ბაიდენთან საუბრისას შევთანხმდით სამომავლოდ ერთიან მოქმედებაზე - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამ თვეში ბაიდენმა და ზელენსკიმ უკვე მეორედ ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერისთვის მზადყოფნა, თუკი რუსეთი გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას.

„აშშ-მა უკრაინას ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აღმოუჩინა გასულ წელს და ფიქრობს დამატებით მაკროეკონომიკურ მხარდაჭერაზე, რომ შეამციროს რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აქტივობისგან გამოწვეული წნეხი“, – აცხადებს თეთრი სახლი.

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი აცხადებს, რომ მათ განიხილეს არსებული დიპლომატიური მცდელობები ვითარების დეესკალაციისთვის და შეთანხმდნენ სამომავლოდ კოორდინირებულ მოქმედებაზე.

„შევთანხმდით სამომავლოდ ერთიან მოქმედებაზე. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმდინარე სამხედრო დახმარებისთვის. ასევე, განვიხილეთ ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ბაიდენსა და ზელენსკის შორის უთანხმოება იყო რუსეთის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით. ბაიდენმა ზელენსკისთან საუბარში თქვა, რომ რუსეთის შეჭრა გარდაუვალია. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ საფრთხე მაღალია, თუმცა არა გარდაუვალი, ასეთი შეფასებით კი უკრაინის ეკონომიკას ზიანი ადგება.

ამ ინფორმაციას უარყოფს თეთრი სახლი, რომელიც აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები სიცრუეა და პრეზიდენტებს შორის საუბრისას უთანხმოება არ ყოფილა.

ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, საუბრისას პოზიტიურად შეფასდა ნორმანდიული ფორმატის აღდგენა, რომელშიც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს დიალოგის საშუალება ეძლევათ.