„ჩემი ინფორმაციით, პარტიიდან არავინ არსად წასვლას არ აპირებს“ - გოგორიშვილი

პუბლიკა

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს ვალდებულება, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადახედოს როგორც პარტიის სტრუქტურულ შემადგენლობას, ისე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას. გოგორიშვილის განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, „ევროპული საქართველოს“ წესების მიხედვით, ვალდებულება გვაქვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავხედოთ როგორც სტრუქტურულ წყობას პარტიის, ასევე პოლიტიკური საბჭოს პერსონალურ შემოადგენლობას. პირდაპირ წერია, რომ გამომდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან მოხდება გადახედვა, თუ ვინ იქნება პოლიტსაბჭოში და ვინ არ იქნება. თუმცა, ეს არ არის პერსონალიებთან დაკავშირებული, ეს დაკავშირებულია იმ კონკრეტულ შედეგებთან, რომელიც დაიდო ამა თუ იმ რაიონში და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები რაიონული ორგანიზაციების თავჯდომარეებთან დაკავშირებით“, – თქვა მან.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, პარტიიდან წავსლას არავინ აპირებს, ხოლო მეტი ინფორმაცია საზოგადობას რამდენიმე დღეში ეცოდინება, მას შემდეგ, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობა შეიკრიბება.

„რაც შეეხება კონკრეტულ პერსონალიებს და კონკრეტულად ლიდერების საკითხებს, მინდა გითხრათ, რომ, ჩემი ინფორმაციით, არავინ არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მე ველაპარაკე მათ, კონკრეტულად რა და როგორ, როგორ შეიცვლება, რა ახალი თანამდებობა იქნება ან არ იქნება, რამდენიმე დღეში გვექნება პოლიტსაბჭო და საზოგადოებისთვის ყველაფერი გახდება ცნობილი“. – განაცხადა გოგორიშვილმა.


გუშინ, 10 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ პარტია „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, საზოგადოების განწყობა არის მკაფიო, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე, სავარაუდოდ, პარტიას ტოვებდა.