ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
ჟურნალისტური გამოძიებით გამოირკვა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ჩეჩენი დეპუტატის, ბექხან აგაევის ძმა ევროპაში უძრავ ქონებას და სხვა აქტივებს ფლობს. გარდა ამისა, მათ ოჯახს წილები აქვს რუსეთის მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში. ბექხან აგაევი უკრაინაში რუსეთის შეჭრას აქტიურად უჭერს მხარს.
გამოძიება რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი“ (მნიშვნელოვანი ისტორიები) ჩაატარა და ფრანგულ გაზეთ Le Monde-სა და „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევის პროექტთან“ (OCCRP) თანამშრომლობით გამოაქვეყნა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, აგაევების ოჯახი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უახლოეს გარემოცვასთან არის დაკავშირებული, წილებს ფლობდნენ სამხრეთ რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში — ტუაფსესა და კრასნოდარის საწარმოებში.
ბეკხან აგაევი რუსეთის პარლამენტში პარტია „ედინაია როსიიდან“ აირჩიეს, მანამდე ის ბიზნესში საქმიანობდა. აგაევი დაკავშირებულია ჩეჩნეთის მმართველებთან დაახლოებულ სტრუქტურებთან.
როგორც „ვაჟნიე ისტორიიმ“ დაადგინა, ბექხან აგაევის მიერ დაფუძნებული შერეული ორთაბრძოლების კლუბი United Russian Fighters (URF) მხარს უჭერს ბატალიონ „არბატს“, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვის და ე.წ. „დონბასის ველური დივიზიის“ ნაწილია. კლუბი რეგულარულად აგზავნის ბატალიონისთვის ჰუმანიტარულ და სამხედრო დანიშნულების დახმარებას.
„ბექხან აგაევი URF-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის რუსეთის ნამდვილი პატრიოტია, რომელსაც ყოველდღიურად მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გულწრფელად ვამაყობთ, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს გუნდს, მოტივაციას აძლევს სპორტსმენებს და ეხმარება საზოგადოებას“, – დაწერა კლუბმა Instagram-ზე.
ამავე დროს, დეპუტატის უმცროსმა ძმამ, ბათირ აგაევმა ბელგიის მოქალაქეობა მიიღო. ის ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და, გამოძიების თანახმად, ევროპულ უძრავ ქონებაში დაახლოებით 100 მილიონი ევროს (110 მილიონი დოლარის) ინვესტიცია განახორციელა. „ვაჟნიე ისტორიიმ“ ეს ინფორმაცია OpenLux-ის პროექტის ფარგლებში მოიპოვა, რომლის მეშვეობითაც ჟურნალისტებმა ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანიებისა და ფონდების მფლობელთა მონაცემებზე წვდომა მიიღეს.
გამოძიების მიხედვით, ბატირ აგაევი ფონდ EverestOne-ში 56.16%-იან წილს ფლობს. ფონდი გერმანიაში კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებაში დებს ინვესტიციებს. 2022 წელს მისი აქტივების ღირებულება 65 მილიონ ევროდ (75 მილიონ დოლარად) იყო შეფასებული.
აგაევი ასევე ფლობს 43.5%-იან წილს ჰოლდინგში Mimco Real Estate Holding. ამ კომპანიამ დაახლოებით 35 მილიონი ევროს (40 მილიონი აშშ დოლარის) ინვესტიცია განახორციელა გერმანულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ კომპანიაში.
მათი მამა, ვახა აგაევი კადიროვმა „ძვირფას ძმად“ მოიხსენია. ის ასევე ჩეჩნეთის „საპატიო მოქალაქეა“.
ჟურნალისტების ცნობით, ვახა აგაევი ფლობდა ნავთობით მოვაჭრე კომპანიას Yug-Nefteprodukt („სამხრეთის ნავთობპროდუქტები“), რომელიც ჩეჩნურ ნავთობს ყიდდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვახა და ბატირ აგაევები Yug-Nefteprodukt-ს აკონტროლებდნენ გერმანული კომპანია Interinol-ის, ასევე ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიების: Rutley Company SA-ისა და Okling Group SA-ის მეშვეობით.
„ვაჟნიე ისტორიის“ ადრეც გამოუქვეყნებია გამოძიებები იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნეს რუსი მაღალჩინოსნების ნათესავებმა და ელიტის წარმომადგენლებმა დასავლური აქტივები და კავშირები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში რუსი პოლიტიკოსების ოჯახის წევრები საჯაროდ უჭერდნენ მხარს ომს, მაშინ როდესაც სხვები კვლავ საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ ან ევროპულ ქვეყნებში საკუთრებას ინარჩუნებდნენ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.