ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი | რულოვსი სააკაშვილის „ახალ ოჯახზე“

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე და პოლიტიკოსი, სანდრა რულოვსი განცხადებას ავრცელებს.

ის წერს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო პარასკევს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი „ახალი ოჯახის“ შესახებ საუბრობს.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, – წერს ის.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონე, ვის სახლშიც ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.