Biletebi.ge: პოლიტიკური კონტექსტით აკრძალეს მაკარევიჩი, გალკინი, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას

პუბლიკა

კომპანია Biletebi.ge კულტურის სამინისტროს მიმართ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 3 კონცერტის ორგანიზატორს, რომლებზეც უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი, დარბაზის მიერ ეთქვა უარი ღონისძიების ჩატარებაზე. ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

განცხადების მიხედვით, საუბარია რუსი მომღერლების, მაქსიმ გალკინის და ანდრეი მაკარევიჩის, კონცერტებზე.

„დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე. ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე თუმცა მოტივაცია მაინც ბოლომდე გაუგებარია. თუ გვეშინია კერძო კომპანიის მიერ რუსეთის ოპოზიციური არტისტების შემოშვება, რათა რუსეთში ვინმე არ გააღიზიანდეს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ფეისბუქსაც ავკრძალავთ?

სენტიმენტები რომ გადავდოთ, ეს არის საკონტროლო გასროლა საკონცერტო ინდუსტრიის მიმართულებითაც. ამ 3 გაუქმებულ კონცერტს მოყვება (მოყვა) მრავალი სხვაც, რადგან აღარავინ გარისკავს ასეთ გარემოში ისედაც სარისკო ლოგისტიკაში ფულის ჩადებას. დღეს დღეისობით არტისტების 70%, ვისი ჩამოყვანაც შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი (არა სახ. დაფინანსებით, რაც საბოლოოდ კორუფციის სახეს იძენს) არის პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან. ბევრს ეს არ მოსწონს – გასაგებია. დროთა განმავლობაში გავალთ დასავლურ არტისტებზეც, თუმცა ამისთვის საჭიროა არ გავაკოტროთ და მივცეთ განვითარების საშუალება იმათ, ვინც ამ სფეროში მუშაობს.

მოკლედ, გვჭირდება ზუსტი თამაშის წესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩინოვნიკების კულუარულ აკრძალვებზე, თან ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მაქსიმალური ზარალის მიყენებით. გვჯერა, რომ სახელმწიფო უნდა გვეხმარებოდეს და არ გვმტრობდეს.“, – აცხადებს კომპანია.

მაქსიმ გალკინი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად დაგეგმილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში 15 ოქტომბერს გეგმავდა კონცერტს.

რამდენიმე დღის წინ რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისმა ნიკოლაი ლევშიცმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ ჯგუფის „მაშინა ვერემენის“, ასევე შემსრულებლების მაქსიმ გალკინისა და ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცეტრების გაუქმების მიზეზად ორგანიზატორებს დაუსახელეს სპორტის სასახლის ტექნიკური შეუსაბამობა მოთხოვნის პირობებთან და სასწრაფო რემონტი.