ცესკოსთან ოპოზიციონერები და აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

პუბლიკა

ცესკოსთან ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე არჩევნების წინასწარი შედეგები დათვლილი 1085 უბნის მიხედვით გამოაცხადა.

„ამ ქვეყანაში რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ღამის 4-ის ნახევარზე ჟვანია გვიცხადებს, ბიძინა ივანიშვილს 60%-იანი მხარდაჭერა აქვსო, როცა 2016 წელს 47% აიღო“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი.

ადგილზე მობილიზებულია ათობით სამართალდამცველი და ისინი აქტივისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე არ უშვებენ.

„ადმინისტრაციულ შენობასთან მოვედი მარტივი მიზეზის გამო, ქალბატონი ჟვანია რომ ქურდობს და უნდა რომ ის გამოაცხადოს რაც „ქართული ოცნების“ შტაბში დაიწერა, მაგის გასაპროტესტებლად მოვედით. მშვიდად, წყნარად, არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომ გავაპროტესტოთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის კონსულტაცია გლდანში, ნიკა მელიას შტაბში მიმდინარეობს და მოქმედებაც კოორდინირებული იქნება.


„მოვუწოდებთ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მობრძანდნენ აქ და მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო წინასწარ შედეგებს. ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები და მერე ონლაინ ხდება საბოლოო წინასწარი შედეგების ჩამოყალიბება“, – განმარტა დღევანდელ ბრიფინგზე თამარ ჟვანიამ.