ბრალდება უსაფუძვლოა - ვოლსკი „ლელოს“ მხარდამჭერის განცხადებაზე

პუბლიკა

დღეს „ლელოს“ მხარდამჭერმა, მანანა სულთანიშვილმა განაცხადა, რომ ჩუღურეთის რაიონის „ქართული ოცნების“ ოფისში სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ. მისი თქმით, შტაბში თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე და მაკა ასლანიშვილი დახვდნენ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა „ოცნების“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

„მოვისმინე საოცარი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ სოციალურად დაუცველ ადამიანს, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ასევე სარგებლობს უფასო სასადილოთი, თითქოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებას აიძულებენ. ლოგიკურადაც რომ გავაანალიზოთ სიტუაცია, არ არის ეს ადამიანი ისეთი, რომელმაც შეიძლება დიდი დანაკარგი გამოიწვიოს „ქართულ ოცნებაში“, თუ  სხვა პარტიას დაუჭერს მხარს.

რიმა ბერაძის მიმართ რაიმე ბრალდების არ მჯერა. ყველა, ვინც იცნობს ამ ადამიანს, ზუსტად იცის, რომ არასდროს მოუკითხავს, ვინ ვისი დამხმარეა, ვინ ვისი მომხრეა“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​