სიკვდილი და მისი შიში ბესთსელერია და განსაკუთრებით – პანდემიის დროს. საქართველოში განსაკუთრებით კარგად იყიდება მისი ნათესავიც (ბებიის მხრიდან) – ეპითეტი „საწყალი”, (ჩვენებურად „მსხვერპლი” ბრჭყალებში) რომელიც ბესთელერი თუ ვერ გახდა, გარკვეული კაპიტალი მაინც დააგროვა: თუ „საწყალი” და „საცოდავი” ხარ, დაბალ ღობედ მოგიაზრებ, ჩემთან ვერასოდეს შემოხვალ კონკურენციაში, რადგან მე, თუნდაც ცოტათი, მაგრამ მაინც შენზე ძლიერი, ლამაზი, მოხერხებული და ჭკვიანი ვარ და ამდენად – თითქმის დაცლილი შენდამი შურისა და აგრესიისგან. შემიძლია ერთი–ორი ლარი შეგაწიო, თბილი სიტყვა გითხრა, გულებიც კი დაგიხატო ფეისბუქში და მერე მშვიდი სინდისით დავიძინო.
დიახ, მხედველობაში მაქვს ვითომ საწყალი და ვითომ საცოდავი. ეს „ვითომ” ბავშვების საყვარელი სიტყვაა. აბა, გაიხსენეთ, ბავშვობაში რომ სახლობანას, ომობანას, დამალობანას თუ სხვა „ობანას” თამაშობდით და წარმოსახულ სამყაროს აგებდით: ვითომ შენ ხარ მამა და მე – დედა. ვითომ ომია და სანგრებში ვართ დამალული. ვითომ ტყეში ვართ და დევები მოგვდევენ… „საწყალი” – სხვისი აგრესიის მოსაგერიებლად, ხოლო „საცოდავი” – საკუთარი განზრახვების განსახორციელებლად ფრიად მოხერხებული სვლაა: თამაშის ელემენტიც შემოაქვს და ჩვენს უზადო პატივმოყვარეობასაც სასიამოვნოდ ფხანს ზურგს.
მაგრამ მართლა საწყლებს და საცოდავებს როგორ ვექცევით ამ რთულ პერიოდში, აი, იმათ, ვისაც ჩვენ – ძლიერები, ლამაზები, მოხერხებულები და ჭკვიანები ასეთებად მივიჩნევთ? არადა, მათმა რიცხვმა პანდემიის შემდეგ უფრო იმატა. იმასაც ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მათი პრობლემები არ აწუხებს და მეტიც, სოციალურ ტერორზეც კი მიდის. არადა, თუ არ იყვირებენ და „მსხვერპლად” არ გაფორმდებიან, მათი ხმა არავის ესმის. კადრში სისხლი და „მსხვერპლის” სტატუსისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები თუ არ მოხვდა, რეზონანსი ნულთან ახლოსაა.
სიტყვა „ლოქდაუნი” არ მომწონს, ამიტომ სხვა სახელს ვეძებ, უფრო ადვილად რომ მივიღო ეს რეალობა, რომელშიც ასე ერთბაშად აღმოვჩნდით ყველანი. იქნებ რაიმე პოზიტიურიც ვიპოვო მასში… „შეზღუდული შესაძლებლობები” – ეს სიტყვები ამეკვიატა. ვფიქრობ, „შშმ პირები” – ასე მოხდენილად რომ დავარქვით – ეს ხალხი დაგვეხმარებოდა ძალიან. მათ აქვთ ისეთი გამოცდილება, რაც ჩვენ, მათზე პრივილეგირებულებს, ვერ გვექნება. მივიდეთ მათთან, კამერები და მიკროფონები მივუშვიროთ, ფოტოაპარატები ავაჩხაკუნოთ.
იმ სახლში, სადაც გავიზარდე, კარის მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ ღმუილის მსგავს ხმებს გამოსცემდა. როცა ვესალმებოდი, მარინაც თავისებურად იტყოდა „გამარჯობას” და ამ დროს მისი ულამაზესი ცისფერი თვალები ისეთი გრძნობით ივსებოდა, ასნაირად წარმოთქმულ „გამარჯობაში” რომ ვერაფრით ჩატევ. ესეც ხომ რაღაცნაირი „ლოქდაუნია”, როცა ჩვენი ერთი შესაძლებლობა ჩამორჩება მეორეს, მაგრამ ეს მეორე გაცილებით აღემატება პირველს და სამყაროს ჩვენ ირგვლივ სხვა პრიზმაში გამოატარებს. ეს „მეორე” მკვეთრად ხაზს უსვამს რეალობის კონკრეტულ ფრაგმენტებს, იმ ფრაგმენტებს, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერ დავინახავდით. ამდენად, ეს ლოქდაუნიც ერთგვარი სათვალეა, რომელიც გვიცვლის აღქმის მანძილს ჩვენი მხედველობის შესაფერისად – მინუსებში ან პლიუსებში.
ჩემს სადარბაზოში ერთი ბიჭი ცხოვრობს, საშა, შიზოფრენია აქვს. პანდემიის დროს ხშირად ვხედავ ლიფტის კართან აყუდებულს, სმარტფონი უჭირავს ხელში ლოცვების ტექსტით და ლიფტის წინ კითხულობს ლოცვებს. ყოველ შეხვედრაზე კანფეტს მჩუქნის და ლიფტში შესვლისას ხელის დაქნევით მემშვიდობება. თავი პატარა ბავშვი მგონია. „ჩემო ხორბლისფერო, ციფრულო ღვთისმშობელო…“ – ვჩურჩულებ აფორიაქებული. ერთხელ სიგარეტიც შემომთავაზა. არ გამკვირვებია, მადლობა გადავუხადე, არ ვეწევი-მეთქი და გამოველაპარაკე. მითხრა, რომ ლიფტის კარი სამოთხის ან ჯოჯოხეთის კარებია, რომ ღმერთს ლიფტის კართან შეხვდება… „ჩემო ხორბლისფერო, ლიფტის ღვთისმშობელო, მოგვეცი ძალა და მხნეობა, ნუ წაგვართმევ სიყვარულის უნარს, რის გარეშეც არარაობა ხდება სიცოცხლე”…
აქვს თუ არა სიყვარულს შეზღუდვები, ლიმიტი, ჩარჩო, რეგლამენტი? თუკი ღმერთს ყველა უყვარს, მას განსხვავებულებიც უნდა უყვარდეს – ისინი, ვისაც ასე მოურიდებლად ავატყიპეთ იარლიყები. მარინას და საშასნაირებიც უნდა უყვარდეს, ჰომოსექსუალებიც უნდა უყვარდეს… უცნაური ქართული ისტერიკა, რაც ამ უკანასკნელს თან სდევს, ღმერთის არგაგებაა და არა ღმერთის გაგება. ჩემზე რომ იყოს, ტაძრებიდან გავყრიდი მღვდლებს, რომლებიც ზიზღს განიცდიან ჰომოსექსუალების მიმართ, ხოლო ამ უკანასკნელთათვის ტაძრის კარებს ფართოდ გავაღებდი. საინტერესოა, რამდენი მამაო დარჩებოდა ტაძარში… არადა, თუკი ვთვლით, რომ ღმერთი სიტყვაა, ანუ იდეა, ამ იდეის მატარებელი თანაბრად შეიძლება იყოს ქალიც, კაციც და ტრანსგენდერიც. თუკი ვთვლით, რომ ღმერთი სიყვარულია, როგორ უნდა დავუშვათ ის, რომ ღმერთს მხოლოდ ჰეტეროსექსუალები (ანუ „ნორმალურები”) უყვარს მაშინ, როცა იგი უსაზღვროდ იღება უკანასკნელი მოძალადის მიმართ, და სწორედ სიყვარულის გავლით იღება. ახლა კი რას ვხედავთ? იმას, რომ ეს კარები ჩაკეტილია, მარინა და საშა კი „საწყლები” არიან. საკმარისად არაა ჩვენში სიყვარული, რომელიც ჯერჯერობით უნივერსალურ ღირებულებადაა აღიარებული დედამიწის ყველა ერსა და კულტურაში…
ლოქდაუნის დროს ერთ რამეს მივხვდი: ფსიქიკურად რომ არ დავზიანდე, უნდა ვეცადო, სხვადასხვა ფორმით გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, ის რისიც მეშინია. ხალხშიც ხომ ამბობენ – შიშმა იცისო. ალბათ ამ შიშმა დამაწყებინა პოეტური ციკლი „ლოქდაუნი”, დამაწერინა ბლოგები, დამეხმარა სხვადასხვა პროექტის დაგეგმვაში… მათ შესახებ ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ზოგიერთი დაინტერესდა და ჩაერთო კიდეც. ასე განხორციელდა ერთთვიანი ონლიან–პერფორმანსი სახელწოდებით „ეგრეთ წოდებული”, რომლის შესახებ მოკლედ გიამბობთ:
დიდი ხანია, რაც გაგვიჩნდა განცდა, რომ სიტყვები გამოიფიტნენ, გაშრნენ, დაკარგეს მნიშვნელობები. უფრო და უფრო ხშირად ვამბობთ სიტყვათშეთანხმებას: „ეგრეთ წოდებული”, ანდა თუკი ვსაუბრობთ, „ბრჭყალის” აღმნიშვნელ ჟესტს ვიყენებთ. ვიფიქრეთ, ამის არტიკულაცია მოგვეხდინა ისეთი ფორმით, რომელიც თავად გახდებოდა შინაარსი და ფეისბუქში გავაკეთეთ დროში გაწელილი პერფორმანსი სამ ენაზე: ქართულად, რუსულად და ინგლისურად. თამაშში შემოვიტანეთ ერთი მარტივი წესი: გამოთქმა „ეგრეთ წოდებული” ყველა პოსტში დარჩენილიყო, ხოლო მომდევნო სიტყვა/სიტყვები შეცვლილიყო. პოსტების დადება სიმბოლურად იმ დღეს დავიწყეთ, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა და გაგრძელდა ერთი თვე. პერფორმანსის ოთხი მონაწილე: ანდრო დადიანი, დაშა სუხოვეი, ჯონ ნარინსი და ნენე გიორგაძე მონაცვლეობით ვმუშაობდით ფრაზაზე და ყოველდღე, დღის 12 საათზე ანდრო დადიანი ფეისბუქში ათავსებდა პოსტებს. სიმბოლური იყო დღის 12 საათიც, რადგან ამ დროს რუსეთის ქალაქ სანკტ–პეტერბურგში პეტრესა და პავლეს სახელობის ციხესიმაგრიდან „ისვრიან” ზარბაზანს, იგივე „პუშკას”, როგორც „დერჟავას” ძლევამოსილების სიმბოლოს. ჩვენც გადავწყვიტეთ, დაგვეცინა ამ სიმბოლიკისათვის და სწორედ ამ დროს „გაგვესროლა” ანუ დაგვედო პოსტი. პერფორმანსის სქრინშოტები განთავსებულია პროექტის ფეისბუქგვერდზე:
დაბოლოს: ზოგჯერ ისეთი განცდა მაქვს, რომ ნიღაბი თუ პირბადე გვაქვს აფარებული განსხვავებულის შიშის წინაშე… გავიხსენოთ, რომ მცენარეები „ჰერმაფროდიტები” არიან, ორივე „სქესი” აქვთ. არის თუ არა ეს ნორმიდან „გადახრა”? სასაცილო კითხვაა, ხომ? ჩვენი სიცოცხლისათვის ასე მნიშვნელოვან ფლორას კულტურული სტერეოტიპები არ ეკარება და ტოტები ფართოდ გაუშლია. იქნებ, ჩვენც შევეცადოთ, დავუსხლტეთ კლიშეების ამ გაშეშებულ გეომეტრიას და „კორექტულობის” ხათრით კი არა, შინაგანად მივიღოთ განსხვავებული ადამიანები, კულტურები, რელიგიები, და მთელ მენტალობას თუ ვერ გამოვიტანთ ჩარჩოებიდან, ერთი ყლორტი მაინც გამოვაძვრინოთ.