ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია, მის განცხადებებზე მას ჰკითხეთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს – რატომ დაგვიანდა ქვეყენაში ვაცინაციის პროცესი წინასწართქმულ ვადებთან მიმართებით? სად იყო შეცდომა დაშვებული? აქვე გამყრელიძეს შეახსენეს მისი შვილის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ საჭირო იყო ვაქცინის მიღებისთვის მოლაპარაკებებში მინისტრები უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ.

„ჩემი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, გთხოვთ მისგან აიღოთ ინტერვიუ“, – უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გამყრელიძემ და განმარტა ის ძირითადი რეგულაციები, რომელთა დაცვითაც ქვეყანამ ვაქცინა უნდა მიიღოს. 

მისივე თქმით, ე.წ. დათმობის პოლიტიკაზე ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან მოლაპარაკებები პრემიერისა და მინისტრების დონეზე მიმდინარეობს.

„ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღეს იცრება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინით. ის ქვეყანები, რომლებზეც თქვენ მეუბნებით, 103 ქვეყანა, ჯერჯერობით იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაავტორიზებული ვაქცინებით. ისინი საკმაოდ მაღალი ხარისხის არის, ესენია ჩინური, ინდური და რუსული წარმოების და ა.შ.

რადგან საქართველოს აქვს შესაბამისი რეგულაცია, რომ ჩვენ ვაქცინაციის პროგრამით, ქვეყანაში გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ჩვენ ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ ვაქცინაცია დაიწყოს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაცინით…

მთავარი სამი ქვეყნანა, სადაც 75-80% ვაქცინებია დღეს გამოყენებული, გახლავთ –  აშშ, მეორე ადგილზეა ჩინეთი, მესამე – დიდი ბრიტანეთი, მოსდევს თურქეთი, ისრაელი, და ა.შ.

ისეთი ძლიერი ევროპული ქვეყნები და არამხოლოდ, ჩვენზე ბევრად მდიდარი და ძლიერი, მაგლითად, შვეიცარია, ნორვეგია, ფინეთი, მათ ჯერჯერობით ადმინისტრირებული აქვთ და მთლიანად ევროკავშირს ავტორიზირებული აქვს სულ დაახლოებით 28-29 მილიონი ვაქცინა, თითოეულ ამ ქვეყანას კი აქვთ სულ ათასობით.

ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ამ საკითხს ნუ გაუწევთ ასეთ აჟიტირებას, ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. ჩვენ მაქიმალურად ვეცდებით, რომ ყველა ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს იყოს ავტორიზებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს არის ხარისხის თამასა, ასევე მე გითხარით, რომ გვიან გაზაფხულზე და ადრეულ ზაფხულზე რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა მიიღებს ჯანმოს ავტორიზაციას, რომელზედაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.