ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა
2025 წლის შედეგების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონით ინგუშეთმა რუსეთის რეგიონებს შორის კვლავ 85-ე, ბოლო ადგილი დაიკავა. ამას მოწმობს რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია რეიტინგის“ (RIA Rating) მიერ 22 ივნისს გამოქვეყნებული რეიტინგის მონაცემები, რომელიც შინამეურნეობების მედიანური შემოსავლებისა და საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული ნაკრების ღირებულების თანაფარდობას ეფუძნება.
ამ მონაცემების მიხედვით, ინგუშეთში ოჯახების მედიანური შემოსავალი მხოლოდ 1.2-ჯერ (20%-ით) აღემატება აუცილებელი საქონლისა და მომსახურების მინიმალური ნაკრების ღირებულებას, რაც რუსეთის რეგიონებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საშუალო თვიური შემოსავალი დაახლოებით 26 800 რუბლია ($360) არის შეფასებული, რაც ასევე ყველაზე დაბალია რუსეთის ყველა რეგიონს შორის.
ზოგადად, სიღარიბის ინდიკატორები ინგუშეთში კვლავ ყველაზე მაღალია. „რია რეიტინგის“ მიხედვით, 2023–2024 წლებში მოსახლეობის წილი, რომლის შემოსავალიც საარსებო მინიმუმზე დაბალი იყო, დაახლოებით 25%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის ზოგიერთი შეფასებით ეს მაჩვენებელი მცხოვრებთა 30%-მდე აღწევს. შედარებისთვის, მაშინ, როცა ინგუშეთში ყოველი მეოთხე ან მესამე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რუსეთის მასშტაბით ასეთ მდგომარეობაში მოსახლეობის 7-10%-ია, ხოლო მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში – დაახლოებით 4%.
ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკები ინგუშეთზე უკეთეს მდგომარეობაში არიან შემოსავლების მაჩვენებლით: ჩეჩნეთი რეიტინგში 77-ე ადგილზეა, ჩრდილოეთ ოსეთი – 71-ე, ყაბარდო-ბალყარეთი – 66-ე, ხოლო დაღესტანი – 57-ე. მიუხედავად ამისა, ყველა ეს რეგიონი კვლავ რუსეთის ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონებს შორის რჩება.
რეიტინგში ასევე შეყვანილია უკრაინის ანექსირებული რეგიონები – ყირიმი და მისი დედაქალაქი სევასტოპოლი, ისევე როგორც ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები.
ინგუშეთი ასევე რუსეთის რეგიონებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. „რია რეიტინგის“ მიერ ადრე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 25–27%-ს შეადგენს, რაც რუსეთის საშუალო მაჩვენებელზე, დაახლოებით 2.3%-ზე ათჯერ მეტია.
ინგუშეთი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც მოსახლეობას ყველაზე მცირე დანაზოგები აქვს. „რია რეიტინგის“ კვლევის მიხედვით, რომელიც ცენტრალური ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, ერთ სულ მოსახლეზე საშუალო საბანკო დანაზოგი დაახლოებით 24 600 რუბლს (333 დოლარს) შეადგენს. შედარებისთვის, მოსკოვში ერთ ადამიანზე საშუალო დანაზოგი 1.8 მილიონ რუბლზე (25 000 დოლარზე) მეტია.
უკვე მრავალი წელია, ინგუშეთი სტაბილურად იკავებს ყველაზე დაბალ პოზიციებს რუსეთის სოციალურ-ეკონომიკურ რეიტინგებში. რეგიონული განვითარების კომპოზიტურ რეიტინგებში ის რეგულარულად იკავებს 84-ე ან 85-ე ადგილს შესაძლო 85 პოზიციიდან.
რეგიონის ეკონომიკური სტრუქტურა კვლავ შეზღუდულია: სამრეწველო წარმოება სუსტად არის განვითარებული, ხოლო დასაქმების მნიშვნელოვანი წილი კონცენტრირებულია საჯარო სექტორსა და მომსახურების სფეროში. რესპუბლიკის ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული ფედერალურ ტრანსფერებზე (სუბსიდიებზე).
სიღარიბისა და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად, ინგუშეთი მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის თვალსაზრისით რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა რეგიონად რჩება. თუმცა, ამას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესაბამისი ზრდა არ მოჰყოლია.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.