ჩვენ წალენჯიხას დავბრენდავთ - მამუკა ხაზარაძე

პუბლიკა

„ჩვენ უკვე ვამზადებთ რაღაცებს. ვიღაცას ჰგონია, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხი არსებობს და ორ თვეში შეგიძლია წალენჯიხის ეკონომიკა…

მაგრამ ჩვენ წალენჯიხას დავბრენდავთ, პირდაპირ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო. ისე, რომ ეს იქნება გამორჩეული ადგილი ნამდვილად, სადაც ინვესტორები ჩადებენ ფულს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „TV პირველის“ ეთერში იმის შესახებ, თუ რა გეგმები აქვს წალენჯიხაში, რომელიც ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია ოპოზიციონერი მერით.

პარტია „ლელოს“ ლიდერის თქმით, ის წალენჯიხის მერთან ერთად მუშაობს, რომ დაუკავშირდეს წალენჯიხიდან წასულ ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს. ხაზარაძის თქმით, ბევრი მოქალაქეა ისეთი, ვისაც დიდი ქონება აქვს წალენჯიხაში, მაგრამ სხვა ქვეყანაშია წასული და თუკი ისინი გააქტიურდებიან, რეგიონს დიდ სტიმულს მისცემენ.

„მე მინდა მივმართო იმ წალენჯიხელებს, ვინც 90-იან წლებში ან მერე უამრავი ქონება იყიდეს, ე.წ. დააძინეს და წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ. მივმართავ წალენჯიხელ მილიონერებს, დაახლოებით 60 მილიონერი ჰყავს წალენჯიხას, ვინც სხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. მივმართავ ბიზნესმენებს:

ეს ყველაფერი, დაძინებული უნდა გააცოცხლოთ. უნდა ჩამოხვიდეთ და ეს თქვენი მიწები, თქვენი ქონებები, გაჩერებული შენობები უნდა გააცოცხლოთ.

თუ ამას ერთობლივად შეუდგებით თქვენს მშობლიურ კუთხეს მისცემთ უზარმაზარ სტიმულს და არამარტო თქვენს მშობლიურ კუთხეს, მთელ საქართველოს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.