ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა

პუბლიკა

ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ბორჯომში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ქ.თ.-ს ძაღლი გადააგდო, რის შედეგად ცხოველმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო“, – წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა პირი 8 აპრილს დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია) წარედგინა.

10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ბრალდებულ ა.ს.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა – ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, რასაც პროკურატურა გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადაში და წესით.

ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile