ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა.
„მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია – საქართველოსთვის“ დააკლდა – 34 ხმა. გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.
აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც, არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი.
დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს. ამასთან შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის, საერთო ჯამში 201 საარჩევნო უბნის მონაცემები”, – აცხადებს ცესკო.
დეტალური მონაცემები საარჩვენო ოლქების მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა (58 საარჩევნო უბანი) იხილეთ ბმულზე.