ბათუმში ირაკლი დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო პოლიციას აქტივისტის დაჯარიმება სურს

პუბლიკა

პოლიციას სამოქალაქო აქტივისტის თამარ კურატიშვილის დაჯარიმება სურს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე გაკეთებული სტენსილის გამო. ინფორმაცია მან დღეს, 11 თებერვალს გაავრცელა. სტენსილის შინაარსია: „ირაკლი #ვაფშეარვიცნობ ბესელიას დგებუაძე გილოცავ ნათლისღებას“.

პოლიციის დეპარტამენტმა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს 24 იანვარს გაუგზავნა წერილი და კურატაშვილის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული საქმის მასალები.

„გთხოვთ, აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პასუხი გვაცნობოთ“, – წერია წერილში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას და ჰკითხა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი სასამართლოს გადაუგზავნეს თუ არა, უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია განცხადებით უნდა გამოგვეთხოვა. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლება.


13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელი 31-ე დღეა შიმშილობს.