ცხინვალი: ბრიუსელი ცდილობს სირიაზე ზეწოლას, რათა გააუქმოს ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება

პუბლიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბრიუსელი ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს სირიის ხელისუფლებაზე, რათა ოფიციალურმა დამასკომ „გადახედოს თავის სუვერენულ გადაწყვეტილებას და გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება“.

18 ივლისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან, ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან, რათა გაუქმდეს ბაშარ ალ ასადის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც მხარდაჭერილია „უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

ბაშარ ალ ასადის ლიდერობით სირიამ აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა და მხარი დაუჭირა მოსკოვის არაერთ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი წერს:

„ევროკავშირის მხრიდან ასეთ რიტორიკას სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევად მივიჩნევთ. ევროკავშირი, რომელიც სიტყვიერად აღიარებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემის ერთგულებას, რეალურად ცდილობს, დამოუკიდებელ სირიას უკარნახოს, რომელი საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და რომელი გააუქმოს“, – ნათქვამია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.

ცხინვალმა ასევე აღნიშნა, რომ სირიის მიერ 2018 წელს სამხრეთ ოსეთის აღიარება იყო სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალი ნების გამოხატულება, რომელიც, მათი განცხადებით, ეფუძნებოდა ობიექტურ ისტორიულ რეალობასა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და არ ექვემდებარება გადახედვას გარე ძალების ზეწოლის ქვეშ“, – აცხადებს ცხინვალი.

მათივე თქმით, ბრიუსელის მცდელობები, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებით გადახედოს სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ რეალობას, „უპერსპექტივო და კონტრპროდუქტიულია“.

ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილოს იმ რეალურ მიზეზებზე, რომლებმაც, მათი განცხადებით, „რესპუბლიკის დამოუკიდებლობის“ აღიარება განაპირობა, კერძოდ, თბილისის „აგრესიულ პოლიტიკაზე, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ფიზიკური განადგურების ზღვარზე დააყენა“.

რუსეთმა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა, საქართველოში რუსეთის ომიდან რამდენიმე კვირაში.

ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოს სულ 5 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის რუსეთთან ერთად აარის სირია, ასევე ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.