ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს.
გუშინ, 19 აპრილს ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მერვეა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 60%-ზე მეტის დათვლის შემდეგ რადევის „პროგრესული ბულგარეთი“ (PB) 45%-ით ლიდერობს, რაც 240-ადგილიან პარლამენტში მინიმუმ 132 მანდატს და აბსოლუტურ უმრავლესობას ნიშნავს.
კომისიის თანახმად, „პროგრესულმა ბულგარეთმა“ დაამარცხა ლიბერალური კოალიცია PP-DB, რომელმაც ხმების 15% მიიღო, და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია GERB, რომელიც 13%-ზე შეჩერდა.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც წინა მთავრობამ დეკემბერში საკამათო ბიუჯეტის დამტკიცება სცადა. ამას მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელსაც მხარი დაუჭირა მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა რუმენ რადევმა და თანამდებობიდან გადადგა.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ რუდევმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და პირობა დადო, რომ ააშენებს „ძლიერ ბულგარეთს ძლიერ ევროპაში“.
„ის, რაც ევროპას ახლა სჭირდება, არის კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული ქმედებები და კარგი შედეგები, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესაქმნელად და სამრეწველო ძლიერებისა და კონკურენტუნარიანობის აღსადგენად. ეს იქნება ბულგარეთის მთავარი წვლილი ევროპულ მისიაში“, – თქვა მან.
62 წლის რუმენ რადევმა ბრიუსელში ეჭვები თავისი მტკიცე პრორუსული შეხედულებებით გააჩინა – ის უკრაინის საკითხზე მოსკოვის ნარატივს იმეორებს და მიანიშნებს, რომ რუსული ენერგორესურსების იმპორტი სურს. მან ასევე გააკრიტიკა ბულგარეთის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება ევროზონაში გაწევრების შესახებ და განაცხადა, რომ ევროპა „კულტურულად დეპერსონალიზებულია“ და „დემოგრაფიულად იშლება“. გარდა ამისა, ბულგარეთი შეუერთდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკამათო „მშვიდობის საბჭოს“.
წინასაარჩევნოდ რუდევმა აქცენტი ძირითადად საშინაო პოლიტიკაზე გააკეთა.
- იგი ამომრჩეველს დაჰპირდა:
- კორუფციასთან ბრძოლას;
- სტაბილური მმართველობის აღდგენას მრავალწლიანი სუსტი და ადვილად დაშლადი კოალიციების შემდეგ.
BBC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი გამარჯვება ბულგარული სტანდარტებით შთამბეჭდავია, „პროგრესულ ბულგარეთს“ მაინც არ აქვს საკმარისად ბევრი მანდატი ერთპიროვნული მმართველობისთვის. კვირა საღამოს გამოსვლისას რადევმა აღნიშნა, რომ ეძებს პარტნიორებს კოალიციისთვის.