ბოლნისში 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოვლინდა - ეროვნული მუზეუმი

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.
არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.
აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება.

მათივე ინფორმაციით,  ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.
ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე ჯერჯერობით არ ფიქსირდება არცერთი ცალპირა წყობით ნაგები შენობა ან ცალკეული კედელი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით გამოარჩევს აღნიშნულ ძეგლს შულავერ-შომუთეფეს კულტურის სხვა ძეგლებისაგან.

 

LB loan image desktop LB loan image mobile