აზერბაიჯანმა OC Media-ს ვებგვერდი დაბლოკა

პუბლიკა

ავტორები: აითან ფარჰადოვა და ქსანდი (ალექსანდრა) კუნინგი

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაბლოკა OC Media-ს ვებგვერდი — საიტი ქვეყნის მასშტაბით მიუწვდომელია.

OC Media-მ ამის შესახებ თავდაპირველად ივნისის დასაწყისში მკითხველებისგან შეიტყო, რომლებმაც აცნობეს, რომ ვებგვერდზე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ. ეს დაემთხვა აზერბაიჯანში ახალი ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (NCA) შექმნას, რომელსაც ინფორმაციის კონტროლის ფართო უფლებამოსილებები მიენიჭა.

მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ვებგვერდზე შესვლის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენებოდა VPN. იგივე ეხებოდა აზერბაიჯანულ სერვერებსაც. აზერბაიჯანიდან შემოსული ტრაფიკიც მკვეთრად, დაბალ ორნიშნა რიცხვებამდე შემცირდა.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ საიტზე წვდომასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობდა და არანაირი შეზღუდვა არ იყო დაწესებული.

OC Media-ის მთავარი რედაქტორის, რობინ ფაბროს თქმით, ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო „იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სულ უფრო შეუწყნარებელი ხდება ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ, რომელიც ოფიციალურ ნარატივს არ ემთხვევა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის დარტყმაა, რადგან 2017 წლიდან – დაარსებიდან აზერბაიჯანში მცირე, მაგრამ სტაბილური აუდიტორია გვყავს – დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მკითხველები, რომლებიც ალბათ კარგად არიან მიჩვეულები VPN-ებისა და ცენზურის გვერდის ავლის სხვა საშუალებების გამოყენებას, მაინც შეძლებენ ჩვენი მასალების წაკითხვას.

„ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის მთავრობა ჩვენს ჟურნალისტურ საქმიანობას საფრთხედ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჟურნალისტებს კვლავაც აქვთ ძალაუფლების კონტროლის შესაძლებლობა“, – თქვა რობინ ფაბრომ და დასძინა, რომ ეს „კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას“.

2 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომლის თანახმადაც გაუქმდა ელექტრონული უსაფრთხოების სამსახური – დაახლოებით 30-კაციანი უწყება, რომელიც 2013 წელს შეიქმნა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს ექვემდებარებოდა. მის ნაცვლად შეიქმნა ეროვნული კიბერუსაფრთხოების სააგენტო (NCA), რომელსაც ინტერნეტის მონიტორინგსა და ცენზურაზე სრული კონტროლი ექნება. კრიტიკოსების შეფასებით, ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიტყვისა და პრესის თავისუფლებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ საკითხზე დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.

აზერბაიჯანში დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა გრძელდება

აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა ადვოკატმა იალჩინ იმანოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიების ვებგვერდებზე წვდომას სულ მცირე 2017 წლიდან ზღუდავს.

2017-2019 წლებში ხელისუფლება რეგულარულად ბლოკავდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მედიის ვებგვერდებს, მათ შორის RFE/RL, Meydan TV, გაზეთ Azadlig, Azerbaijan Saati, Turan TV-სა და OCCRP-ს (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი). ოფიციალურ მიზეზად სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში მათი მონაწილეობა სახელდებოდა.

უფრო გვიან, 2023 წლის ნოემბერში დაწყებული რეპრესიების ტალღის ფარგლებში, ხელისუფლებამ დაბლოკა დამოუკიდებელი გამოცემების Abzas Media-სა და Toplum TV-ის ვებგვერდებიც. ამჟამად სხვადასხვა მედიების, მათ შორის Abzas Media-ის, Meydan TV-ის, Toplum TV-ისა და RFE/RL-ის დაახლოებით 30 ჟურნალისტი ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ან გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით ხანგრძლივ სასჯელს იხდის.

Meydan TV-ის მთავარმა რედაქტორმა, სევდა სამადოვამ, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში, დევნილობაში მუშაობს, OC Media-ს უთხრა, რომ თავიანთი ვებგვერდის დაბლოკვის შესახებ მხოლოდ აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიიდან შეიტყვეს.

მოგვიანებით ბლოკირება ოფიციალურად გააფორმა საბაილის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც განაცხადა, რომ Meydan TV ავრცელებდა მასალებს, რომლებიც „მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლისკენ, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებისა და რადიკალური რელიგიური ჯგუფების პოპულარიზაციისკენ“. მსგავსი არგუმენტები გამოყენებული იყო სხვა მედიების ვებგვერდების დაბლოკვის შემთხვევაშიც, თუმცა კრიტიკოსები ხელისუფლებას დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ ბუნდოვნად განმარტავს, რას ნიშნავს „მთავრობის მიერ აკრძალული ინფორმაცია“.

სამადოვას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ მიერ შექმნილი ალტერნატიული (ე.წ. სარკული) ვებგვერდებიც პერიოდულად იბლოკება, ხოლო მათი სოციალური ქსელების გვერდები „არაერთხელ გახდა თავდასხმის ობიექტი“.

აზერბაიჯანელმა მედიის ექსპერტმა არზუ გეიბულამ OC Media-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ხელისუფლების მსგავსი გადაწყვეტილებების მონიტორინგს შეძლებდა.

მისი თქმით, ხელისუფლება ინტერნეტ-პროვაიდერებს ავალდებულებს, დაბლოკონ წვდომა ნებისმიერ მითითებულ ვებგვერდზე, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საიტს ეხება საქმე.

მან დასძინა, რომ ხელისუფლება „პროვაიდერებს ავალდებულებს, დაბლოკონ წვდომა, მიუხედავად ვებგვერდისა“, რაც „ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა საიტი იყოს“.

„ეს უბრალოდ ქვეყნის შიგნით URL-ის დაბლოკვის მექანიზმია, რომელიც მომხმარებლებს თავდაპირველი მისამართით ვებგვერდზე შესვლის საშუალებას არ აძლევს. VPN კი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს და წვდომის აღდგენაში ეხმარება“, – განმარტა გეიბულამ და დასძინა: „მოკლედ რომ ვთქვათ, როდესაც ქვეყანაში მთელი ინტერნეტინფრასტრუქტურა მონოპოლიზებულია და სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ ინფორმაციის კონტროლის მექანიზმები, ასეთი ზომების მიღება ან მსგავსი ქმედებების განხორციელება ძალიან მარტივია“.

გეიბულამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მედიების დაბლოკვის წინა გადაწყვეტილებები საჯაროდ ქვეყნდებოდა, არ არის გამორიცხული, რომ OC Media-ის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება ჩუმად, ყოველგვარი საჯარო განცხადების გარეშე ყოფილიყო მიღებული.

„შესაძლოა, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში ან თუნდაც ხვალ გამოაქვეყნოს განცხადება, მაგრამ რადგან არავინ სთხოვს პასუხს, ისინი არც თავს გრძნობენ ვალდებულად, რაიმე განმარტება გასცენ ან გადაწყვეტილება ახსნან“, – განაცხადა გეიბულამ, – „როდესაც სახელმწიფოს სრული კონტროლი აქვს იმაზე, თუ რა ინფორმაცია ვრცელდება და რა ხდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ძალიან მარტივია, საერთოდ არ გააკეთო არანაირი განმარტება, რადგან არ არსებობს კონტროლისა და ანგარიშვალდებულების ეფექტიანი მექანიზმები“.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.