ცესკოსთან აქციის დაშლის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

პუბლიკა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ სასწრაფოს ბრიგადებმა გუშინ 10 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში. მათივე ინფორმაციით, გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულებიდან ამ დროისთვის მხოლოდ 1 პაციენტი რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.

საავადმყოფოების წარმომადგენლების  განცხადებების მიხედვით კი, ცესკოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

„ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორმა დაზიანება თვალის არეში მიიღო.  „ფორმულას“ ჟურნალისტ ანა ბარათაშვილს, ტელეკომპანიის ინფორმაციით, წყლის ჭავლი მაშინ მოხვდა, როცა მედიის სამუშაო სატვირთო მანქანაზე იდგა. აქციის მსვლელობისას შეუძლოდ გახდა ამავე არხის ოპერატორი. ჟურნალისტების თქმით, ის წყლის ჭავლით დასველდა და მოგვიანებით, გონება დაკარგა.

დაშავებულებს შორის არიან „სირცხვილიას“ აქტივისტები. ანა კუჭავა ყვება, რომ ჭავლმა ძირს დააგდო. მან ხელი დაიზიანა.

ექიმების მიერ მედიასთან გაკეთებული კომენტარებით ირკვევა, რომ დაშავებულებს შორის 15-მდე სამართალდამცველია.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმის განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილია 11 ექიმი და 3 სამოქალაქო პირი, მათ შორის, „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი პავლე ხაჩიძე, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა;

„აქციიდან შემოვიდა 14 დაზარალებული, მათგან 11 სამართალდამცავი და 3 სამოქალაქო პირი.

სამართალდამცველებიდან 2-ს ჰქონდა ტვინის შერყევა, ისინი გააგრძელებენ მკურნალობას სტაციონარულად.

3 სამოქალაქო პირიდან მამაკაცი 26 წლის, თვალის ზედაპირული ტრავმით; ქალბატონი, 25 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა სახის მიადმოში ზედაპირული ჭრილობა. დამუშავდა ყბა-სახის ქირურგის მიერ; სტაციონარში რჩება მამაკაცი, 21 წლის, რომელსაც აღენიშნებოდა თვალსი ტრავმული დაზიანება. მას ჩაუტარდა ჭრილობის რევიზია, ჰქონდა თვალის ლორწოვანის ჭრილობა, გაიკერა და რჩება სტაციონარში“, – აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი.

ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ სასწრაფომ 7 პაციენტი შეიყვანა, მათგან ორს ჩაუტარდა მცირე ოპერაცია. ამ დროისთვის 7-ვე სახლშია გაწერილი.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ სულ შემოყვანილია 7 პაციენტი. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კონტაქტურები, ადეკვატურები. 4-ს აღენიშნებოდა სხეულის ზედაპირული დაზიანება, მათგან 2-ს დასჭირდა თხემის არეში მცირე ზომის ჭრილობის გაკერვა, ერთი იყო პოლიციელი, მეორე – აქციის მონაწილე. ბოლო, მე-7 პაციენტი რამდენიმე წუთია, გაეწერა კლინიკიდან“, – განაცხადა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა.


ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.

8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.