აზარაშვილი: არავის უთქვამს, რომ ერთი მილიარდი ლარი გაიფლანგა

პუბლიკა

„არავის უთქვამს რომ ერთი მილიარდი ლარი გაიფლანგა“ – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში კითხვას, რომელიც კლინიკებთან დაკავშირებულ მის განცხადებას ეხებოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა 21 აპრილს განაცხადა, რომ „როცა კლინიკამ მიიღო კონკრეტული დანიშნულებით თანხა და ექთნამდე არ მიიტანა, ეს სერიოზული პრობლემაა და არაფერში არ ჯდება“

„ეს ერთი მილიარდი ლარი სრულად დაიხარჯა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობაზე. ამ ერთ მილიარდ ლარში შედიოდა როგორც მკურნალობის ხარჯი, მედიკამენტების ხარჯი, ასევე დანამატები, რაც ექიმებს და ექთნებს დაუწესა სახელმწიფომ და ასევე საწოლფონდში გადახდილი თანხები.

ის რომ ეს ერთი მილიარდი ლარი გაფლანგულია ასეთი რამ არ თქმულა. შეიძლება არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა. მე ვთქვი, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი კლინიკა სარგებლობდა ამ პანდემიური პროცესით და ხდებოდა ის რომ დანამატი არ მიდიოდა ექიმებამდე და ექთნებამდე. ასევე ხდებოდა არასწორი დარეპორტება, რადგან ფაქტობრივი დანახარჯებით ხდებოდა ანაზღაურება, მაგრამ ეს ეხება კონკრეტულ კლინიკებს, კონკრეტულ ანაზღაურებებს და არა სექტორს.“ – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, შრომითი ურთიერთობის კანონიერების შესწავლის მიზნით, შრომის ინსპექციის მიერ, შემოწმებულ იქნა კოვიდის მართვაში ჩართული 110 კლინიკა.

2022 წელს კი განხორციელდა 86 კლინიკის განმეორებითი ინსპექტირება, რომლის შედეგადაც, გამოვლინდა COVID 19-ის მართვის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის მიმართ შრომის კოდექსის სხვადასხვა ნორმის დარღვევა.