ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა - გიგი უგულავა

პუბლიკა

დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილების პარალელურად ნიკა მელიას მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და განცხადებები გააკეთეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განაცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ხელისუფლება აკონტროლებს სასამართლოს, რომელმაც ნიკა მელიას მიმართ არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა. ოპოზიცია და ხალხი კი, რომელშიც მისი თქმით, ახალი ეროვნული მოძრაობა იბადება, ამას არ შეურიგდება. უგულავას თქმით, ქართული საზოგადოება თავისუფლების მოყვარულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუპირისპირდება.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს „ჰედლაინად“ ჰქონდათ გამოტანილი – „მელიას დასასრული“. ეს არ არის მელიას დასასრული. მეგობრებო, ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრობა. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, იბადება დაპირისპირებაში, მაგრამ იბადება იმის გამო, რაც ამ ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული.

ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას. რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხია სიტყვები ფსალმუნიდან – ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა ვერეოდეთ მათ. მოვლენ და დავხვდებით, არც ნიკა და არც სხვა არც ერთი ჩვენთაგანი მათ არ დანებდება.

ჩვენ ვიქნებით მტკიცედ. ჩვენ გავუწევთ წინააღმდეგობას, მათ ხელშია სამართალი, ჩვენსკენ არის სამართლიანობის განცდა. ჩვენ ვერ შევდგებით სახელმწიფოდ, სანამ სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთსაა აცდენილი. მაგრამ სანამ სამართლი არის ერთი ადამიანის ხელში და სამართლიანობის განცდა არის ჩვენს მხარეს, მანამდე ვიხელმძღვანელებთ მხოლოდ სამართლიანობის განცდით და არ მივიღებთ მათ სამართალს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.