თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყება – რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
მისივე თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული.
„თქვენ იცით, რომ რამდენჯერმე იყო გამოცხადებული ტენდერი, მაგრამ კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს და რამდენჯერმე ჩავარდა აღნიშნული ტენდერი, თუმცა უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს სამუშაოებს. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიული თვალსაზრისით, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება და აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და თანამედროვე, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა.
დედაქალაქის მთავარი გამზირი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთულია, სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ სივრცედ გარდაიქმნება.
სამუშაოები 23 ივლისს დაიწყება. ღამის 00:00 საათზე დავიწყებთ, რა დროიდანაც რუსთაველის გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციებია“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძე ამბობს, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, ასევე საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
მისივე თქმით, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედსისტემებით.
კალაძე მაბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს. მისივე თქმით, მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.