20 მაისი
გამთენიისას კვლავ განგაშის სიგნალმა გამაღვიძა. ძილ–ბურანში ჩამესმა, როგორ აწრიალდნენ სასტუმროს ჰოლში ლტოლვილები, თუმცა ამჯერად ხმაური საკმაოდ სწრაფად შეწყდა – როგორც ჩანს, უკვე ჩავიდნენ თავშესაფარში… ამის შემდეგ სასტუმროში კვლავ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ გარედან აწყდებოდა შენობას საჰაერო განგაშის გაბმული, განწირული ყმუილი…
ამჯერად აღარც ავმდგარვარ, მით უმეტეს, რომ 18 მაისისგან განსხვავებით, აფეთქებების ყრუ ექო საკმაოდ შორიდან აღწევდა…
შევეცადე ძილი შემებრუნებინა. რაღაც არეული ისტორიები დამესიზმრა, აი ამბები რომ ხდება, თან რომ გადმოგყვება და სულ ბოლო წამს წაგეშლება, ისე…
მზე უკვე კარგად იყო წამოსული, როცა მეორედ გამეღვიძა. განგაშის სიგნალი, როგორც იქნა, მიჩუმდა… გარეთ მზე კაშკაშებდა, ყველაფერი ყვაოდა, ფანტასტიური გაზაფხული იდგა და მხოლოდ ნამდვილ მანიაკს, ან ზღაპრულ ავსულს შეეძლო ასეთ დროს დაბომბვები, ხოცვა–ჟლეტა და კაცის კვლა მოეწყო…
როგორც იქნა, ხმა მივაწვდინე ჩემს უკრაინელ რძალს, ლილია ორლიანსკაიას, რომელიც აქ, დნეპრში ცხოვრობს თავის შვილიშვილთან, ანუ ჩემს ბიძაშვილიშვილთან, უმცროს ლილიაჩკასთან ერთად. მათზე 13 მაისს მოგიყევით, დღეს უნდა ვინახულო ორივე. ძალიან ვღელავ, როგორ დამხვდებიან, როგორ გააქვთ თავი, ამ გაგანია ომსა და ყოველდღიურ დაბომბვებში… მინდა, როგორმე დავიყოლიო, რომ სანამ უკრაინაში ასეთი ამბავია თბილისში წამოვიდნენ… არაფერი სასირცხვილო და საუხერხულო არ არის… ბოლოს და ბოლოს იმდენი უკრაინელია საქართველოში, ესენი კი ფაქტობრივად ქართველები არიან, თბილისში სახლი აქვთ და ყველაფერი…
ვადიმა გამალებული ემზადება ხვალინდელი კონცერტისთვის, პირდაპირ ქალაქ დნეპრის მეტრო სადგურ „ვაგზლნაიაში“. თან მეტრო, ბუნებრივია, შეუფერხებლად იმუშავებს… დგამს სცენას, უკავშირდება მასმედიას, ტელევიზიას, ჟურნალისტებს, ბეჭდავს მოსაწვევებს, დაარბენინებს ხალხს ზევით–ქვევით, კიდევ უფრო მეტს თავად დარბის… წამში ერთხელ რეკავს – ურეკავენ, ჩხუბობს, ხუმრობს, მღერის, ნერვიულობს, ავიწყდება, ახსენდება… გუშინდელმა ელდამ – როდესაც ზაპოროჟიეს გასასვლელში შეგვიპყრეს და ვიღაც მოწადინებულმა კაპრალმა კინაღამ მიახვრიტა – უკვე აშკარად გადაუარა და ახალი ამბავი მოიგონა – გოგა ჭყონიას გადაეკიდა, გინდა თუ არა, ხვალინდელ კონცერტზე უნდა იმღეროო…
დიდხანს ეხვეწა გოგა: – ბიჭო ყელი მტკივა, ეს ხომ კამერული ბარდების კონცერტი არ არის, როდესაც მეგობრები შინაურულად სხედან სამზარეულოში და თავის გულის ნადებს უბერავენ გემრიელად… სად შემიძლია ამ ნათრევს და გატანჯულს – მეათე დღეა 2000 კილომეტრამდე გამოვიარე, მეტროსადგურის ბაქანზე 500-კაციან და 1000-კაციან კონცერტზე გამოსვლაო… მაგრამ ვადიმას არაფრის გაგონება არ უნდოდა: – „ტა ია ატვჩაიუ გოგა, პოსლუშაი მენია“ – მოკლედ ასე შეგვაბა და ჩვენც მუღამში მოვედით… ყველაზე ძვირადღირებული და საუკეთესო წამლები ვიყიდეთ, ცხელი ჩაი, ჭიქა კონიაკი, სიგარეტს მოვუკელით… მე, რა თქმა უნდა, ქვეყანა შევყარე – ვინც იმ დღეებში დამირეკა ან მომწერა, ყველას მოვახსენე: – „ხვალ გოგამ დნეპრის მეტროში გრანდიოზულ, 1000-კაციან კონცერტზე უნდა იმღეროს–მეთქი“… მოკლედ როგორც მჩვევია და ვერც მომიშლია, ვიტრაბახე ბოლომდე… მით უმეტეს, საქველმოქმედო კონცერტი იყო და შემოსული თანხა ბოლო გროშამდე, დნეპრში შეხიზნულ და ვადიმას სასტუმროში დაბინავებულ ლტოლვილებს უნდა მოხმარებოდა… მოკლედ იქით ვადიმა დაქროდა აჟიტირებული, აქეთ მე გავდი–გამოვდიოდი და ეს საწყალი ჭყონიაც ასე სცილას და ქარიბდას – ორ გიჟს შორის მოყოლილი, ასე ევროპულად და „სვეცკად“ ეპარებოდა, ჩვენგან გამოზოგილ კონიაკს და ცოტა არ იყოს შეშფოთებული სახით ადევნებდა თვალს ჩვენ აურზაურს…
შუადღისას მე და გოგა ჩემი რძლის და ბიძაშვილის შვილის სანახავად წავედით. თითქმის მთელი დნეპრი გადავჭერით… მდინარე დნეპრი, ქალაქ დნეპრში კიდევ უფრო განიერი იყო, ვიდრე დედაქალაქ კიევში… ძალიან ვღელავდი, როგორ დამხვდებოდნენ, როგორ იყვნენ… როდესაც მათ უბანს მივუახლოვდი, გამახსენდა ჩემი ცხონებული ბიძაშვილის – გუჯიკას მოყოლილი ამბები დნეპრზე, რომელიც მაშინ ასეთი შორეული იყო და ახლა მე დავდიოდი ამ ქუჩებში, თავად კი აღარ იყო… მისი ისტორიაც 13 მაისის ამბებში მოვყევი… 2014 წელს მაიდანის შემდეგ, ეგრევე მოხალისედ წავიდა უკრაინულ არმიაში, მარიუპოლთან იბრძოდა. 2 წლის წინ კი 2020 წელს, ბებია დაეღუპა, ჩამოვიდა თბილისში, ბებიის დაკრძალვაზე, დარჩა და ორი თვის შემდეგ, გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს საკუთარ სახლში გაზის გაჟონვას ემსხვერპლა… ახლა კი ამ ომის გადამკიდე, პრინციპში სრულიად შემთხვევით, უფრო ვადიმას დამსახურებით, დნეპრში მოხვედრილები დედამისის და მისი შვილის მოსანახულებლად მივდიოდით… პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს გუჯიკას მშობლების ქორწილი, მისი დაბადება – ახლა კი თავად ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე წევს, საქართველოში, საგარეჯოში, მე კი მის დედულეთში, უკრაინაში, დნეპრის ქუჩებში დავდიოდი და მისი აქაური სახლისკენ ვიკვლევდი გზას…
ორივე ლილია ბებიაც და შვილიშვილიც გადასარევად დაგვხვდნენ, მაგრამ მაინც ყველანი შესამჩნევად ვღელავდით – ჩამოვურეკეთ მთელ სანათესავოს… ორივე ლილია ხვალინდელ კონცერტზე მოვიწვიეთ, სახლში – საქართველოზე წამოსვლაზეც ვილაპარაკეთ… მეტს კი არაფერს მოვყვები, ეს ჩვენი, ქურხულების საოჯახო დრამა იყო და არ მინდა, ამ ჩემი კლანის არეული ისტორიებით ზედმეტად შევაწუხო მკითხველი (თუ ვინმეს მაინცდამაინც დააინტერესებს, შეუძლია ნახოს მოთხრობები: „ლერა მასკვა“, ორი მთვარის ამბავი“, რომანი „სამოთხიდან გაქცეულები“, რომლის მეორე ტირაჟი სულ ახლახან გამოსცა „ინტელექტმა“).
უკან ჩვენს სასტუმრომდე ადვილად გამოვიგნეთ გზა ოღონდ რამდენჯერაც მდინარე დნეპრს გადავივლიდით, იმდენჯერ აღფრთოვანებულ და დამრგვალებულ თვალებს ვერ ვაცილებდით მდინარეს…
საღამოს უკრაინის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან წამოსულ ლტოლვილებთან გველოდა შეხვედრა, რასაც არანაკლები მღელვარებით ველოდი, ვიდრე ჩემს ნათესავებთან და სისხლსა და ხორცთან შეხვედრას… ომის და სიყვარულის არ იყოს, ლტოლვილთა და დევნილების ისტორიებიც საიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, სოხუმიდან თუ დონეცკიდან, ცხინვალიდან თუ მარიუპოლიდან, რუანდოდან თუ უგანდიდან, გაზეპირებულივით ჰგავს ერთმანეთს – დაბომბვა, ტყვეობა, სიკვდილი, წამება… თან სულ სხვადასხვა ისტორიები, სხვადასხვა ადამიანური ბედი და ტრაგედიები, სხვადასხვა ხასიათი, დამოკიდებულება და ტემპერამენტი… ზოგი დაწვრილებით გიყვება თავის ტრაგედიას და ამით იოხებს გულს, ზოგს არავის გახსენება და არავის დანახვა არ უნდა… თავად ლტოლვილებშიც, ახალ ადგილებში სხვადასხვა ურთიერთობა, სხვადასხვა დამოკიდებულებები და იერარქია ყალიბდება. თანაც გააჩნია, ერთი რეგიონიდან არიან დევნილები და მანამდე იცნობდნენ ერთმანეთს, თუ სხვადასხვა მხრიდან შეიყარნენ და ახლა თავიდან უწევდათ კომუნიკაცია და ურთიერთობის ჩამოყალიბება.
საღამოს ლტოლვილებს შევხვდით, დევნილთა უმრავლესობას სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურდა, საკუთარ თავგადასავალზე საუბარი, ყველა თავისი გასჭირვებოდა, ზოგს სხვა საზრუნავი ჰქონდა, ზოგს ამხელა სტრესისა და ტრაგედიის თავიდან გახსენება უმძიმდა… 1999 წლის სექტემბრიდან მოყოლებული „დილის გაზეთში“ მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პირველი რეპორტაჟი სწორედ დაღესტნიდან ლტოლვილების ჩაწერა იყო. 1999 წლის სექტემბერში დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი – (დაღესტნის ბოთლიხის და წუმადინის რაიონებში დაწყებული ბრძოლები) და იქიდან მოყოლებული წესად მაქვს, ვინმეს გვარის და სახელის დასახელება ნებართვის გარეშე, ვინმეს შეწუხება, უკან დევნა და მით უმეტეს, ფარული ჩაწერა და მსგავსი, ახლა ძალიან მოსული თუ მეინსტრიმული, პირადად ჩემთვის კი სრულიად მიუღებელი საქციელი – რაც უნდა „სენსაციური“ თუ „ეპატაჟური“ არ უნდა იყოს მასალა, ჩემგან გამორიცხულია… ამავე დროს უნდა მოგახსენოთ და ეს პირველ რიგში დამწყებ, ახალგაზრდა ჟურნალისტებს და სამხედრო რეპორტიორებს ეხება – თუ ადამიანურად სწორად და წესიერად მოიქცევით და ამა თუ იმ კონფლიქტურ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა გენდოთ, გაცილებით მეტ, უტყუარ, საინტერესო და საიმედო ინფორმაციას მოიპოვებთ – ჩემი პირადი გამოცდილებით ასე იყო: – პანკისში, ცხინვალში, აფხაზეთში, ინგუშეთში, ოსეთში, დაღესტანში და ავღანეთში და დარწმუნებული ვარ ასე იქნება, უკრაინაშიც… რადგან უმთავრეს ღირებულებებში, უმთავრეს ტკივილებში და უმთავრეს ტრაგედიებში – ადამიანები აბსოლუტურად ერთნი ვართ, – ყველგან და ყოველთვის…
ერთი იყო უკრაინის აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან იძულებით გადაადგილებულთა, უბედურება და ტრაგედიაც – რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო.
ზინაიდა ბირიუკოვა – ქალაქი ლისიჩინსკი, 55 წლის: – ეს უბედურება სრულიად მოულოდნელად დაიწყო… 24 თებერვალს გამთენიისას, რუსული სამხედრო თვითმფრინავების გუგუნმა გაგვაღვიძა… ფანჯრებს ვეცით… ასე დაწყობილები მოფრინავდნენ… მერე დაბომბვაც დაიწყო… თვალებს არ ვუჯერებდით… პაპაჩემი და ბებიაჩემი მეორე მსოფლიო ომის მომსწრენი იყვნენ და ზუსტად მათი მონაყოლი გამახსენდა, როგორ მოულოდნელად დაესხა თავს მათ ნაცისტური გერმანია და 22 ივნისს გამთენიისას როგორ გადაუფრინეს გერმანულმა „მესერშმიდტებმა“ და „ფოკევულფებმა“… რაღაც საშინელი ისტორიული დეჟავიუს შეგრძნება გამიჩნდა, როგორც პაპა, ბებია, თითქმის 80 წლის წინ მეც თვალებს არ ვუჯერებდი… შემდეგ ჩვენი მშვიდობიანი ქალაქის დაბომბვა დაიწყეს… მძინარე, მშვიდობიანი ქალაქის, სადაც არანაირი სამხედრო ობიექტი არ ყოფილა არასოდეს… თავი კოშმარულ სიზმარში მეგონა, გაღვიძებას რომ ცდილობ, ეს საშინელება რო დამთავრებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხადი გახდა, რომ ეს სიზმარი არ იყო და კოშმარიც კიდევ კარგა ხანს არ დამთავრდებოდა….
დაბომბვის ხმები სულ უფრო ახლოვდებოდა… დავიბენით, არც ვიცოდით, ასე საწოლიდან წამომხტრები და დედიშობილები საით გავქცეულიყავით, რა გვექნა… სრულიად მოუმაზდებლები ვიყავით ამ უბედურებისთვის… კი 2014 წლიდან იყო შეტაკებები, დაბომბვებიც იყო და მსხვერპლიც, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ეს სულელური „ელენერი“ (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) და „დენეერი“ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა) გამოაცხადეს, თვითონაც გადასარევად იციან, რომ არავის არ სჭირდებიან და მხოლოდ სათამაშო პაიკები არიან რუსეთის იმპერიის ხელში – მაგრამ ასეთ დაუნდობელ, მასირებულ და და ფართომასშტაბიან ომს მაინც არ ველოდით, რუსეთისგან. ბოლოს და ბოლოს მაინც ჩვენები არიან… მე ეროვნებით რუსი ვარ… ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის აბსოლუტური უმრავლესობა რუსები ვართ და მაინცდამაინც ჩვენ გადაგვიარეს… უზარმაზარი მსხვერპლი გვაქვს, ვერც დათვლით იმდენი… გვერდით კორპუსში ერთი ბებო ცხოვრობდა, დილაადრიანად სადარბაზოს წინ, სკამზე უყვარდა ჯდომა, აი სახლის ჭორიკანა ბებოები რომ არიან… ასე იჯდა საცოდავი, როგორც ყოველთვის სადარბაზოს წინ, დილაადრიანად მის თვალწინ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა რაკეტა ესროლა სახლს, პირდაპირ მის ბინას მოარტყა და მეორე მხარეს გამოვარდა. მთელი სახლი ერთ დიდ ამომწვარ ხვრელად იქცა… მძინარე შვილი, რძალი და ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი ისე ჩაეხოცა და ჩაეწვა ფერფლიც ვერ ავკრიფეთ… იმ ბებოს განწირული კივილი ახლაც თვალწინ მიდგას… რა უნდოდათ ვისგან და რისგან გვათავისუფლებენ, ამის ფასად, ამხელა მსხვერპლის ფასად, თან სულ მშვიდობიანი მოსახლეობა და აბსოლუტური უმრავლესობა რუსები… გააფრინა ამ პუტინმა წყეულიმც იყოს, უკუნითი უკუნისამდე… არავინ არაფერს არ გვიშლიდა, ვცხოვრობდით ჩვენთვის, ვმუშაობდით, რუსულად ვლაპარაკობდით, ვინ ბანდერა, რა ბანდერელები, მე ეგენი მისდღემში თვალით არ მინახავს… თუ არადა, ხარკოვის 1805 წელს აშენებული ხარკოვის უნივერსიტეტი, ბანდერამ და შუხევიჩმა ააშენეს, მიწასთან რომ გაასწორა ამ იდიოტმა?… 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია დაბომბეს და გაანადგურეს, 100 ბერი და მონაზონია მოკლული, ვისი იყო ეს ეკლესია–მონასტრები, ის ბერები და მონაზვნებიც რუსები იყვნენ… აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ, როდის ვყოფდით ერთმანეთს უკრაინელები და რუსები რომ ასე ამოგვეხოცა ერთმანეთი?.. მხოლოდ ხუმრობის დონეზე – „ხახოლები“ და „მოსკალები“… რუსეთში რომ ვიყავი ხახლუშკას მეძახდნენ, აქ „კაცაპკას…“, ვხუმრობდით… ვცხოვრობდით მშვენივრად…
არასოდეს, არასოდეს მე ამას პუტინს და რუსეთს არ დავუვიწყებ და არ ვაპატიებ… შენიანი რომ გაგიმეტებს, ათჯერ მტკივნეულია. თან რისთვის, რისი გულისთვის, ამდენი მსხვერპლი, სისხლი, ჩახოცილი ქალები, ბავშვები, მოხუცები, მშვიდობიანი მოქალაქეები…
რომც მოვინდომო, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის პატიება, როგორ მოვახერხებ ამისთვის ვიწვალე, ვიშრომე და ვზარდე შვილები, რომ 55 წლის ასაკში საკუთარ ქვეყანაში დევნილი ვყოფილიყავი და ქუჩაში დავრჩენილიყავი?
მღვდელი, პროტოპრესვიტერი ვოლოდიმერ კოსკინი: მე რუსი მართლმადიდებელი მღვდელი გახლავართ, მარიუპოლიდან… მარიუპოლმა ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო… რატომღაც ყველაზე მეტად გაგვიმეტეს, მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლი ტრადიციულად ყოველთვის რუსული, რუსულენოვანი ქალაქი გახლდათ… ამას რამდენიმე სავარაუდო მიზეზი აქვს ალბათ, პირველი ის, რომ რუსეთი ცდილობდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა აზოვის ნაპირზე გასულიყო და ყირიმის შემდეგ, აზოვის ზღვაც გადაეკეტა უკრაინისთვის და თანაც პლაცდარმი შეექმნა მომავალი დარტყმისათვის ოდესაზე და შემდეგ დნეპრისპირეთზე გასასვლელად… და მეორეც, რატომღაც არ მოელოდნენ რუსულენოვანი მოქალაქეებისგან, ასეთ გააფთრებულ და სასტიკ წინააღმდეგობას, ვერ წარმოიდგინეს, რომ ჩვენ მათგან განსხვავებით, არ გვსურს მონობაში და ვიღაც გაბოროტებული დიქტატორის ტირანიის ქვეშ ცხოვრება… რომ ჩვენ ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას, სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობთ, რომ ჩვენ თავისუფალი მოქალაქეები ვართ, თავისუფალი ნებით და თავისუფალი არჩევანით. სწორედ ეს არ გვაპატია რუსეთის იმპერიამ, სწორედ ამას არ პატიობს უკრაინას, საქართველოს, ბალტიისპირეთს, მოლდოვას… რწმენას, თავისუფლებას, ნებას, სილაღეს, მათ გარშემო ყველაფერი გაჭუჭყიანებული, გაუბედურებული და სასოწარკვეთილი უნდა იყოს ისეთივე, როგორიც რუსეთის იმპერიაა… თუ არადა, მოვა, დაგბომბავს გაგანადგურებს… როგორც გაანადგურა ჩემს თვალწინ, ჩემი მშობლიური ულამაზესი, საპორტო ზღვისპირა ქალაქი. დაანგრია ჩემი ეკლესია, ამომიხოცა, გამინადგურა და ლტოლვილად მიქცია მრევლი…
მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, მზად ვარ მივუტევო და უარი ვთქვა შურისძიებაზე, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებ იმას, რომ მათ დედა მომიკლეს – მათ დაბომბვას შეეწირა ჩემი მოხუცი დედა, ძლივს ვიპოვე და იმ დაბომბვების ქვეშ, ნამდვილ ჯოჯოხეთში, ძლივს ავუგე წესი და მიწას მივაბარე ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ტანჯულ სულს… ისევ ჩემს მეზობლებს გაახარებს ღმერთი, რომ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დამიდგნენ გვერდში და დედის დაკრძალვაში დამეხმარნენ… ვიმეორებ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი და სასულიერო პირი, ვალდებული ვარ მივუტევო და მომიტევონ დედის სიკვდილი – უარს ვამბობ ჩემი საწყალი დედის გამო სისხლის აღებაზე, მაგრამ ამავე დროს არასოდეს არ დავივიწყებ ამას და ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ჩემს შთამომავლებს მოვუყვები, ვიდრე პირში სული მიდგას და ცოცხალი ვარ, ვინ მოკლა დედაჩემი, მათი ბებია და დიდი ბებია, ვინ არის მათი მტერი და რას ნიშნავს რუსეთის იმპერია…
ჩვენ საკმაოდ დაზაფრულები ვუსმენდით, უკრაინელი, რუსი მღვდლის ინტერვიუს თუ აღსარებას… კაი მაღალი, კარგად ასხმული, ახალგაზრდა მღვდელი იყო, სლავ სასულიერო პირზე მეტად კავკასიელ მუჯაჰედს ჩამოჰგავდა. როგორც მერე აღმოჩნდა, გუმანს მაინცდამაინც არ უღალატია – გამომშვიდობებისას დაგვლოცა და უცებ პატარა ბიჭივით ეშმაკურად, გონივრულად გაგვიღიმა და გამოგვიცხადა:
– ისე, რომ იცოდეთ, მეც თქვენსავით ქართველი ვარ, მამაჩემი პაპუნაშვილი იყოო… და ვიდრე მე და გოგა დაბნეულები თვალებს ვაფახულებდით და ხან ერთმანეთს ვუყურებდით და ხან უცებ ქართველად ქცეულ, უკრაინელ, რუს მამაოს, პროტოპრესვიტერმა ვოლოდიმირმა, პირჯვარი გარდაგვსახა, დაგვლოცა და ანაფორის ფრიალით გაგვშორდა…
როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ სასტუმროში, უამრავი სხვადასხვა ბედისა და ხასიათის დევნილი ცხოვრობდა ზოგი ხალისით გვეკონტაქტებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ დღეებში ყველაზე მეტ ყურადღებას ერთი მოხუცი ქალი იქცევდა, რომელიც დღიდან დღემდე, დილიდან საღამომდე, სულ ერთსა და იმავე ადგილას იჯდა ფეხმოუცვლელად და არა მარტო ჩვენ, საერთოდ არავის ელაპარაკებოდა.