ჩემ მიმართაც ყოფილა მუქარები, თუ რამე დამემართება მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ მუქარის ავტორების ბრალია - ჯაღმაიძე გაბუნიაზე

გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე დასმულ კითხვას, აქვს თუ არა რუსეთს აშკარა კავშირი საქმესთან, საპატრიარქოს პრესსპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს, რომ მისი კომპეტენცია მსგავსი სიტუაციების შეფასება არ არის.

„ტვ პირველთან” ინტერვიუში ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მიუხედავად არაერთი საჯარო მუქარისა, მკაფიო არ არის, დგას თუ არა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რაზმან კადიროვი და ვლადიმერ პუტინი გაბუნიას მკვლელობის მომზადების ორგანიზების უკან.

„იმისათვის, რომ შეფასებები გაკეთდეს, გამოძიების უტყუარი დასკვნები უნდა დაიდოს, ალბათ. ისე ნაჩქარევი იქნება. რა ჩემი კომპეტენცია არის ამბებზე დასკვნების გაკეთება, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემ მიმართ ყოფილა მუქარები, დევს ეს ღია სივრცეშიც და მე თუ რამე დამემართება მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მოდიოდა ეს მუქარა მაინცდამაინც იმის ბრალია”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქავთარაძის ქუჩაზე პარასკევს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთს მოქალაქე 40 წლის მამაკაცი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

გვარამიას საპასუხოდ სუსმა განაცხადა, რომ ბრალდებული ვ.ბ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.