კატეგორიის სასკოლო ტრანსპორტსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ საავტობუსო ზოლში, გარკვეული პირობებით. ეს ეხება საჯარო და კერძო სკოლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

„გადაადგილების უფლება ექნება ტექნიკურად გამართულ სასკოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტექნიკური დათვალიერება და განთავსებული აქვს მერიასთან შეთანხმებული ვიზუალური ნიშანი, რომელიც ასახავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავს სკოლის მოსწავლეები. აღნიშნული ავტობუსი იმოძრავებს მხოლოდ წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტზე, მხოლოდ სამუშაო დღეების განსაზღვრულ მონაკვეთებში – 06:00-დან 09:00 საათამდე და 14:00 დან 18:00 საათამდე პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, სასკოლო ტრანსპორტის საავტობუსო ზოლში დაშვების მიზნით, სკოლამ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს.

„საავტობუსო ზოლში მათ შეეძლებათ მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე შეჩერება არაუმეტეს 1 წუთისა, ისევე, როგორც ეს განსაზღვრულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში. შაბათ-კვირას, ოფიციალურ უქმე დღეებში და სამუშაო დღეების სხვა დროის მონაკვეთებში ავტობუსის ზოლში მოძრაობის, ასევე დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში სასკოლო ტრანსპორტი დაჯარიმდება. იმისათვის, რომ სასკოლო ავტობუსს ჰქონდეს ავტობუსის ზოლით სარგებლობის უფლება, სკოლამ მოძრაობის მარშრუტის შესათანხმებლად უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და წარადგინოს კონკრეტული დოკუმენტაცია. მათ შორის ავტობუსების რაოდენობა შესაბამისი სახელმწიფო ნომრის და მარშრუტის მითითებით, ასევე კონკრეტული სკოლის ავტობუსების ვიზუალური მხარის ამსახველი მასალა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეგულაცია იმოქმედებს სატესტო რეჟიმში, 2024 წლის პირველი იანვრიდან პირველ ივლისამდე.


დაიშვას სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება ე.წ „Bus line” – ამ მოთხოვნით პეტიცია სექტემბერში შეიქმნა, რომელსაც ამ ეტაპზე 3666 ხელმოწერა აქვს.

მშობლებმა მიმართეს მერიას, რომ სასკოლო ავტობუსის გადაადგილება დაშვებული გამხდარიყო ავტობუსის ზოლში. ისინი ამბობდნენ, რომ მოსწავლეები დღეში რამდენიმე საათს საცობში ატარებენ.